18 აგვისტოს, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში

განაცხადა, რომ „უბლოკო სტატუსი, ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებასა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის საკითხში“.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების შეფასებას შეეცადა. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ავითარებს   მოსაზრებას, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან დასავლურ სამხედრო ბლოკში ჩვენი გაწევრიანებისკენ სწრაფვით არის გამოწვეული.

1990-

იანი წლების დასაწყისში, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ალიანსში გაწევრიანება არ წარმოადგენდა.

საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შევუერთდით. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს 1999 წლიდან საქართველოს ნატო-ს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“ ჩართვა, რამაც ჩვენ მოგვცა პირველი პრაქტიკული ინსტრუმენტი ჩვენი სამხედრო ძალების მართვის სისტემის რეფორმირებისთვის. თუმცა, საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი პირველად მხოლოდ 2002 წელს, ნატოს პრაღის სამიტზე დააფიქსირა. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ დროიდან იწყება.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ჯერ კიდევ 1991-1992 წლებში, ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში კონფლიქტების გაჩაღებისთანავე დაიწყო. ამ კონფლიქტებში მოსკოვმა სეპარატისტებს აქტიური მხარდაჭერა გაუწია და იმავეს აგრძელებდა შემდგომში, როდესაც ამ რეგიონებში „სამშვიდობო“ ოპერაციის განხორციელება დაიწყო. 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგები საქართველოსთვის მძიმე აღმოჩნდა -  20 ათასიდან 30 ათასამდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა, ხოლო 250 ათასზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან დევნილად იქცა.

ორივე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ 1993 წელს მაინც გადაწყვიტა რუსეთის მიერ მართულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ (დსთ) გაწევრიანება, ხოლო მოგვიანებით „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ შეერთება. ორივე ორგანიზაცია მოსკოვის ინტერესების გატარებისათვის იყო შექმნილი, ხოლო ჩვენი გაწევრიანების მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება გახლდათ.

ამის მიუხედავად, 2000 წელს რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. 2000-2002 წლებში კი, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტერიტორია არაერთხელ დაბომბა.

საქართველო 2002 წლამდე „უბლოკო სტატუსის“ ქვეყანა  იყო  (ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გაცხადებული არ გვქონდა) და მისი საგარეო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან შესაბამისობაში მოდიოდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, საქართველოს არ ჰქონდა „გარღვევა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და არც ეკონომიკის განვითარების საშუალება მიეცა. პირიქით, მოსკოვი საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის შემლახავი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობდა.

რაც შეეხება სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა მაგალითებს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, უბლოკო სტატუსი უკრაინამ შემოიღო, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა 2010 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ კანონპროექტი  დაამტკიცა. უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, უკრაინა უარს ამბობდა რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე, რაც ნატო-ში მის ინტეგრაციას გამორიცხავდა. თუმცა, უკრაინაში 2014 წელს მომხდარი რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში  - ყირიმის ანექსიამ და ქვეყნის აღმოსავლეთში ომის გაჩაღებამ, ცხადყო, რომ მოსკოვის ინტერესების განხორციელების გზაზე, უბლოკო სტატუსი შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.

პოსტსაბჭოთა სივრციდან საუკეთესო მაგალითი მოლდოვაა, სადაც კონსტიტუციის დონეზეა აღნიშნული, რომ მოლდოვა უბლოკო სტატუსის მქონე სახელმწიფოა. თუმცა, რეალობასა და პრაქტიკაში, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ინსპირირებული კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში არ მოგვარებულა და მოლდოვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ ახერხებს.

დასკვნა

ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრეცედენტები გვიჩვენებს, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გზაზე, მეზობელი სახელმწიფოების უბლოკო სტატუსი  შემაკავაბელი ფაქტორი არ არის. საქართველოს 1993-2002 წლებში დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გაცხადებული გეგმა არ ჰქონდა, მეტიც, ის ყველა იმ ორგანიზაციის  წევრი იყო, სადაც დომინანტური პოზიცია მოსკოვს ეჭირა. თუმცა, ამ პერიოდში რაიმე პროგრესი კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული რეჟიმების მხრიდან წინააღმდეგობის მიზეზით, არ ყოფილა.

მოლდოვას მაგალითი აჩვენებს, რომ სამართლებრივ დონეზე, უბლოკო სტატუსის განცხადებას სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რეალური შედეგი არ მოაქვს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ნინო ბურჯანაძე საკუთარ განცხადებაში არცერთ საერთაშორისო პრეცედენტს არ ეყრდნობა და საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას, რუსეთთან ურთიერთობისა და უბლოკო სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბურჯანაძის განცხადება მხოლოდ მომავლის მისეულ ხედვას წარმოადგენს, ფაქტ-მეტრი მის მოსაზრებას  ვერდიქტის გარეშე ტოვებს. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის პოზიციას ისტორიულ გამოცდილებასა და პრეცედენტებზე დამყარებული რაციონალური დასაბუთება არ გააჩნია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი