9 აგვისტოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა,

 რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ღვინის ექსპორტის ზრდა გრძელდება და შვიდი თვის მონაცემებით 24 მლნ ბოთლია გაყიდული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 42%-ით მეტია.

ფაქტ-მეტრი ღვინის ექსპორტის დინამიკით დაინტერესდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 23 932 067 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42%-ით აღემატება. შვიდი თვის განმავლობაში ექსპორტირებულია 55.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია. ღვინის ექსპორტის მონაცემები

ჩვენ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობითაც გადავამოწმეთ და ის სრულად ემთხვევა ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს.

წელს ღვინის ექსპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია დიდ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდით. მაგალითად, ჩინეთში ექსპორტი 152%-ით გაიზარდა (2 475 577 ბოთლი), ბელარუსში 122%-ით (575 166 ბოთლი), უკრაინაში 72%-ით (2 595 947 ბოთლი), ხოლო რუსეთში ზრდამ 50% შეადგინა და 12 748 273 ბოთლი გაიყიდა.

გრაფიკი 1: 

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები

image001 წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

2016 წელს ღვინის ექსპორტის ზრდა იმანაც განაპირობა, რომ 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტი განახევრდა. ღვინის ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში, რუსეთსა და უკრაინაში, არსებული ეკონომიკური კრიზისი სერიოზულად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიშში

ვკითხულობთ, რომ 2015 წელს რუსეთში ექსპორტი (გაყიდული ბოთლების რაოდენობის მიხედვით) 51%-ით, უკრაინაში კი 56%-ით შემცრიდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია. თუ ექსპორტს აშშ დოლარში დავიანგარიშებთ ვნახავთ, რომ 2015 წელს ექსპორტი დაახლოებით 85 მლნ დოლარით შემცირდა, რაც, ფაქტობრივად, ექსპორტის განახევრებაა.

გრაფიკი 2:

 ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი

image002  წყარო: საქსტატი; ღვინის ეროვნული სააგენტო

2016

წლის იანვარ-ივლისში დაფიქსირებული 16%-იანი ზრდის მიუხედავად, 2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით ღვინის ექსპორტი 44%-ით არის შემცირებული. 2014 წლის იანვარ-ივლისში თითქმის 100 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

დასკვნა 2016

წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან 24 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 42%-ით მეტია. დოლარში დაანგარიშებით, ექსპორტი 7.3 მლნ-ით არის გაზრდილი, თუმცა ეს მეტწილად 2015 წელს ექსპორტის მკვეთრი კლებითაა გამოწვეული. 2014 წელთნ შედარებით, 2016 წელს ექსპორტი 44%-ით ნაკლებია.

ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებში, რუსეთსა და უკრაინაში, მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო იმის გარანტიაა, რომ წელს ექსპორტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2015 წელს იყო. ასევე, ძალიან დადებითი მოვლენაა ახალ ბაზრებზე ექსპორტის ზრდა, ჩინეთში 152%-ით გაზრდილ ექსპორტს მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, გიორგი სამანიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია