"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რობერტ კავთიაშვილმა, ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ ენერგეტიკის მინისტრმა სოფელ თელათგორის მოსახლეობა მოატყუა და გაზიფიცირების შესახებ მოლოდინები გაუცრუა. "უშუალოდ კალაძე შეპირდა სოფლის მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში დასრულდებოდა გაზიფიცირება, მაგრამ ერთი წელია, ეს მილები ნაძვის ხის სათამაშოებივითაა ჩამოკიდული და უფუნქციოდ არის დატოვებული" - განაცხადა

 კავთიაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2015

წლის 25 მაისს, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელათგორში  იმყოფებოდნენ და მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება აუწყეს.

მაშინ კალაძემ განაცხადა: "დაახლოებით 60 დღეში, 900 აბონენტს საშუალება ექნება, ბუნებრივი აირით ისარგებლოს". იმავე შინაარსის ინფორმაცია მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზეც

გავრცელდა. ენერგეტიკის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელათგორისა და ქვემო ხანდაკის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები განახორციელა. ოთხივე სოფლის გაზსადენის საპროექტო ჯამური სიგრძე 42 275 მეტრს შეადგენს, ხოლო აბონენტთა ჯამური რაოდენობა 945 გახლავთ, საიდანაც 382 თელათგორის მკვიდრია.

სოფელში ბუნებრივი აირის მომარაგებით მოსახლეობა დღემდე უკმაყოფილოა. მიმდინარე წლის 21 ივნისს სოფელ თელათგორის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და კახა კალაძეს  დაპირება შეახსენა. ადგილობრივების თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა მოსახლეობა მოატყუა.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრი "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" დაუკავშირდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ სოფელში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 ივნისს დასრულდა. მათი განმარტებით, ყველა დანარჩენი პროცედურა სახელმწიფოსა და "სოკარ-ჯორჯიას" პრეროგატივაა და ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანაც მათ უნდა უზრუნველყონ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტეს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროექტი სამინისტროს ჩაბარდა. ამ ეტაპზე ობიექტის კომპანია "სოკარისთვის" გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ქსელის "სოკარისთვის" სრულად გადაცემის შემდეგ კი, მოსახლეობას უკვე შეეძლება, რომ ბუნებრივი აირი ოჯახებში შეიყვანოს. ფაქტ-მეტრი "სოკარ-ჯორჯიასაც" დაუკავშირდა. კომპანიაში დანამდვილებით არ იციან, ქსელის კომპანიისთვის გადაცემის პროცედურა როდის დასრულდება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე სოფელ თელათგორის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ექნება. "ობიექტი ჩვენს კომპანიას ჯერ არ ჩაუბარებია, სწორედ ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი და როგორც კი ქსელს გადმოგვცემენ, მცირე ტექნიკური საკითხები იქნება შესამოწმებელი და სოფელს ბუნებრივი აირიც მიწოდება" - განაცხადა "სოკარ-ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა რუხაძემ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აბონენტებისთვის გაზის მიწოდების საკითხი ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში აღარ შედის. უწყება მხოლოდ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ქსელის აბონენტებამდე მიყვანაზეა პასუხისმგებელი. მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა უშუალოდ აბონენტსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ "სოკარ-ჯორჯია" მასზე დაკისრებულ ვალდებულებას (ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანას) დაარღვევს, აბონენტებს შეუძლიათ რეაგირებისთვის მარეგულირებელ კომისიას მიმართონ.

დასკვნა

ენერგეტიკის მინისტრი სოფელ თელათგორის მოსახლეობას ბუნებრივი აირით მომარაგებას 2015 წლის 25 ივლისიდან ჰპირდებოდა. ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის 9 ივნისს დასრულდა. მოცემული მომენტისთვის ობიექტის კომპანია "სოკარ-ჯორჯიასთვის" გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა სწორედ აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ მიეცემა, რაც საუკეთესო შემთხვევაში წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, რობერტ კავთიაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი