ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (ISIL), იგივე ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო (ISIS), ან „ისლამური სახელმწიფო“ (დაეში), 2014 წლის ივნისიდან ოფიციალურად წარმოადგენს თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს.

ისლამურ სახალიფოს ფესვები 2004 წელს ეყრება, როდესაც აბუ მუსაბ ალ-ზარქავის მეთაურობის ქვეშ მყოფი ჯიჰადისტური ჯგუფი უერთდება ალ-ქაიდას. 2006 წელს ყალიბდება ისლამური სახელმწიფო ერაყში (ISI). 2013 წელს ISI-ს გამოეყო ჯაბჰათ-ალ ნუსრას ფრონტი. განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის გახლდათ ის, რომ ისლამურ სახელმწიფოს სურდა სირიასა და ერაყში ტერიტორიის სრული კონტროლი, ხოლო ალ-ნუსრას ფრონტისა და მისი ლიდერის ჯოულანისთვის მისაღები იყო ტერიტორიისა და ძალაუფლების გადანაწილება სირიის მთავრობის ოპოზიციონერთა შორის. 2014 წლის 10 ივნისს ისლამური სახალიფო ერაყში იკავებს ქალაქ მოსულს და 2 კვირის შემდეგ აკეთებს განცხადებას „ხალიფატის“ შექმნის თაობაზე.

იდეოლოგიურად ისლამური სახალიფო ალ-ქაიდას ხედვებს იზიარებს და იმეორებს (ისლამური ხალიფატის კონსოლიდირება და ჩამოყალიბება). თუმცა ბინ ლადენისგან განსხვავებით, ამ მიზნისაკენ სწრაფვა უფრო მეტი სისასტიკითა და მსხვერპლით ხდება. გარდა ამისა, ისლამურ სახელმწიფოს სჯერა საკუთარი ექსკლუზიურობის, რომ მხოლოდ ის არის ერთადერთი, ჭეშმარიტი და ლეგიტიმური რელიგიური ავტორიტეტი ისლამურ სამყაროში.

აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია, შეიძლება ითქვას, „საუკეთესო მოსწავლეა“ ყველა სხვა აქამდე არსებული დიდი ორგანიზაციისა. მან კარგად გაიაზრა ალ-ქაიდას შეცდომები, აღკვეთა სტრუქტურული იერარქიის ქვემოდან მომდინარე ინიციატივები და ორგანიზაციის მართვა მკაცრად ვერტიკალური (ზემოდან ქვემოთ) გახადა. ის გახდა ლიდერი საკუთარი საქმიანობის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებაში. მისი ქსელი და აქტივობები ფარავს მთელ მსოფლიოს, დაწყებული კარიბის ზღვის აუზიდან, დამთავრებული ფილიპინებით. ალ-ქაიდასგან განსხვავებით, ის მეტ-ნაკლებად ეკონომიკურად დამოუკიდებელია, იყენებს მის ხელთ არსებული ტერიტორიების რესურსს, კრეფს გადასახადებს, ჩართულია ნარკოტრეფიკინგში და არ ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო დაფინანსებას.

ისლამური სახალიფოს სიძლიერისა და მისი რიგების შევსებას „ჯიჰადისტების“ ახალი თაობა უზრუნველყოფს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სამხედრო ეშელონების მაღალ პოსტებს იკავებენ სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყის ელიტური ოფიცრები და სამხედროები, რომელთაც აქვთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება სამხედრო სფეროში.

2 წლის განმავლობაში ისლამურმა სახალიფომ შეძლო, შეექმნა საკუთარი ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას აქვს 9 პროვინცია და 11-მდე ქვეჯგუფი, რომელთაგან ყველაზე აქტიური ბოკო-ჰარამია ნიგერიაში. მხოლოდ 2014 წელს ბოკო ჰარამის მსხვერპლთა რაოდენობამ ნიგერიაში 6,000 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო ტერიტორია, რომელსაც ის აკონტროლებდა, დაახლოებით საქართველოს ფართობის სიდიდისაა.

მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, აქტიური საერთაშორისო ძალისხმევის, ერაყის შეიარაღებული ძალებისა და ქურთების აქტიურობის შედეგად ისლამური სახალიფო სუსტდება. ის კარგავს გავლენასა და ტერიტორიებს ერაყსა და სირიაში. 2016 წლის 24 მარტს ქურთებმა დაიწყეს აქტიური შეტევა ISIS-ის მთავარ ქალაქ-ბასტიონ მოსულზე, რაც ხალიფატისთვის შეიძლება მომაკვდინებელი დარტყმაც აღმოჩნდეს.

იმ მიზნით, რომ ორგანიზაციამ შეინარჩუნოს ძლიერების სიმბოლიზმი საკუთარი თანამოაზრეების თვალში, ISIS-მა შეცვალა ტაქტიკა, ადგილზე გაააქტიურა მხარდამჭერები და ომი უფრო მეტად ტოტალური და დაქსაქსული გახადა (ეს მეთოდი გამოიყენა სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც, მათ შორის, ყველაზე წარმატებით ალ-კაიდამ). იმ მებრძოლებს, რომლებსაც სირიასა და ერაყში უხდებოდათ საბრძოლველად წასვლა ხალიფატის შექმნის იდეოლოგიით, დღეს იგივე საქმის გაკეთება საკუთარ ქვეყანაში, რეგიონსა და ქალაქში შეუძლიათ. შედეგად ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტზე იმატა ისლამური სახელმწიფოს სახელით განხორციელებულმა ტერორისტულმა შეტაკებებმა.

ყველაზე სისხლიანი ტერაქტები:

  • 2015 წლის მარტი, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე იემენში, დაიღუპა 142 ადამიანი;

  • 2015 წლის ივნისი, თავდასხმა ტურისტებზე ტუნისში, დაიღუპა 38 ადამიანი;

  • 2015 წლის ივლისი, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა შიიტების ბაზარზე ერაყში, დაიღუპა 130 ადამიანი;

  • 2015 წლის ოქტომბერი, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ანკარაში, დაიღუპა 102 ადამიანი;

  • 2015 წლის ნოემბერი, თავდასხმა პარიზზე, დაიღუპა 130 ადამიანი;

  • 2016 წლის ივლისი, ბაღდადის ერთ-ერთ უბანში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 330 ადამიანი;

  • 2016 წლის აგვისტო, პაკისტანის ქალაქ ქუეტაში თავდასხმა განხორციელდა საავადმყოფოზე, გარდაიცვალა 90 ადამიანზე მეტი.

ჯამში, 2 წლის განმავლობაში, მხოლოდ ისლამური სახალიფოს ქმედებებმა 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 7 000 ადამიანი დაშავდა.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი