2016 წლის 17 ივნისს ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა საკრებულოს ხუთი თანამშრომელი (კონკურსის წესით დანიშნული სამი და ორი შტატგარეშე) თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტი საკრებულოს წევრებმა უკანონობად შეაფასეს და თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვეს. თუმცა, იმავე დღის ბოლოს, სხვადასხვა მედიასაშუალებით, ილია მეტრეველმა კონსულტაციების შედეგად საკითხის დარეგულირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. "[ახალი სამუშაო დღიდან] ყველა მათგანი თავის ადგილზე დაბრუნდება და მუშაობას გააგრძელებენ" - განაცხადა

მან.

ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხში გარკვევას შეეცადა.

ქალაქ გორის საკრებულოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოს წევრებმა ყოფილ თავმჯდომარეს (პაპუნა კობერიძე) თანამდებობა იმპიჩმენტის წესით დაატოვებინეს, ხოლო მის ნაცვლად, 4 მარტს, ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, "ქართული პარტიის" წევრი ილია მეტრეველი აირჩიეს. ქალაქ გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე საკუთარი თანაგუნდელების დასაქმებას მალევე შეუდგა. თავდაპირველად, კონკურსის გარეშე, პირადი გადაწყვეტილებით, მან ჯერ თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად კახა ერგემლიძე დანიშნა (რომელიც ამ დრომდე კონკურსის გარეშე განაგრძობს საქმიანობას), შემდეგ კი, ირაკლი ოქრუაშვილი მრჩევლად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. მედეა მახარაშვილი, ანი პაპელიშვილი და სოფო ოთინაშვილი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებად 2014 წელს, საჯარო მოხელეთა ტესტირებისა და გასაუბრების გავლის შედეგად დაინიშნენ. ამ დროს საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ("ეროვნული ფორუმი") იყო. ილია მეტრეველმა კი, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საბაბით, ხსენებული სამი თანამშრომელი 2016 წლის 17 ივნისს გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მათი თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს ეწირება, რადგან მეტრეველისგან ამ დრომდე სიტყვიერი შენიშვნა და გაფრთხილებაც კი არ მიუღიათ (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). აღსანიშნავია, რომ ილია მეტრეველმა იმავე საღამოს თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ძალადაკარგულად გამოაცხადა. თუმცა, ეს თანამდებობებზე გათავისუფლებული თანამშრომლების ავტომატურ აღდგენას არ გულისხმობს. კერძოდ, "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის"

 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას არ იწვევს. შესაბამისად, სწორედ ძველ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემაა საჭირო.

საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი ბრძანება

კი გამოსცა, თუმცა, ამ ბრძანების თანახმად, გათავისუფლებული თანამშრომლები დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ და, შესაბამისად, შტატგარეშე თანამშრომლებს წარმოადგენენ. მათი ადგილები კი, საკრებულოს აპარატში ვაკანტურია, რაც ხელახალი კონკურსის ჩატარების აუცილებლობას გულისხმობს.

რაც შეეხება დარჩენილ ორ შტატგარეშე თანამშრომელს - გიორგი აფციაურს და ზაალ გუდაძეს (მისი გათავისუფლების საკითხი სამართლიანი არჩევნების ანგარიშშიც მოხვდა, სადაც წერია, რომ გუდაძე ლიმიტს[1]

გადაცილებულთა ნუსხაში ხელოვნურად აღმოჩნდა) საკრებულოს თავმჯდომარე 26 ივნისით დათარიღებულ წერილში წერს, რომ მათთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.

თუმცა, ამ ხელშეკრულებების არსებობა აღნიშნულ პირებს საქმიანობის გაგრძელების საშუალებას დღეს ვეღარ აძლევს, რადგან არსებობს 29 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გიორგი აფციაური ლიმიტს გადაცილებულ თანამშრომლად ითვლება და მისი საქმიანობა შეწყვეტას ექვემდებარება, ხოლო ზაალ გუდაძე 8 ივლისს ილია მეტრეველმა უკვე მეორედ გაათავისუფლა.

ილია მეტრეველი ამჟამად მედიის შეკითხვებს აღარ პასუხობს. მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნულმა, კონკურსგავლილმა თანამშრომლებმა კი, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. თუ სასამართლომ  მათი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, აღნიშნულ პირებს ხელახალი კონკურსის გავლა აღარ მოუწევთ.

  დასკვნა

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს ხუთი თანამშრომელი (სამი შტატით გათვალისწინებული და ორი შტატგარეშე) 16 ივნისს გაათავისუფლა, 17 ივნისს კი შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ თავისივე ბრძანებები ძალადაკარგულად გამოაცხადა და აღნიშნული პირები, მართალია იმავე პოზიციაზე, თუმცა მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლებად (შტატგარეშე თანამშრომლებად) დანიშნა.

ორი შტატგარეშე თანამშრომელი კი (გიორგი აფციაური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაალ გუდაძე კი ილია მეტრეველის 8 ივლისის ბრძანების შედეგად) საკრებულოში ოფიციალურად აღარ მუშაობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გათავისუფლებული ხუთი თანამშრომლიდან, უწინდელი სტატუსით საკრებულოში საქმიანობას ვერცერთი აგრძელებს. ამ ფონზე, საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი (სასამართლო გადაწყვეტილებით) უკვე ლიმიტში ჩასმულ უშტატო თანამშრომლად ითვლება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის განცხადება არის მცდარი.


[1] ადგილობრივ თვითმმართველობაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 156-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს, რომლის თანახმადაც, "მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა რაოდენობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს". გორის მუნიციპალიტეტში (მერიასა და საკრებულოში) კი, 125 საჯარო მოხელეა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი