"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით: "

საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს უკვე დაწყებული იყო პროგრამის შემუშავება, რაც გულისხმობდა, რომ ყველა გადარიცხვა უნდა ასახულიყო ქსელში. ამ შემთხვევაში, თანხის მოპარვა იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი. პირველი რაც გააკეთა "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა, ცაბუტაშვილმა და სხვებმა, ეს ელექტრონული სისტემა აღარ დანერგეს, ფული კი გადაიხადეს 80 ათასი, მაგრამ ამ სისტემის დანერგვა არ მოხდა".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ირმა ნადირაშვილთან საუბრისას გაირკვა, რომ მისი განცხადება "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი ბუღალტრის, თამარ ფხოველიშვილის განცხადებებს ეყრდნობა, რომელსაც 2015 წლის 9 ნოემბერს, კომპანიის კუთვნილი 2.5 მლნ ლარის გაფლანგვის გამო, 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ირმა ნადირაშვილმა "წყალმომარაგების კომპანიაში" თანხის დატაცება სავარაუდო კორუფციულ სქემას დაუკავშირა. დღეისთვის, დანაშაულისთვის სასჯელი მხოლოდ კომპანიის ბუღალტერს შეეფარდა, რომელიც თავის ჩვენებაში კომპანიის ყოფილი დირექტორის, არჩილ ცაბუტაშვილის ბრალეულობაზე საუბრობს, რომელსაც, მისივე თქმით, ამ საქმეში მფარველობას "ქართული ოცნების" ყოფილი გენერალური მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი უწევდა.

ფაქტ-მეტრმა ინფორმაციისთვის თამარ ფხოველიშვილს (რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის) მისი ადვოკატის მეშვეობით მიმართა.

მან დააზუსტა, რომ საუბარია  რესურსების მართვის პროგრამაზე (Enterprise Recourse Planning - ERP). მისივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წლის მაისში შპს "დელტა სისტემსთან" 85 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც პროგრამის დასანერგად კომპანიისთვის ფუნქციონალური მოთხოვნის დოკუმენტი უნდა დაწერილიყო. ამ უკანასკნელის მომზადების შემდეგ, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნებოდა და დაინერგებოდა პროგრამა, რაც კომპანიას მთლიანობაში 500 ათასი ლარი დაუჯდებოდა. თამარ ფხოველიშვილმა აღნიშნა, რომ არჩილ ცაბუტაშვილის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიამ რესურსების მართვის პროგრამის დანერგვაზე უარი თქვა და შედეგად, შპს "დელტა სისტემსის" მიერ მომზადებული ფუნქციონალური დოკუმენტი უსარგებლო გახდა. შესაბამისად, წყალმომარაგების კომპანიამ 85 ათასი ლარი იზარალა.

ჩვენ  შპს "დელტა სისტემსს" დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ ზემოაღნიშნული პროგრამა მართვის ერთიან სისტემას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაციის მართვის კომპლექსური ავტომატიზაცია ხდება. პროგრამა ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ონლაინ სერვისებთან და ანგარიშფაქტურების, ზედნადებების და დასადეკლარირებელი ინფორმაციის ავტომატურ ატვირთვას გულისხმობს.

ფაქტ-მეტრმა "საქართველო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ოფიციალური წერილით მიმართა. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012

წლის 12 მაისს კომპანიამ შპს "დელტა სისტემსთან" ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანსაც საქართველოს წყალმომარაგების კომპანიისთვის სტრუქტურისა და ბიზნეს პროცესების განსაზღვრა და სისტემის მიმართ ფუნქციონალური დოკუმენტის შექმნა წარმოადგენდა. გაფორმებული ხელშეკრულება პროგრამულ უზრუნველყოფას და ელექტრონული სისტემის დანერგვას არ ითვალისწინებდა. მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 85 668 ლარით განისაზღვრა.

"

დელტა სისტემსთან" დადებული ხელშეკრულების შედეგად განხორციელდა წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურული და ბიზნეს პროცესების ანალიზი, შეიქმნა ფუნქციონალური მოთხოვნისა და გადაწყვეტილების აღწერის დოკუმენტები. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" განცხადებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ კომპანიაში რიგი ცვლილებები იყო განსახორციელებელი, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გადადება გამოიწვია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რესურსების მართვის პროგრამა (ERP) ფინანსურთან ერთად ბიზნეს პროცესების ერთიან სისტემაში მოქცევასაც გულისხმობს, რაც ეტაპობრივ განხორციელებას საჭიროებს. დღეისთვის, ცვლილებები განხორციელდა საკადრო, სატრანსპორტო და ფინანსურ ნაწილში, თუმცა კომპანიას რესურსების მართვის პროგრამა დღემდე არ დაუნერგავს - აღნიშნულია კომპანიის წერილში.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 2012 წლის 12 მაისს  ხელშეკრულება "საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა" და შპს "დელტა სისტემსს" შორის 85 668 ლარზე ნამდვილად დაიდო. კომპანიის მტკიცებით, ხელშეკრულება ფუნქციონალური დოკუმენტის მომზადებას და არა პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებდა. რესურსების მართვის პროგრამა, რომელზეც ირმა ნადირაშვილი საუბრობს, კომპანიაში დღემდე არ დანერგილა. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტრონული პროგრამის დანერგვა დროებით არის გადადებული, ხოლო ბოლო 4 წლის განმავლობაში კი, კომპანიაში მისი დანერგვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირმა ნადირაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი