ენგურის ხიდზე მუდმივად მოძრაობაა, თუმცა იქ მგზავრების განსაკუთრებით დიდ ნაკადს დილისა და საღამოს საათებში ნახავთ. ცხენი და საზიდარი ენგურის ხიდზე მოძრავი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა. ოთხთვალას მეპატრონეები დილიდან დაღამებამდე შეუსვენებლად მუშაობენ. სწორედ ამ ტრანსპორტის საშუალებით უადვილდება გადაადგილება ენგურის ხიდით მოსარგებლე მოსახლეობას, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაცია აქვთ, რომ პრობლემების გარეშე გადმოვიდნენ „საზღვარზე“. სხვებისთვის კი „საზღვრის“ გადაკვეთა მაღალი რისკის ფასად, მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

უნგურის მეორე მხარეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 35 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. შეძლებენ თუ არა ისინი 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას და მისცემენ თუ არა საოკუპაციო ძალები მათ „საზღვარზე“ გადასვლის უფლებას, ძნელი სათქმელია. თავად ადგილობრივებში კი არჩევნების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულებაა, რასაც რეპრესიების შიშიც ემატება და შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა, ენგურის მეორე ნაპირიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გადმოვიდეს.

„ფაქტ-მეტრი“ ენგურის ხიდთან გალის რეგიონის მცხოვრებლებს გაესაუბრა.

„2012 წლის არჩევნებში ჩვენი სოფლიდან (ნაბაკევი) ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სადაც მიწერა გვაქვს, თითქმის მთელი უბანი წავედით. მაშინ ჩვენთვის ხელი არავის შეუშლია, თუმცა ახლა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრს არ აქვს. ახალგაზრდები თავს იკავებენ, მე კი ასაკში ვარ და თუ ავადმყოფობამ ხელი არ შემიშალა, აუცილებლად წავალ“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში 71 წლის მერაბ გ.მ.

გალის დაბალი ზონის ერთ-ერთი სოფლის ყოფილმა რწმუნებულმა, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით გალის რეგიონში დაახლოებით 35 ათასი ამომრჩეველი იმყოფება. მისი თქმით, ენგურის ხიდზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტითა და ე.წ. ფორმა #09-ით არის შესაძლებელი გადაადგილება. ამ საბუთების არქონის შემთხვევაში ენგურსგაღმა მცხოვრები ქართველები სარისკო შემოვლითი გზით სარგებლობენ.

„ჩვენთან სიტუაცია დღითი დღე უარესდება. შეიძლება აფხაზებმა და რუსებმა 8 ოქტომბერს ჩაკეტონ „საზღვარი“, მაგრამ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი – აქ ქართველები უკვე ნიჰილისტურად არიან განწყობილი. 23 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა, ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილისა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ჩვენი პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო“, – ამბობს იგი.

მისი თქმით, აფხაზები ენგურსგაღმა მცხოვრებ ქართველებს ეუბნებიან, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, აფხაზეთის ხელისუფლებას კი არ აქვს ორმაგი მოქალაქეობის კანონი მიღებული.

„აფხაზები გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ერთდროულად ვიყოთ საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეები. ამიტომაც გვეშინია, რომ არ შემოგვედავონ. რატომ უნდა ავიტკივოთ აუტკივარი თავი?! შემოვლითი გზით სარგებლობას ის ნაწილი აპირებს, რომლებიც თავგადაკლული „ოცნებისტები“ და „ნაციონალები“ არიან, აქ სხვა პარტიებზე არც საუბრობენ. ასევე, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს რუსების „ეფესბეს“ ჯარი, ახლა „საზღვარი“ მთლიანად ჩაკეტილია“, ამბობს ყოფილი რწმუნებული.

მისივე თქმით, დღეს აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა საკუთარ უსაფრთხოებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობას:

„ის შემოვლითი გზებიც უკვე 90%-ით კონტროლდება. ახლა რუსებმა და აფხაზებმა ძალიან კარგად იციან ქართველების განწყობა არჩევნების მიმართ. მათ იციან, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და შესაძლებელია, ხელი არც კი შეუშალონ“, – გვითხრა ყოფილმა რწმუნებულმა.

განმუხურის გადასასვლელთანაც იგივე სურათი დაგვხვდა, გამოკითხულთა უმრავლესობა კომენტარისგან თავს იკავებდა.

„როცა ყველაზე მთავარი – თავისუფლება გაქვს შეზღუდული, ასეთ დროს არჩევნებში მონაწილეობა და რისკზე წასვლა ნაკლებად გაინტერესებს. აქ სურათი ყოველ წელიწადს იცვლება და კიდევ უფრო უარესდება და მძიმდება“, – გვითხრა 27 წლის ელზა თ.-მ.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის ალეკო ჩიკვაიძის განცხადებით, თუ აფხაზურმა ადმინისტრაციამ ქართველებს არჩევნების დღეს პრობლემა არ შეუქმნა, ისინი ენგურის მეორე მხარეს გადმოსვლას შეძლებენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ნაწილი რამდენიმე დღით ადრე გადმოვა. ჩვენ მვუშაობთ, რომ ამჟამად შეფერხებები არ შეექმნათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 2008 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და უფრო გამკაცრდა. ახლა წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, შეიძლება დამატებითი რეგულაციები შემოიღონ და ენგურის ხიდზე საბუთიანი მოქალაქეებიც არ გამოატარონ“, – ამბობს ჩიკვაიძე.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილის ნანა ოყუჯავას, განმარტებით, გარდა ერთიანი სამაგიდო სიისა, არანაირი დამატებითი სიები არ არსებობს, სადაც დევნილთა და ამჟამად აფხაზეთში მცხოვრები ამომრჩევლის მონაცემებია შეყვანილი.

„აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ამ ტიპის ამომრჩეველი დევნილთა სამსახურშია დარეგისტრირებული. რამდენიმე წელია, ისინი როგორც ადგილობრივები, ისე მონაწილეობენ არჩევნებში. არასდროს მომხდარა ცალკე დათვლა, რამდენმა დევნილმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ მათი უმეტესობა საზღვარგარეთაა წასული და აქედან გამომდინარე, რთულია იმის დადგენა, რამდენი გადმოვიდა აფხაზეთიდან, ან რამდენმა აქ მცხოვრებმა დევნილმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ყველანი ერთიან სიაში არიან. იმ დევნილს, რომელიც საარჩევნო უბანზე მიდის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დევნილის მოწმობა, მარტო პირადობის მოწმობით უკან გავაბრუნებთ, როგორც კოდექსში გვიწერია, ორივე ერთად არის ძალაში“, – ამბობს ნანა ოყუჯავა.

ენგურის ხიდზე ერთ-ერთმა ქალბატონმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მის ე.წ. საშვს, რომელიც ფასიანია და დაახლოებით 50 ლარი ღირს, ვადა გასდის და ვადის გაგრძელებაზე აფხაზები უარს ეუბნებიან. მისი თქმით, არჩევნების პერიოდში მას შემოვლითი გზით მოუწევს გადმოსვლა.

რა ხერხებითა და გზებით აპირებს გადმოსვლას, მისივე და ათასობით ქართველის უსაფრთხოების მიზნით, არ დავაკონკრეტებთ, თუმცა ის, სხვებთან ერთად, ამ რთული და სახიფათო გზით დიდი ხანია, სარგებლობს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი