საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გორში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენისას,

იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შიდა ქართლში განხორციელდა. ამ თემაზე საუბრისას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, 17 ამბულატორია ააშენა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის

თანახმად, 2014 წლის სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის აშენება იყო დაგეგმილი, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 2.4 მილიონი ლარი  გამოყო. გეგმის მიხედვით, ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებდა.

მოგვიანებით, იმავე სამინისტროს ვებგვერდზე, იმ 81 სოფლის ჩამონათვალი

გამოქვეყნდა, სადაც ამბულატორიების აშენება-გახსნა იგეგმებოდა. ჩამოთვლილი სოფლებიდან 21 შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ამბულატორიების მშენებლობა 2014 წლის სექტემბრის შემდეგ გაგრძელდა. ადმინისტრაციისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, "2013-2015 წლებში შიდა ქართლის რეგიონში 29 ახალი ამბულატორია გაიხსნა, მათგან 17 - ადმინისტრაციული საზღვრის პირას მდებარე სოფლებში" (ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ქორდი, წითელუბანი, ერგნეთი, ქერე, კირბალი, ახრისი, თვაურები, ავლევი, კოდა, ბრეძა, ატოცი, კნოლევი, თამარაშენი, ჩორჩანა).

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2015 წლებში შიდა ქართლში 22 ამბულატორია აშენდა, მათგან 18 საოკუაპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. სამინისტროსგან მიღებულ დოკუმენტის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გარდა, ამბულატორია აშენდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეშიც, რომელიც ასევე კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მოიაზრება.

დასკვნა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013-2015 წლებში კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში აშენებული ამბულატორიების რაოდენობა 18-ს, შიდა ქართლის გუბერნიის ინფორმაციით კი 17-ს შეადგენს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი