7 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მაუწყებლის მიერ სამ კერძო ტელევიზიასთან – „იმედთან“, „მაესტროსთან“ და „GDS“ -თან ერთად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩატარების საკითხი გადაწყდა.

საუბარია ერთობლივ ეგზიტპოლზე, რომელსაც ტელეკომპანიები კომპანია TNS-ს დაუკვეთენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, ველზე სამუშაოებს კომპანია „გორბი“ ჩაატარებს.

საინტერესოა, რომ ეგზიტპოლის ჩასატარებლად 950 ათასამდე ამერიკული დოლარია საჭირო, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ მომსახურებაში სხვა არხებთან შედარებით მცირე თანხას, კონკრეტულად 200 ათას ლარს გადაიხდის, თანხის დარჩენილი ნაწილი კი, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, „იმედს“, „მაესტროსა“ და „GDS“-ს შორის თანაბრად გადანაწილდება.

სამეურვეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს კომპანიებთან დეკემბრის შემდეგ აწარმოებდა, სამეურვეო საბჭომ კი მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მხოლოდ ბოლო პერიოდში შეიტყო და გადაწყვეტილების მიღებაც მოკლე დროში მოუწია.

სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება ერთსულოვნად ვერ მიიღო, საბჭოს ორმა წევრმა, სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს, სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირინა ფუტკარაძემ კი კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ, ასევე, მარინა მუსხელიშვილმა, გიორგი კოხრეიძემ და ირაკლი პაპავამ.

„ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური, კომერციული ზეგავლენისგან თავისუფლება არის კანონის მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებელის წინაშე.

როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო კომპანიებთან შედის ალიანსში, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ დგება, განსაკუთრებით, დღევანდელ ქართულ მედიალანდშაფტს თუ გავითვალისწინებთ. ვიცით, რომ, მსხვილი ეროვნული ტელევიზიები იყოფა ორ ბანაკად – ოპოზიციურად და პროსახელისუფლებოდ. ის სამი ტელევიზია, რომელთანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გაერთიანდა, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პროსახელისუფლებოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი ტელევიზია – „GDS“ ეკუთვნის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ახლანდელი სამთავრობო პარტიის დამფუძნებელს.

ასე რომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ კონსორციუმში გაერთიანებით გამოდის მხარე, ვეღარ იქნება ნეიტრალური და ვერ შეასრულებს ნეიტრალური დამკვირვებლისა თუ გამშუქებლის როლს.

შემსრულებელი საერთაშორისო კონსორციუმი TNS-ია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საველე სამუშაოებს ადგილობრივი კომპანიები ატარებენ და ჩემი ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ მათ მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებისგან“, – განაცხადა ტელეკომპანია „ტაბულასთან“ საუბარში ქეთევან მსხილაძემ.

მისივე თქმით, ეგზიტპოლის დაფინანსებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მცირე წილის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულად დავალდებულებული გამოდის დანარჩენი ტელეკომპანიების წინაშე და სწორედ ეს ითვლება კომერციულ ზეწოლად. მსხილაძე მიიჩნევს, რომ ამის გამო საზმაუწყებელი დამოუკიდებელი ვერ იქნება.

ეგზიტპოლის თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სულხან სალაძემაც, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას.

„ჩემთვის, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრისთვის, მიუღებელია ეგზიტპოლის ჩატარება რომელიმე კერძო მაუწყებელთან ერთად. ამ შემთხვევაში საუბარი იყო „GDS“-ზე, „მაესტროსა“ და „იმედზე“, თუმცა ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ მხარს დავუჭერ სხვა კერძო მაუწყებლებთან ერთად ჩატარებას. იგივე შემიძლია ვთქვა „რუსთავი 2“-თან, „ტაბულასთან“, „ობიექტივთან“, „კავკასიასთან“ ერთად ეგზიტპოლის ჩატარებაზე.

მეორე საკითხი ჩემთვის იყო ის, რომ რეალურად ვფიქრობ, რომ ამ ფორმით და ამ ფორმატით ეგზიტპოლში მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და იმიჯს არ შესძენს დადებით ელემენტებს. პირიქით, ეს უფრო სერიოზული გამოწვევაა ამ ნაწილში, ვიდრე ის, რომ დადებით განწყობებს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა სალაძემ „ტაბულასთან“ საუბარში და განმარტა, რომ მისთვის ამ მომენტამდე გაუგებარია ტელეკომპანიებს შორის თანხის გადანაწილების პრინციპიც და კერძო ტელეკომპანიების მოტივაცია, გადაიხადონ კვლევაში იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორიც.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ერთობლივად შემუშავებულ მიმართვაში ორგანიზაციები მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გადახედვისა და ისეთი პროექტების განხორციელებისგან თავის შეკავებას მოუწოდებენ, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს:

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. მიუღებელია მათი განცხადება, რომ ეგზიტპოლების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ კვლევით ორგანიზაციას და არა უშუალოდ მაუწყებელს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეგზიტპოლის ჩატარებას რისკები ახლავს, რაც სამეურვეო საბჭოს არ გაუთვალისწინებია – ეს შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საზოგადოების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასაშუალების აღქმაზე:

„როგორც წესი, არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიები ეგზიტპოლების შედეგებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ. მაშინ, როცა მაუწყებელი წლებია, ცდილობს სახელისუფლებო არხის სტატუსისგან გათავისუფლებას და საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ბუნდოვანია ასეთი სარისკო გადაწყვეტილების არგუმენტაცია .

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2012 წლის ეგზიტპოლის ჩატარების „არასახარბიელო გამოცდილებაზეც“ საუბრობენ, როდესაც მაუწყებლის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისა და არჩევნების შედეგებში თითქმის 20%-იანი ცდომილება აღმოჩნდა.

„გაურკვეველია, რა პრევენციული მექანიზმები აქვს მაუწყებელს, გარდა ნდობისა კონკრეტული კვლევითი კომპანიის მიმართ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს. ამასთანავე, საველე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია გორბი, რომელსაც, მისივე წარმომადგენლის, მერაბ ფაჩულიას განცხადებით, 2003 წლის მერე საქართველოში ეგზიტპოლი აღარ ჩაუტარებია“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში.

ორგანიზაციები თანხის გადანაწილების პრინციპზეც საუბრობენ და იმ ფაქტსაც აღნიშნავენ, რომ მაუწყებლის ეგზიტპოლის შესახებ მენეჯმენტი მოლაპარაკებებს დეკემბრიდან აწარმოებდა, სამეურვეო საბჭოსთვის კი აღნიშნული საკითხი მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი.

„ფაქტ-მეტრი“ ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, კითხვები, რატომ გადაწყვიტა მაუწყებელმა ეგზიტპოლის სამ კერძო ტელეკომპანიასთან ერთად ჩატარება, რა ინტერესი აქვთ კომერციულ ტელეკომპანიებს, იმაზე ბევრად მეტი გადაიხადონ ეგზიტპოლში, ვიდრე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რატომ გახდა აღნიშნული საკითხი ცნობილი სამეურვეო საბჭოსთვის მხოლოდ ბოლო პერიოდში, მაშინ, როდესაც არხის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს დეკემბრიდან აწარმოებდა, რატომ ატარებს საველე სამუშაოებს კომპანია „გორბი“, რომელსაც, მისივე წარმომადგენლის განცხადებით, 2003 წლის შემდეგ საქართველოში ეგზიტპოლი აღარ ჩაუტარებია, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

„ფაქტ-მეტრი“ მოვლენების განვითარებას აკვირდება და არხის მენეჯმენტის მხრიდან განმარტებების გაკეთების შემთხვევაში მათ პოზიციას გაგაცნობთ.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია