ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები და განათლების უკვე ყოფილი მინისტრის გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა გახდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორის თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი კონკურსი 9 სექტემბერს გამოაცხადა. რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 14 სექტემბერს დასრულდა.

უნივერსიტეტის რექტორობის მსურველი სულ სამი კანდიდატი აღმოჩნდა. ესენია - თსუ ყოფილი პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სრული პროფესორი ცირა ბარამიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე. აპლიკანტებიდან კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 23 სექტემბერს დაასახელებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რექტორობის მსურველთა ჩამონათვალში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძეცაა. იგი დაკავებული თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის 9 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა. განათლების სამინისტროში შარვაშიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად, მისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში მონაწილეობა დაასახელეს.

მინისტრის ყოფილი მოადგილის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა სტუდენტების მხრიდან პროტესტის საფუძველი გახდა. „აუდიტორია 115“ მიიჩნევს, რომ ის ე.წ. სამთავრობო კადრია, რომელიც უნივერსიტეტში გარკვეული მიზნების შესასრულებლად არის გამოგზავნილი. ისინი აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლაზეც მიუთითებენ.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის არჩევნებში მონაწილეობას უნივერსიტეტის თვითმმართველობაშიც მიუღებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი უშუალოდ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან უნდა შეირჩეს.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი ამირან ბერძენიშვილი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ თვისთავად რექტორის არჩევნებში მონაწილეობა ყველას შეუძლია და, ამ მხრივ, შეზღუდვები ვერ დაწესდება, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუკი რექტორობის კანდიდატი უშუალოდ უნივერსიტეტის შიგნით, აკადემიურ პერსონალში მოიძებნებოდა.

მისივე თქმით, უხერხულობას ქმნის არა თავად გიორგი შარვაშიძის პერსონა, არამედ ის ფაქტი, რომ ის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილეა.

რაც შეეხება აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ გამოვლენილ ზეწოლის ფაქტებს, ამირან ბერძენიშვილის განმარტებით, მასზე ზეწოლის მცდელობა არ ყოფილა, მისთვის რომელიმე კონკრეტული კანდიდატურის მხარდაჭერის მოთხოვნით არავის მიუმართავს და მსგავსი ფაქტის შესახებ არც სხვა ვინმეს მიმართ სმენია.

თუმცა, მისივე თქმით, თავად ის გარემოება, რომ ბევრმა გამოცდილმა პროფესორმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა და განაცხადი არ შეიტანა, გიორგი შარვაშიძისთვის გარკვეულწილად „იოლი გასეირნების“ სურათს ქმნის.

ბერძენიშვილის თქმით, საინტერესო იქნება ის მომენტი, როდესაც აკადემიური საბჭოს მიერ მისი კანდიდატურისა და მის მიერ შემოთავაზებული კონცეფციისა და სტრატეგიის განხილვის დრო დადგება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გახელაძე გიორგი შარვაშიძის თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობაში რისკს ვერ ხედავს.

„სხვა ვითარებაში და სხვა კონტექსტში, მაგალითად, 4 ან 8 წლის წინათ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ჩინოვნიკის თსუ-ში გადმოყვანა რაიმე რისკის შემცველი შეიძლება ყოფილიყო. რისკი მაშინ არის, როდესაც არის იმის განცდა, რომ მმართველი სახელისუფლებო გუნდი ნამდვილად მოიპოვებს არჩევნებში გამარჯვებას და მის გუნდში არაკონფლიქტურად მყოფი აღმასრულებელი ხელისუფალის ასეთ უმაღლეს სასწავლებელში გადანაცვლება იქნებოდა ხელისუფლების ერთგვარი ფარული ხელი. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა და დღევანდელი წინასაარჩევნო კლიმატი, რეიტინგი ამის არანაირ ნიშანს არ იძლევა“, - ამბობს გახელაძე.

მისი თქმით, გია შარვაშიძე არ არის პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელი. განათლების სამინისტროშიც ის თავისი პროფესიული ნიშნით უფრო იყო დანიშნული, ვიდრე პარტიულ-პოლიტიკურ-გუნდურით.

გახელაძემ განმარტა, რომ უნივერსიტეტისთვის რისკი შეიძლება იყოს ორგვარი. პირველ რიგში ის, რომ რექტორად მივიდეს არაკომპეტენტური ადამიანი და მეორე - შეიძლება იყოს კომპეტენტური ადამიანი, მაგრამ იყოს პოლიტიკური და პარტიულ-პარტიკულარული ინტერესებით დატვირთული.

„პირველ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ იშვიათია უმაღლესი განათლების სისტემაში და მართვის სფეროში მსგავსი რანგის სპეციალისტი, რომელმაც იცის უმაღლესი განათლების პოლიტიკა, მართვა, თანამედროვე ტენდენციები და აქვს საკუთარი აკადემიურ-პროფესიული ქსელი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ლიდერისთვის.

რაც შეეხება მეორე ტიპის რისკს, პოლიტიკური ზეგავლენის მიმართულებით, ამ შემთხვევაში ნამდვილად გამორიცხულია. სხვათა შორის, შარვაშიძე 90-იან წლებშიც განათლების მინისტრის მოადგილე იყო და იმ დროისთვის რაც შესაძლებელი იყო, ძალიან ბევრ ინოვაციურ და პროგრესულ საქმეს ედგა სათავეში და წარმართავდა. ის პოლიტიკური აფილაციებით არასდროს გამოირჩეოდა. სხვათა შორის, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის იდეის ერთ-ერთი ინიციატორიც გახლდათ“, - თქვა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში გახელაძემ.

გახელაძე განმარტავს, რომ მას ესმის სტუდენტების, რომლებსაც შეიძლება ყველგან უხილავი და მბრძანებლური ხელი ეჩვენებოდეთ, ისევე, როგორც აკადემიურ პერსონალს. მისი თქმით, ეს შიშები და ფობიები, ზოგადად, თსუ-ისთვის დამახასიათებელია.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა უნივერსიტეტის რექტორი უშუალოდ აკადემიური პერსონალიდან, გახელაძემ განმარტა, რომ გია შარვაშიძე არის მიწვეული პროფესორი თსუ-ში და უკვე დიდი ხანია, რაც უნივერსიტეტში ასწავლის. მეორე მხრივ, ის არ ემხრობა მიდგომას, რომ უნივერსიტეტის რექტორი მაინცდამაინც იმ კონკრეტული უნივერსიტეტის აკადემიური სფეროდან უნდა იყოს შერჩეული.

„მე ასეთი შეზღუდვის მომხრე არ ვარ, მით უმეტეს 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში. თუკი გვინდა, რომ კარგი, მაღალი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა გვქონდეს. კარგი უნივერსიტეტების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წამყვანი უნივერსიტეტების ლიდერებად არ გვევლინებიან მაინცდამაინც ის ადამიანები რომლებიც თავიანთი აკადემიური წარსულით დაკავშირებულები არიან უშუალოდ იმ უნივერსიტეტთან“, - ამბობს გახელაძე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი