წინასაარჩევნო გამოკითხვები ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამონაკლისი არც საქართველოა. საზოგადოების ნაწილი ცდილობს, არჩევნების შედეგები კვლევების დახმარებით გამოიცნოს.

სოციოლოგიური კვლევა არის სოციალური პრობლემის, აქტუალური საკითხის ან ტრენდის სისტემური კვლევა, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ტარდება. პოლიტიკური პარტიის რეიტინგების განსაზღვრისთვის, რესპოდენტების შემთხვევით შერჩევა ხდება. საბოლოოდ კი, შემთხვევით შერჩეული რესპოდენტების პასუხი ზოგად განწყობებს ასახავს და ასეთი კვლევების ცდომილება საშუალოდ 2-3%-ია.

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევები შეეჯამებინა და დაედგინა, სწორია თუ არა არჩევნების შედეგის პროგნოზირება ასეთი კვლევების დახმარებით.

საქართველოში ბოლო წლებია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI ატარებენ. წინასაარჩევნოდ კვლევების რაოდენობამ მოიმატა, „რუსთავი 2“-მა კვლევის ჩატარება GFK-ის დაუკვეთა, ხოლო „იმედმა“ - JPM-ს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი სოციოლოგიურ გამოკითხვებს სკეპტიკურად უყურებს. უნდობლობა გაამძაფრა 2012 წელს ჩატარებულმა კვლევებმა და არჩევნების შედეგებმა. NDI-ის 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 37% უჭერდა მხარს, „ქართულ ოცნებას“ - 12%. არჩევნებში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 40% მიიღო, „ოცნებამ“ – 55%. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აგვისტოს ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 22%-მა უპასუხა, რომ არ იცოდა, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 21%-მა უარი განაცხადა პასუხზე. თუ ყველა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ კვლევის შედეგი სარწმუნოა. შესაბამისად, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის მათი დიდი რაოდენობა თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს.

სოციოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ელექტორატის სპეციფიკის გათვალისწინებით, ძალიან რთულია კვლევის შედეგებზე იმსჯელო და მასზე დაყრდნობით არჩევნების შედეგები განსაზღვრო.

CRRC საქართველოს დირექტორის კობა თურმანიძის თქმით, ბოლო კვლევებით ცალსახად იკვეთება ორი მთავარი პოლიტიკური ძალის ჭიდილი. თუმცა, არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და საბოლოოდ რა შედეგი დადგება, ამის წინასწარ პროგნოზირება ძალიან რთულია.

„პარტიები, ალბათ, დიდ დროსა და რესურსს დახარჯავენ, რომ ამომრჩეველი თავისკენ შემოაბრუნონ“, – ამბობს თურმანიძე.

მისივე თქმით, კვლავ მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი. ამასთანავე, ცნობილია ის მოთხოვნები, რაც ამომრჩეველს აქვს. შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება, რომელი პარტია შესთავაზებთ მათ სხვადასხვა საკითხების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების საჭირო გზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს. დაბალი აქტივობის შემთხვევაში კი, ცხადია, არჩევნებისა და გამარჯვებული ძალის ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

image001

IRI

IRI-ს ბოლო სოციოლოგიური კვლევა აპრილში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13% - „თავისუფალ დემოკრატებს“. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის ჩატარების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბევრი ცვლილება მოხდა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძემ პარტია დააარსა, გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, შემდგომ კი მათ ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ ჩამოაყალიბეს. წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაში შევიდა და ახლა გაზაფხულის მონაცემების გამოყენება არარელევანტურია.

NDI

NDI-ის ბოლო კვლევა ივნისის მდგომარეობას ასახავს. საველე სამუშაოები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ხმას 19% აძლევდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 14%, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4%, „პატრიოტთა ალიანსს“ - 3%. აღსანიშნავია, რომ ძალიან მაღალია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი, ამომრჩევლების 38%-მა არ იცის, ვის მიცემს ხმას, ხოლო 14%-მა უარი თქვა პასუხზე.

JPM

JPM-მ სოციოლოგიური კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მოამზადა. საველე სამუშაოები ქართულმა კომპანიამ GORBI-მ ჩაატარა. გამოკითხვა ორჯერ, ჯერ - აგვისტოში, ხოლო შემდგომ სექტემბერში ჩატარდა.

აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 32% უჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 16%. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ვერც ერთი პარტია ვერ აგროვებდა 5%-ზე მეტს. 4-4% ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% - მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, ხოლო 2% - „პატრიოტთა ალიანსს“. პასუხზე უარი განაცხადა ან არჩევანში ჩამოყალიბებული არ იყო ამომრჩეველთა 34%.

JPM-ის მეორე საველე კვლევა 16-24 სექტემბერს ჩატარდა. ამ დროს „გირჩი“ ჯერ კიდევ ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იყო. სექტემბრის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 32.7% ემხრობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12.8%. ბარიერს ვერ ლახავენ „თავისუფალი დემოკრატები“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 2.9%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2.2%, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2.1%. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პასუხზე უარი თქვა ან გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული 41.3%-ს.

GFK

„რუსთავი 2“-მა სოციოლოგიური კვლევის ჩატარება საერთაშორისო ორგანიზაცია GFK-ს დაუკვეთა. GFK-მ სამი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა. პირველი კვლევა ივნისის მონაცემებს ასახავს. ამ კვლევის მიხედვით, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ოთხი პარტია ლახავდა: „ქართული ოცნება“ - 22.4%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 21.7%, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 7.8%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 6.2%. ბარიერს ვერ ძლევდნენ „ლეიბორისტული პარტია“ - 2.8%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2.2%, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - 1.6%, „რესპუბლიკური პარტია“ - 0.6%. პასუხის გაცემაზე უარი 10.0%-მა თქვა, ხოლო „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია“ - 19.4%-მა.

GFK-ის მეორე კვლევის საველე სამუშაოები აგვისტოში ჩატარდა. აგვისტოს მონაცემებით, გაიზარდა როგორც „ქართული ოცნების“ (25.8%), ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ (25.5%) რეიტინგი. შემცირდა „სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 6.9%-მდე, თუმცა ისინი ამ კვლევის მიხედვით მაინც აგროვებენ 5%-ზე მეტს, ალასანიას პარტია კი ზღვარს ვერ აბიჯებს და მხოლოდ 2.9%-ისგან მიიღო მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის მიხედვითაც კრიტიკულად დიდია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა - 26.7%. მათი გავლენა არჩევნებზე უმნიშვნელოვანესი იქნება.

ბოლო კვლევა GFK-მ შაბათს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ 0.6%-ით გადაასწრო. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვეთრად იკლო პაატა ბურჭულაძის პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობამ. კვლევის თანახმად, პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები, 5%-იან ბარიერს სხვა ვერც ერთი პარტია ვერ ლახავს, თუმცა ამ ზღვართან ახლოს არიან „ლეიბორისტული პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

ამ კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26% უჭერს მხარს, „ქართულ ოცნებას“ - 25.4%, „ლეიბორისტებს“ - 3.8%, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 3.6%, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2.6%, „დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ - 1.5-1.5%, ხოლო „რესპუბლიკურ პარტიას“ - 0.7%.

ამ კვლევაში ცალკე არ იყო მოყვანილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა. დადასტურებული არ იყო, თუმცა, არსებული მონაცემების გადაანგარიშებიდან გამომდინარე, ის დაახლოებით 35%-მდე უნდა იყოს, რაც ძალიან მაღალი რაოდენობაა.

image003

ამ კვლევების გაცნობის შემდეგ ორი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ:

  • „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ პარტიას არ აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

  • არჩევნების მოსაგებად აუცილებელი იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მხარდაჭერა. მათი რაოდენობა კრიტიკულად დიდია.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი