2014 წელს, ჯერ კიდევ ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს შეხვდა და მერად არჩევის შემდეგ გარემოს ადაპტირების პირობა დადო:

„პირველ რიგში, ადაპტირებული გარემო უნდა შეიქმნას და ეს უნდა გაკეთდეს მერიაში, რომ ამ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი“.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, შეასრულა თუ არა წინასაარჩევნო დაპირება აწ უკვე ქალაქის მერმა და, ზოგადად, გაუმჯობესდა თუ არა შშმ პირებისთვის გარემო, რომელშიც ამ ადამიანებს ცხოვრება უწევთ. მით უმეტეს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინ შშმ პირებისთვის საარჩევნო გარემოს ადაპტირების თემა კვლავ აქტუალური გახდა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ ამ არჩევნებისთვის შშმ პირებმა დამოუკიდებლად ხმის მიცემა რაც შეიძლება მეტ უბანზე უნდა შეძლონ. ჩვენ მდგომარეობის შემოწმება იმ შენობებით დავიწყეთ, რომლებიც მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ შენობას, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მუშაობს, პანდუსი არ აქვს, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ეტლით მოსარგებლე პირმა  ნინო ნოღაიდელმა ხელისუფლებას ყველა შშმ პირის ნაცვლად უსაყვედურა. აღსანიშნავია, რომ შშმ პირებისთვის დღემდე არ არის ადაპტირებული ის შენობა, რომელშიც ქალაქ ბათუმის მერიაა განთავსებული და რომლის ადაპტირებასაც წინასაარჩევნოდ შშმ პირებს გიორგი ერმაკოვი დაპირდა. საარჩევნო გარემოს ადაპტირებაზე ერმაკოვის დაპირება ძალაში დარჩა,

მან გასულ წელს მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბნის ადაპტირება მოხდებოდა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 58-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად,

სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 2015 წელს, ამ კანონის შესრულების მიზნით, ცესკოს ინიციატივით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსა და თავად ცესკოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ხელმომწერებს 2016 წლის არჩევნებისთვის თავიანთ დაქვემდებარებაში არსებული საარჩევნო მიზნებისთვის გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების ადაპტირება უნდა მოეხდინათ.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნის ადაპტირებაში მხოლოდ პანდუსები არ იგულისხმება. საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბანი აღჭურვილი უნდა იყოს ლინზით მხედველობადაქვეითებულებისთვის, სპეციალური წარწერით სმენადაქვეითებულებისთვის, ბრაილის შრიფტით უსინათლო ამომრჩევლებისთვის, სპეციალური კაბინით და ა.შ.

ქედის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ალი ნაკაშიძის განცხადებით,

ოლქის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულად გამართულია და „რაიმე პრობლემა ამ მომენტისთვის არ არის და არც შეიძლება, რომ იყოს“. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე ფაქტ-მეტრმა  მდგომარეობის შესწავლა პირველ რიგში სწორედ ქედაში გადაწყვიტა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე სამუშაო ადგილზე არ დაგვხვდა. ფაქტ-მეტრის კითხვებს ალი ნაკაშიძის მოადგილე თემურ ბერიძე და ქედის საარჩევნო ოლქის მდივანი ირინა ბერიძე პასუხობდნენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული 31 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 17-ია ადაპტირებული, დანარჩენი საარჩევნო უბნების ადაპტირების თხოვნით N80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ შესაბამის პირებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ თხოვნა მხოლოდ რამდენიმემ გაითვალისწინა. 14 არაადაპტირებული საარჩევნო უბნიდან, როგორც საარჩევნო ოლქში გვითხრეს, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უმეტესობის ადაპტირება არც მოესწრება. ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ ეტლით მოსარგებლე შშმ პირები ხმის მისაცემად უბანზე მისვლას ერიდებიან და გადასატანი ყუთით სარგებლობას ამჯობინებენ.

ქედა ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც ოქტომბრის არჩევნებს ნახევრად მომზადებული ხვდებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში არსებული 3 634 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისთვის მხოლოდ 1 103 უბანია ხელმისაწვდომი. აჭარის რეგიონში შექმნილი 347 საარჩევნო უბნიდან 121 უბანზე განთავსებულია პანდუსი, ხოლო 23 საარჩევნო უბანზე მარტივი ადაპტაციაა (კონსტრუქცია ეტლის გადასაადგილებლად) მოწყობილი. ბათუმის N79 აარჩევნო ოლქში შემავალი 119 საარჩევნო უბნიდან, პანდუსი 43-შია, 6 უბანზე კი მარტივი ადაპტაციაა მოწყობილი. ეს მონაცემები, შესაძლოა, დღემდე კიდევ რამდენიმე ერთეულით გაიზარდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების უმეტესობა ადაპტირებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი