პოლიტიკური პლატფორმის "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატი მედეა აბაშიძე  გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტურნირებს ეხმაურება, რომლებიც მისი აზრით, შიდა ქართლის რეგიონში მმართველი გუნდის მხარდასაჭერად იმართება. ფაქტ-მეტრთან საუბარში ის აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს გორის მუნიციპალიტეტში, თემურ ხუბულურს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსი ხმარდება, რაც არათანაბარ წინასაარჩევნო  გარემოს ქმნის.  ოპონენტის პროტესტი სოფელ კარალეთში თეიმურაზ ხუბულურის სახელობის შეჯიბრმა გამოიწვია.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში თეიმურაზ ხუბულურის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2016 წლის 6 სექტემბერს ჩატარდა. თეიმურაზ ხუბულური

მოჭიდავეა (ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონი) და მისი სახელობის სპორტული შეჯიბრებები რეგიონში აქამდეც არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა ძირითადად მის მშობლიურ სოფელ სკრაში. ქართული ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, კარალეთში გამართულ შეჯიბრებას ხუბულური მაყურებლის სტატუსით დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ხუბულური 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს მმართელი გუნდის სახელით იყრის. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ის, როგორც დეპუტატობის კანდიდატი, 2016 წლის 31 ივლისს წარუდგინა.

შეჯიბრის გამარჯვებული 90 კგ წონით კატეგორიაში "ქართული ოცნების" შტაბის უფროსის მოადგილე გიგა გელაშვილი გახდა, რომელსაც ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილი კი ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომლის, ლევან ბუღაძის ძმამ, ონისე ბუღაძემ დაიკავა, რომელიც 300 ლარით დააჯილდოვეს. მესამე ადგილზე გასულს კი 200 ლარი ერგო. ტურნირი მთლიანად ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დააფინანსა.

ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული შეჯიბრება, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიგეგმა, ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. გელა ბერუაშვილის თქმით, მისთვის მაშინ უცნობი იყო ხუბულურის კანდიდატურას თუ არჩევნებზე წამოაყენებდნენ, დაგეგმილ ღონისძიებას კი ამ მიზეზის გამო  ვეღარ შეცვლიდა.

მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ტურნირი იმავე პერიოდში ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარშიც ჩატარდა,

რომელიც კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატს, შოთა ხაბარელს მიეძღვნა და მას ქარელის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვიც დაესწრო. ფედერაციის ცნობით, ქართველი ჩემპიონების სახელობის ანალოგიური შეჯიბრებები მიმდინარე წლის ბოლომდე სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი. მათ შორის იმ სპორტსმენების სახელობის შეჯიბრებებიც შედის, რომლებიც ამჟამად მმართველ გუნდს წარმოადგენენ.

კარალეთში გამართულ ტურნირთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გაუჩნდათ, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კანდიდატებისა თუ მათი წარმომადგენლების ყველა ქმედება სპეციალურ რეგულირებას ექვემდებარება. "სამართლიანი არჩევნები" ამჟამად საქმის შესწავლის ეტაპზეა. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კი, ტურნირისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის დადგენის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტს ოფიციალურად უკვე მიმართა.

ფაქტ-მეტრთან საუბრისას, "საიას" გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ხედავს.

ამომრჩევლის მოსყიდვას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-

ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნოდ და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდში საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა აკრძალულია. ამავე დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

ამასთან, იურისტების შეფასებით, მართალია ღონისძიება დიდი ხნის წინ დაიგეგმა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე შეჯიბრისთვის სახელის შეცვლა შესაძლებელი იყო, რაც არ გაკეთდა და სწორედ ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ შეჯიბრის მიზანს აგიტაცია წარმოადგენდა.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის სახელობის სპორტული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ჭიდაობის ფედერაციის დაფინანსებით ჩატარდა, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ტურნირის უშუალო მონაწილეებს, ისე ამ შეჯიბრებისთვის დაქირავებულ მომსახურე პერსონალს, თანხები ნამდვილად გადაეცათ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, მოცემული შემთხვევა შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა  და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ნიშნებს შეიცავდეს. ამჟამად საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.

ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს და განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი