ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 129 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

შეიძლება ითქვას, რომ უსტატუსო, მაგრამ მაინც საპარლამენტო ქალაქში, არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით შუაღამეს #90 საარჩევნო უბნის ახლოს განვითარებულ მოვლენებს, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

წლის დასაწყისში დადებული პირობა შეასრულა ქუთაისის მერმა: შოთა მურღულიამ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ხმა ქუთაისში მისცა. საკუთარი პოზიცია ქუთაისში არ დაუფიქსირებიათ მაჟორიტარობის კანდიდატებს: აკაკი ბობოხიძესა და გიგი წერეთელს „ნაციონალური მოძრაობიდან“, კობა ნარჩემაშვილს „ქართული ოცნებიდან“, რომელმაც „ფაქტ-მეტრთან“ განაცხადა, რომ არ უნდოდა, ხელოვნურად გადმოწერილიყო ამ დღისთვის ქუთაისში.

საარჩევნო უბნებში, რომლებსაც „ფაქტ-მეტრი“ ეწვია, ხმის მიცემის პროცესი პროცედურების დაცვით, დილის 8 საათზე დაიწყო, თუმცა, დღის განმავლობაში უბნების უმრავლესობაში მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.

„გადასარევი მდგომარეობაა ჩვენს უბანზე“, - ასე შეაფასა #22 უბნის კომისიის თავმჯდომარემ ფატიმა მესხმა „ფაქტ-მეტრთან“ ხმის მიცემის პროცედურა მე-8 საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ უბანზე და ისიც აღნიშნა, რომ უბანი ყველანაირად იყო ადაპტირებული შშმ პირების მისაღებად. თუმცა, აღმოვაჩინეთ, რომ ჭიშკარს, საიდანაც ასეთ ადამიანებს უნდა შეეღწიათ სკოლის შენობაში, ბოქლომი ედო.

„არ გვყავს ასეთი ამომრჩეველი, მაგრამ, თუ სასწაული მოხდა და ვინმე მოვიდა, დაგვიძახებს, გავიქცევით და გავაღებთ“, - ასეთი სტრატეგია ჰქონდათ 22-ე უბნის კომისიაში.

დილის 11 საათისთვის #17 საარჩევნო უბანზე 1317 ამომრჩევლიდან 106-მა დააფიქსირა არჩევანი. დაახლოებით ასეთივე პროცენტული აქტიურობა დავაფიქსირეთ #16 საარჩევნო უბანზე, სადაც ეუთო-ს ჯგუფი შეუერთდა დაკვირვების პროცესს ამ უბნის საკმაოდ ვიწრო ოთახში, სადაც შემაწუხებელი სიცხის გამო ამომრჩევლები ცდილობდნენ, სწრაფად დაეტოვებინათ უბანი.

ყველა უბანზე, რომელზეც „ფაქტ-მეტრმა“ მოახერხა მისვლა, საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა 200-300 ერთეულით ნაკლები იყო დარეგისტრირებულ ამომრჩევლის რაოდენობასთან შედარებით. კომისიების თავმჯდომარეები ამას იმით ხსნიდნენ, რომ უბანში ბევრი ემიგრანტი ჰყავდათ ან ამომრჩევლის სრული რაოდენობა „მაინც არ მოვიდოდა“. ასეთი განმარტებები მოგვცეს #22, 28, 17, 16, 07, 09, 101, 124 უბნებზე.

უბნებზე პარტიების წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრების უმეტესობა მცირე პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა, რომელთა აღმოფხვრა ადგილზე მოხდა კომისიის მიერ. ასეთი დავაფიქსირეთ #124 უბანზე, სადაც გადასატანი ყუთი ლუქდაუდებელი დაბრუნდა, რაც პროცედურის დარღვევაა. როგორც ამ კომისიის თავმჯდომარემ ნათია ნაცვალაძემ განმარტა, დარღვევა ადგილზევე აღმოიფხვრა და ყუთი „დასკოტჩეს“.

28-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ელგუჯა სულაქველიძეს სამაგიდო სიებზე ხელის მოწერა დაავიწყდა, რაზეც საჩივარი დაიწერა, თუმცა, ცესკოში გადარეკვის შემდეგ გაირკვა, რომ ეს მნიშვნელოვან პროცედურულ შეუთავსებლობას არ წარმოადგენდა და ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რაჟიმში გაგრძელდა.

საერთო ჯამში, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარი შევიდა, რომელიც კენჭისყრის პროცედურული საკითხების დარღვევებს შეეხება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, რომ იყო მცირეოდენი ხარვეზები, თუმცა არჩევნებმა ქუთაისში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„არსად რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა, უბნებზე იყო სამუშაო ატმოსფერო და მათ კარგად შეასრულეს მოვალეობა“, – თქვა მან.

თუმცა, მოვლენები დრამატულად სწორედ ამ განცხადების შემდეგ განვითარდა. ვითარება დაიძაბა #90 საარჩევნო უბანთან. უბნიდან 100 მეტრის მოშორებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც ჟურნალისტებს კამერები და აპარატურა დაუზიანეს.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, იქ,ორი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხოლოინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიცია მალევე გამოცხადდა. თვითმხილველების თქმით კი, ასე არ მომხდარა.

ირინა კეჭაყმაძე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „90-ე უბანზე რამდენჯერმე მოხდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. დაამტვრიეს „იბერიის“, GDS-ის, ასევე, სხვა ტელეკომპანიების კამერები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

დაპირისპირება 90-ე საარჩევნო უბანთან მაშინ დაიწყო, როდესაც აქ მოსულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვიღებდით. აქტივისტები საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ. თითქმის 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა დაპირისპირება და საპატრულო პოლიცია მაშინ მოვიდა, როცა სიტუაცია თითქმის განმუხტული იყო“.

შსს-მ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან. კახი კალაძემ მომხდარი დაგმო და დამნაშავეების იდენტიფიცირებასა და დასჯას დაუჭირა მხარი.

9 ოქტომბერს, დილით, საოლქო კომისიაში განაცხადეს, რომ #90 უბანზე მომხდარ დაპირისპირებას უბნის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ცესკოს მიერ ოქმების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ #90 უბანზე პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთლის განცხადებით, სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელება გახდა მიუღებელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომელთაც ინციდენტის პროვოცირება მოაწყვეს.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი