არჩევნების დღე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (რუსთავი, გარდაბანი, წალკა), საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. უბნებზე ძირითადად ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებსა და საარჩევნო უბნის გარეთა ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას.

მსგავსი ვითარება იყო რუსთავის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც გაურკვეველი პირები ჯგუფებად იდგნენ ფურცლებით ხელში და ჩანაწერებს აკეთებდნენ. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, ვინ იყვნენ და რა სახის დაკვირვებას აწარმოებდნენ, უბნის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდნენ.

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გამონაკლის შემთხვევაში გახსნილი #86 საარჩევნო უბანი იყო, მედიას ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება შეეზღუდა. ცესკოს განმარტებით, ამ კუთხით შეზღუდვებს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულება თავისი შინაგანაწესით აწესებს.

ადგილი ჰქონდა უბნებზე მოსული ამომრჩევლების პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ ამომრჩეველთა სიებში მათი დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მეზობლები არიან. აგრეთვე, რუსთავის #3 საარჩევნო უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ სიაში 14 წლის წინათ რუსეთში წასული მოქალაქეებიც იყვნენ.

საია-ს რუსთავის ოფისის განცხადებით, საარჩევნო პროცესი რუსთავის #29,30 მაჟორიტარულ ოლქებში არსებითი დარღვევების გარეშე წარიმართა. ორგანიზაციამ აღნიშნულ ოლქებში შემდეგი დარღვევები აღმოაჩინა:

„რუსთავის #41 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩევლის ნაცვლად მოაწერა ხელი;

გარდაბნის #1 უბანზე ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებლის მხრიდან;

რუსთავის #20 უბანზე ადგილი ჰქონდა 2 პირის მიერ ერთდროულად ხმის მიცემას“, - ვკითხულობთ საია-ს ანგარიშში.

მიუხედავად ამ დარღვევისა, რუსთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები არ შესულა.

საჩივრები არ დაფიქსირდა არჩევნების დღეს გარდაბნისა და წალკა-დმანისის საოლქოებშიც.

გარდაბანთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი დარღვევის შესახებ საუბრობს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, გარდაბნის #31 მაჟორიტარული ოლქის #51 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში დაგვიანებით შეიტანეს მონაცემები.

წალკასთან დაკავშირებით 31-ე უბანში ადგილობრივმა მედიამ ამომრჩეველთა კაბინაში ორი ამომრჩეველი ერთად დააფიქსირა. ასევე, ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მიერ კონვერტში 4 ბიულეტენის განთავსების მცდელობას.

რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევებთან ერთად სახეზე იყო გარემოებები, რომელიც ზეგავლენას ახდენდა როგორც ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის, ასევე ხმათა დათვლის პროცესზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. დილის 8 საათზე 89 საარჩევნო უბანი გაიხსნა და პირველი ამომრჩევლები მიიღო. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 98300 ამომრჩეველი ფიქსირდება. #22 საოლქო საარჩევნო კომისიის 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 7098 ადამიანმა გააკეთა, რაც მარნეულელ ამომრჩეველთა 7.19%-ია. საჩივრების რაოდენობა ამ დროისთვის კი სამი იყო. 19 ათას 257 ადამიანს საკუთარი არჩევანი უკვე 12 საათის მონაცემებით ჰქონდა გაკეთებული, ხოლო საპროცედურო შინაარსის 9 დარღვევის საჩივარი იყო შესული საოლქო საარჩევნო კომისიაში. სამი საათის მონაცემებით, არჩევანი 30638 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული, საჩივრების რაოდენობა კი ამ დროისთვის ათი იყო.

მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ორივე, #35 და #36 მაჟორიტარულ ოლქში თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდა, 21 ათასამდე ამომრჩეველმა გააკეთა თითო ოლქში არჩევანი, რაც დაახლოებით საერთო რაოდენობის 43%-ია.

მოვლენების კულმინაცია კი მარნეულის #48 საარჩევნო უბანთან მომხდარი მასშტაბური ინციდენტი იყო, სადაც მომხდარი შეტაკებების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

დაპირისპირება ყიზილაჯლოში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, #48 საარჩევნო უბანზე ვითარება არჩევნების მიმდინარეობის დროს, დღის ხუთ საათზე დაიძაბა. უბნამდე მისასვლელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოსახლეობის ნაწილსა და საპატრულო პოლიციის მანქანებს უბნამდე მისასვლელი გზა თითქმის გადაკეტილი ჰქონდათ.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უბანზე ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ისრაფილ ბაირამოვისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ახმედ იმამყულიევის გამოჩენას მოითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი პროტესტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია. როგორც მათ გვითხრეს, ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ აქტივისტები და სხვა გაურკვეველი პირები აიძულებდნენ, ხმა „ქართული ოცნების“ კანდიტატის სასარგებლოდ მიეცათ. პროტესტის მონაწილეთა თქმით, მათ საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდეს, აღეკვეთათ მსგავსი ტიპის ქმედებები, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს და მათივე განცხადებით, სწორედ ამიტომ დაიწყეს საარჩევნო უბნისთვის ქვების სროლა.

უბანზე მობილიზებულ პოლიციასა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს შორის ამის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. შედეგად დაზარალდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი პოლიციის უფროსი რამილ ისმაილოვი და ერთი მოქალაქე.

მოსახლეობის მოთხოვნის გამო საარჩევნო უბანზე ჯერ ისრაფილ ბაირამოვი მივიდა, ხოლო შემდეგ - ახმედ იმამყულიევი. კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, რომ გაუქმებულიყო მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის შედეგები. ახმედ იმამყულიევის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე აძლევდა ხმას.

#48 საარჩევნო უბანზე კანდიდატებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საუბრის დროს შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და მოსახლეობა ძალისმიერი მეთოდებით გაიყვანა უბნის ეზოდან. ამის შემდეგ უბანი საარჩევნო კომისიის წევრებმაც დატოვეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა კიდევ რამდენიმე წუთის მანძილზე რჩებოდა. მათ უბანი ახმედ იმამყულიევთან ერთად დატოვეს და მისი ოფისისკენ გაემართნენ. ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი შეძახილებით მიემართებოდნენ ოფისისკენ და გზად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პლაკატებს ხევდნენ.

ახმედ იმამყულიევი მედიის წარმომადგენლებთან პერმანენტულად აკეთებდა კომენტარს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავდა მოთხოვნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგები გაუქმებულიყო. მომხდარშიც ის მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა და პასუხისმგებლობასაც მას აკისრებდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი მომხდარში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ახმედ იმამყულიევს დააკისრა პასუხისმგებლობა.

ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერები განაგრძობდნენ შტაბთან შეკრებას და წინასწარი შედეგებით გამარჯვებას ზეიმობდნენ. მთელი ღამის განმავლობაში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ელოდებოდნენ ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ორივე მათგანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აღნიშნავდნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს.

ახმედ იმამყულიევი 9 ოქტომბერს მედიასაშუალებებს შეხვდა და 8 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მე მთლიანად ვაკისრებ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“, რადგან ისინი ძალადობდნენ მოსახლეობაზე. მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინათ. სწორედ ამიტომ ადგილობრივებმა დაიწყეს ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა, ეს კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მე, ჩემი მხრივ, დამემუქრა სუს-ის უფროსი ილია ძამაშვილი და მითხრა, გავჩერებულიყავი, თორემ ცუდად წამივიდოდა საქმე“, - აღნიშნა ახმედ იმამყულიევმა მედიასთან საუბრის დროს.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის #36 მაჟორიტარულ ოლქში ვერც ერთი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა ბარიერი. შესაბამისად, მარნეულის #36 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შედიოდა #48 საარჩევნო უბანი, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. #48 უბანის შესახებ კი ცესკომ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმი, რის მიხედვითაც ერთიანი სიით ამ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 14 36, სპეციალური სიით - 9. 12 საათისთვის საკუთარი არჩევანი დაფიქსირებული ჰქონდა 317-ს, 17:00 საათის მონაცემებით - 494-ს, არჩევნებში კი 617 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 210 ხმა მიიღო ახმედ იმამყულიევმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხოლო 298 ხმა - თამაზ ნავერიანმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი