საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დაწყებულია სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27 მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს. "ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა. ჩვენ, „ქართუ“ ფონდის დახმარებით, დავიწყეთ ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოები შესრულდა და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გაგვყავს საფარის მონასტერთან მისასვლელი გზა", – განაცხადა

კვირიკაშვილმა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

როგორც ფაქტ-მეტრს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ვარძიის გადარჩენის პროგრამა 2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ანთიძის ინიციატივით შემუშავდა.

პროგრამა გრძელვადიანია და არაერთ კომპონენტს მოიცავს. მისი მიზანი ვარძიის კომპლექსური შესწავლა, ყველაზე დაზიანებული უბნების გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება, კედლის მხატვრობის მდგომარეობის დიაგნოსტირება და ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ბილიკების მოწყობაა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ვარძიაში ამ ორ წელიწადში რა გაკეთდა. ნიკა ანთიძის განმარტებით, 2014 წლიდან დღემდე მომზადდა ყველაზე პრობლემური ადგილების პროექტი და ჩატარდა გამაგრების სამუშაოები: „მაგალითად, 2015 წელს გამაგრდა ისტორიული შუა საუკუნეების გვირაბის თავზე უზარმაზარი კლდის მასა, რომელმაც სტაბილიზაცია გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიების ქვის მასების. ვარძიის თავზე არსებულ გეოლოგიურ ფენაზე გაკეთდა სპეციალური ბადეები, რათა ქვათა ცვენა ავიცილოთ და ტურისტები და ზოგადად ძეგლი დავიცვათ“.

მისივე თქმით, 2014 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო, რის შედეგად არის ახალი აღმოჩენები. 2015 წლიდან მიუვალ ადგილებზე კიბეების მოწყობა და სახელურების დამზადება დაიწყო და გრძელდება: „შარშან მოეწყო კომპლექსზე ერთი სანიტარული კვანძი, წელს კეთდება მეორე. მოეწყო გარე და გვირაბების განათების სისტემა. გრძელდება ქვის კონსერვაცია, ბადის გაკვრა, ტერიტორიის არქეოლოგიურად გასუფთავება და მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი. და ყველაზე მთავარი, მომზადდა მთავარ ტაძარში კედლის მხატვრობის რეაბილიტაციის პროექტი“.

რაც შეეხება თანხებს, სააგენტოს დირექტორის განმარტებით, 2014 წელს თანხა – 570 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. 2015 წელს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოყო 1 მლნ ლარი. ფონდი „ქართუს“ თანხა კი, 1 მლნ-მდე ლარი, ვარძიის გადარჩენის პროგრამას მისი დაწყებიდან მესამე, ანუ 2016 წელს ხმარდება. ანთიძის განმარტებით, ამ ერთი მილიონის გარდა, წელს ვარძიას ასევე ხმარდება 300 000 ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

ფაქტ-მეტრმა ვარძიაში მიმდინარე სამუშაოები ადგილზეც მოინახულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარძიაში ნამდვილად მიმდინარეობს. რაც შეეხება საფარას, საფარის გზის რეაბილიტაციას, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. როგორც ფონდის ვებგვერდზე ვკითხულობთ,

საფარის კომპლექსამდე მისასვლელი 7.2 კმ-ის სიგრძის მონაკვეთზე სამუშაოებისთვის 3 მლნ 199 ათასი ლარია გამოყოფილი.

მშენებელმა სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულა - მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, კონტრაქტით პროეტქის დასრულება 2017 წლის მარტში იყო გათვალისწინებული, მაგრამ  კონტაქტორმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები წინსწრებით განახორციელა და მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დასრულდა.

ფაქტ-მეტრმა საფარისკენ მისასვლელი გზა თავადაც მოინახულა. ამ ეტაპზე გზის მშენებლობა ნამდვილად დასრულებულია.   დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ვარძიაშიც და საფარაშიც სარეაბილიტაციო სამშაოები ნამდვილად მიმდინარეობს. საფარის გზის მშენებლობა უკვე დასრულდა და ამ ნაწილში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება სინამდვილეს შეესაბამება.

რაც შეეხება ვარძიას, ვარძიის გადარჩნის პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს (2014 წლიდან დაიწყო). პროექტის დაწყებისას, თანხა (570 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. მომდევნო, 2015 წელს ვარძიაში მთელი რიგი სამუშაოები შესრულდა და ამისთვის საჭირო 1 მლნ ლარი ასევე სახელმწიფო ბიუეჯტიდან გამოიყო. „ქართუ“ ფონდიდნ ვარძიისთვის თანხა მხოლოდ პროექტის დაწყებიდან მესამე, 2016 წელს გამოიყო, 1 მლნ-მდე ლარი. გამოდის, რომ ვარძიის რეაბილიტაციაზე დახარჯული დაახლოებით 2 870 000 ლარიდან, „ქართუ“ ფონდს მესამედი თანხა აქვს გამოყოფილი.

შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი