იტვირთება

ტელეკომპანია „რიონში“ სტუმრობისას, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრმა, ზაალ ხონელიძემ განაცხადა,

რომ ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც იმერეთში, სოფელ გოდოგნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, გოდოგნის და მისი მოსაზღვრე სოფლების მოსახლოებისათვის ეკოლოგიური საფრთხის შემცველია.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სოფელ გოდოგნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას უნდა მოემსახუროს. მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება. რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობასა და მშენებლობას შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით ახორციელებს.

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გულისხმობს. ძველი ნაგავსაყრელი კი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა დაიხუროს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, კომპანიამ ნაგავსაყრელის პროექტზე მუშაობა 2016 წლის დასაწყისში დაასრულა. შუხოშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონალური ნაგავსაყრელის მოსაწყობად იმერეთში თავდაპირველად 8 ტერიტორია იყო შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი თერჯოლის რაიონის სოფელი ჭოგნარი იყო. თუმცა, ნაგავსაყრელის გადატანის იდეა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ნაგავსაყრელი მათ საფრთხეს შეუქმნიდა, ამავდროულად, აღნიშნავდნენ, რომ ტერიტორიას პირუტყვის საძოვრად იყენებდნენ. ამდენად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი ადგილი ამჯერად სოფელ გოდოგანში,  ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე შეირჩა. ნაგავსაყრელისთვის შერჩეული ტერიტორია უკვე გაიწმინდა და ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა.

ზაალ ხონელიძემ ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობას მისი დაწყების დღიდან აპროტესტებს. რაიმე კვლევა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ობიექტი მოსახლოებას ზიანს მოუტანს, მას ხელთ არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუმქნის, მის არგუმენტებს ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილიც იზიარებს.

გოდოგნის და მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებთა განცხადებით, ისინი შიშობენ, რომ ნაგავსაყრელიდან გაჟონილი წყლები მდინარეს შეუერთდება და სასმელი წყლის მოწამვლას გამოიწვევს. ხონელიძის თქმით, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მას განუცხადეს, რომ მშენებლობის დაწყებამდე ყველა აუცილებელ კვლევას ჩაატარებენ. ხონელიძე მოითხოვს, რომ კვლევები დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იქნას ჩატარებული.

მიმდინარე წლის 29 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იმერეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ ნაგავსაყრელი მოსახლოებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ობიექტზე დაგროვილი წყალი სპეციალურად ამ მიზნით მოწყობილ აუზში შეგროვდება, სადაც შესაბამისი დანადგარებით გაიწმინდება. ერთ-ერთ ინტერვიუში

ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ეკოლოგიაზე ზემოქმედების უფრო ნათელი სურათის მისაღებად ტერიტორიის კვლევა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შედგენა ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, წინასწარ იმის სრულად პროგნოზირება, თუ რა დამატებით  რისკებს შეიცავს ნაგავსაყრელი, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ჩვენ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისაგან“ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. როგორც კომპანიის პასუხში

ვკითხულობთ, სოფელ გოდოგანში, ე.წ. კოხის ტერიტორიაზე, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში გერმანული საკონსულტაციო კომპანია ERM-ის  მიერ პროექტის  დიზაინის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოხდება.

თემასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელს, ეკოლოგ ქეთი ცხაკაიას  ესაუბრა. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტების შემთხვევაში თავდაპირველად ტერიტორიის შერჩევა ხდება, შემდეგ ეტაპზე ეკოლოგიური კვლევების ჩატარება და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შედგენა, ხოლო შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში გაწმენდითი და  სამშენებლო სამუშაოები იწყება.

დასკვნა პროექტის მიხედვით,

ახალ რეგიონულ ნაგავსაყრელზე ნაჟური და ზედაპირული წყლების შეგროვების აუზები იქნება განთავსებული, სადაც დაბინძურებული წყლების გაწმენდა მოხდება. შესაბამისად, ნაგავსაყრელიდან გაჟონილი წყლები მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებას ვერ გამოიწვევს. თუმცა, ამ ეტაპზე გარემოზე ზემოქედების ფაქტორებიდან მხოლოდ ესაა ცნობილი და პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაც მისი რეალიზაციის საწყის ეტაპს წარმოადგენს, ჯერ არ გაკეთებულა. ამდენად, იმის თქმა, მოახდენს თუ არა რეალურად ნაგავსაყრელი მავნე გავლენას სოფელ გოდოგანზე და მის მიმდებარე ტერიოტიაზე, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება, ამ ეტაპზე კი ზაალ ხონელიძის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი