ლევან ვარშალომიძემ ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის შეფერხებაზე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. მისი შეფასებით, ყველაზე გრანდიოზული პროექტის მესამე-მეოთხე ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „რომ იცოდეთ, მესამე ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2014 წელს, დღეს სადა ვართ? 2016 წელია და კიდევ გრძელდება,“ - განაცხადა

ვარშალომიძემ.

წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ბათუმში 2007 წლის 17 დეკემბერს გაიმართა. პროექტი ოთხ ფაზად ხორციელდება და ბათუმსა და მის გარეუბნებში წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. წყლისა და კანალიზაციის პროექტისთვის თანხის ძირითადი ნაწილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW) გამოყო, ნაწილი კი ბათუმის მერიამ. ყოველი ფაზის დასრულების შემდეგ სამუშაოები ტესტირებას გადის, რაც ანგარიშში აისახება.

ფაქტ-მეტრმა პირველი და მეორე ფაზის სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების, ამ ფაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების და მათი შესრულების ვადების ანგარიში

 მოიპოვა, სადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევები, ყოველ გადაცილებულ დღეზე კონტრაქტის დამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების მითითებით არის აღნიშნული. პირველი ფაზის ძირითადი სამუშაოები 2008 წლის 5 აგვისტოს დაიწყო და 2012 წლის 15 ივნისს დასრულდა. ამისთვის 22 მილიონ 79 ათასი ევრო დაიხარჯა.

მეორე ფაზა 2009 წლის 15 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის 5 აგვისტოს დასრულდა. ამ ფაზის განხორციელების პროცესში კონტრაქტით განსაზღვრული ვადები რამდენჯერმე შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში კი კონტრაქტორი კომპანია ვადებში ვერც ცვლილების შემდეგ ჩაეტია. მეორე ფაზისთვის 48 მილიონ 412 ათასი ევრო დაიხარჯა. ამჟამად ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.

მესამე ფაზა მოიცავს: ჩაქვი-მწვანე კონცხი-მახინჯაურის და გონიოს წყალარინების სისტემის მოსაწესრიგებლად მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს, რაც 2017 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს, ასევე, ჩაისუბნის მაგისტრალური და სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაციას (2016 წლის ბოლო - 2018 წლის პირველი ნახევარი), ანგისის დასახლების წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს (დასრულდება 2017 წელს), თამარის დასახლებისა და ბონი-გოროდოკის დასახლების წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას (დასულდება 2018 წელს).

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, მესამე ფაზის ათვლა 2012 წლის 15 ოქტომბრდან იწყება, როცა ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკონსულტაციო კომპანიასთან - „ეგისთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და რომელმაც პროექტირების, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების და საერთაშორისო ტენდერების ჩატარების ვალდებულება აიღო. პირველი ტენდერი 2013 წლის ბოლოს ჩატარდა და მონაწილეთა სიმცირის გამო ჩაიშალა. მეორე ტენდერი 2014 წელს ჩატარდა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიისა და საკონსულტაციო კომპანიის მიერ შემუშავებულ მესამე ფაზის განხორციელების გეგმაში მთლიანი სამუშაოები 7 წლის განმავლობაში (2012-2018) არის გაწერილი

და მისი დასრულება არა 2014 წელს, არამედ 2018 წელს არის გათვალისწინებული. ამავე გეგმის თანახმად, მესამე ფაზა პროექტის მოსამზადებელ პერიოდს, უშუალოდ სამუშაოებს, ხარვეზების გამოსწორებას და ანგრიშს მოიცავს. მესამე ფაზის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარია და პროექტი ბათუმის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამჟამად უშუალოდ სამუშაოები ჩაქვის, მახინჯაურის, ბარცხანის, ჭაობის დასახლების, ბონის, გოროდოკის, ანგისისა და გონიოს მიმართულებით მიმდინარეობს და 2017 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად ამ ეტაპზე მეოთხე ფაზის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება. სამუშაოები მესამე ფაზის სამუშაოების პარალელურად განხორციელდება და 2019 წელს დასრულდება. მეოთხე ფაზაში გათვალისწინებულია: წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია „სტეფანოვკის“, ლუდის ქარხნის და ანგისის დასახლებებში. ასევე, წყლის სისტემის რეაბილიტაცია გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში. მეოთხე ფაზის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია.

  დასკვნა

ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზა 2012 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულებიდან იწყება, რომელსაც ბათუმის მაშინდელი მერი ჯემალ ანანიძე აწერს ხელს. 2011 წელს (მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს) მომზადებული გეგმის მიხედვით, მესამე ფაზის ოთხეტაპიანი სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2018 წელს უნდა დასრულდეს, უშუალოდ საველე სამუშაოები კი - 2017 წლის იანვარში. მეოთხე ფაზის დასრულება კი 2019 წელს იგეგმება.

ამდენად, ლევან ვარშალომიძის განცხადება მესამე ფაზის 2014 წელს დასრულების შესახებ, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია