11

ოქტომბერს, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას, პოლიტიკიდან წასულმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ "ამ ადამიანებს (ბრალდებულებს) არანაირი შეხება ფულთან და ამ თანხებთან არ ჰქონიათ, ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და სხვათა შორის, ბევრ დასკვნაში, მათ შორის ძალიან დიდი ავტორიტეტის მატარებელ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნაშიც, ასახულია, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ შეხება და იმ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2014

წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 4 მლნ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს 5 თანამდებობის პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, დანაშაულებრივი განზრახვის დაფარვის მიზნით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადეს. მათ სხვადასხვა კომპანიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟის შესახებ იდენტური მოთხოვნები გაუგზავნეს და წინადადების წარსადგენად 9 დღიანი ვადა განუსაზღვრეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, რაც ზოგიერთი კომპანიისთვის წინადადების წარსადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა, გამარჯვებულად კომპანია „სილქნეტი“ გამოცხადდა და შესაბამისი ხელშეკრულება 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად,  კომპანიას 6 720 877 ლარი უნდა მიეღო (პროკურატურის შეფასებით, მომსახურების  რეალური ღირებულება 2 618 004 ლარია).

პროკურატურის მტკიცებით, „სილქნეტთან“ მოლაპარაკებები ტენდერის გამოცხადებამდე 4 თვით ადრე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებს კომპანია „სილქნეტის“ თანამშრომლებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. თუმცა, დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებამ ვერ წარმოადგინა კონკრეტული დასაბუთება, „სილქნეტში“ მოლაპარაკებებს ბრალდებულები კონკრეტულად ვისთან აწარმოებდნენ.

2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კაბელების საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, დავით წიფურია და არჩილ ალავიძე დამნაშავეებად ცნო და ხუთივე ბრალდებულს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მათ 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩაემოერთვათ.

აღნიშნულ საქმეს ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობისთვის აუცილებელია: 1) სპეციალური სუბიექტის არსებობა - პირის, რომლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაშიც არის ქონება; 2) განზრახ ქმედება - სპეციალური სუბიექტის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განზრახ ჩადენის სურვილი უნდა ჩანდეს და 3) სახეზე უნდა იყოს მოტივი.

ამ კონკრეტულ საქმეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზირა პროკურატურის მოსაზრება და აღნიშნა, რომ მოტივი ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებაზე გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, ბრალდებულებისთვის გაფლანგვის დამტკიცებისათვის  დანაშაულის მოტივის დადგენა არ არის აუცილებელი. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, მოტივისა და განზრახვის დადგენა ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამ მოსაზრებას იზიარებს სახალხო დამცველიც, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ამჟამად სწორედ ამ საკითხზე (მოცემულ საქმეში მოტივის დადგენის აუცილებელობაზე) მსჯელობს, სასამართლოს მეგობარი (საქმესთან შემხებლობის არმქონე პირის მოსაზრება, რომელიც შეიძლება სასამართლოს დაეხმაროს მსჯელობისას, თუმცა სასამართლოს მისი გათვალისწინების ვალდებულება არ გააჩნია) წარუდგინა. შესაბამისად, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, მოტივის არსებობა საქმეში რამდენად აუცილებელია.

თუმცა, ზოგადად, სანამ სასამართლო დანაშაულის მოტივზე იმსჯელებდა, პირველ რიგში უნდა დაედგინა, რომ ეს ხუთი ადამიანი მართლაც სპეციალურ სუბიექტებს წარმოადგენდნენ და თანხა, რომლის გაფლაგვასაც ედავებიან, მათ მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იყო. სპეციალური სუბიექტის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ დანაშაულზე საუბარი შეუძლებელია.

თანხის მოცულობა (5 მლნ ლარი), რომელიც კომპანია „სილქნეტს“ გადაერიცხა, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს და ის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით

გამოიყო. როგორც პროცესზე თავდაცვის მინისტრის  ყოფილმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, არა მარტო თავდაცვის უწყებამ, არამედ მთლიანად მთავრობამ იცოდა, სამინისტრო რას ყიდულობდა. მის თქმით, მას პირადად ჰქონდა ხელშეკრულების პირობებზე საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან. აღსანიშნავია, რომ გამოძიებას ხსენებული პირები არ დაუკითხავს.

თავდაცვის სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი ალექსი ბატიაშვილმა და „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს. საბოლოო გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება არცერთ მსჯავრდებულს არ გააჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა მათ მფლობელობაში ან გამგებლობაში არასდროს ყოფილა. „მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულები მონაწილეობდნენ ხელშეკრულების პიროებების მომზადებაში, მათ ვერ გადააქცევს მითვისების ან გაფლანგვის სუბიექტებად, რადგან ერთია ხელშეკრულების პირობების მომზადება და სულ სხვაა მასზე ხელის მოწერა. ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ მასზე კომპეტენტური პირების მიერ ხელის მოწერის შემთხვევაში“, - აღნიშნულია სასამართლოს მეგობრის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ ნ. თოდუას მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებაში. სასამართლომ არც სასამართლო მეგობრის პოზიცია გაითვალისწინა.

აღნიშნულ გარემოებაზე ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაამახვილეს, რომლებმაც  მართლმსაჯულების მიკერძოებულობაზე ეჭვები გამოთვქვეს. „მსჯავრდებულების თანამდებობები და მათი სამსახურეობრივი სტატუსი მიუთითებს, რომ ისინი არ წარმოდგენენ თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ამდენად მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა ის ქონებრივი სიკეთე, რომლის გაფლანგვაზეც პროკურატურა აპელირებს“, - ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანზიაციის (TI Georgia, EMC, IDFI, PHR, ISFED, GDI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი) ერთობლივ განცხადებაში.

სახალხო დამცველმა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში, ასევე ნათლად დაასაბუთა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ისე ფართოდ განმარტება, როგორც ეს საქალაქო სასამართლომ მოახდინა, კონსტიტუციით გარანტირებულ კანონიერების პრინციპთან  წინააღმდეგობაში მოდის.

„თანხის გამოყოფა (რომლის გაფლანგვისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ასევე მოცემული დეპარტამენტების სამმართველობიების უფროსების და სპეციალისტების უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვა. ამასთან, გაფლანგულად შერაცხული თანხის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ დამნაშავედ ცნობილ პირებს,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის მოსაზრებაში. აღსანიშნავია, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ამჟამად უკვე ყოფილმა ლიდერმა, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა  ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირთა დაკავება ჯერ კიდევ 2014 წლის 4 ნოემბერს პოლიტიკურად მოტივირებულად და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად შეაფასა. მეორე დღესვე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ალასანია და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გადააყენეს. ირაკლი ალასანიას თქმით, 2014

წლის 28 ოქტომბერს იგი საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულების  ხელმოწერის მიზნით იმყოფებოდა. ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრის დავალებით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავის შეკავება სთხოვა, რაზეც ალასანიამ უარი განუცხადა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ „კაბელების საქმეზე“ რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანის დაკავება სწორედ 28 ოქტომბერს მოხდა და მათთვის ბრალის წარდგენა ირაკლი ალასანიას მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას დაემთხვა.

დასკვნა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე სახალხო დამცველის აზრით, „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული პირები სპეციალურ სუბიექტებს არ წარმოდგენდნენ, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შეეძლოთ, რაც გაფლანგვას გულისხმობს. კერძოდ, ის თანხა, რომლის გაფლანგვასაც მათ ედავებიან, არცერთი მათგანის კანონიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში არასდროს ყოფილა და მათი სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე ვერც იქნებოდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ალასანიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი