„ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ყვარლის 27-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ბოტკოველი „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ადმინისტრაციით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ბოტკოველმა ვიდეომასალა

წარადგინა, რომელშიც, მისი განმარტებით, ჩანს „ქართული ოცნების“ ოფისიდან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული მე-6 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები როგორ გამოდიან. ბოტკოველის მტკიცებით, ამ შეხვედრას ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა და მან საარჩევნო კომისიების წევრებს მეორე ტურისთვის დავალებები მისცა.

ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის ინფორმაციით, კადრები 10 ოქტომბერს არის გადაღებული. ვიდეოკადრებში ირაკლი სესიაშვილი არ ფიგურირებს.

„ჩემი კონკურენტი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს კომისიის წევრებს, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს თელავი-ყვარლის ოლქზე, სადაც 47 უბნიდან 19 უბანში მე ვარ გამარჯვებული. ზუსტად ამ 19 უბნის კომისიის წევრებს, როგორც საოლქო კომისიის კვოტით, ისე პარტიიდან დანიშნულ კომისიის წევრებს, პირდაპირ აძლევენ დავალებებს, როგორ უნდა დახუჭონ თვალები იმ ფაქტებზე, რაც მოხდება მეორე ტურში. როგორ არ უნდა მოახდინონ რეაგირება, თუ რომელიმე ადამიანი შევა სხვისი პირადობის მოწმობით და ხმას მისცემს. საუბარია ასევე კონრეტულ მითითებებზე, რა უნდა გააკეთონ და როგორ გაზარდონ ხმები საარჩევნო უბანზე. კადრში ჩანან ანა ხმალაძე, ფატი თეთრაშვილი, ესენი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის კვოტით დანიშნული კომისიის წევრები, რომლებსაც კანონი უკრძალავს, რომ რაიმე კონტაქტი ჰქონდეთ რომელიმე პარტიასთან. მათ ხელმძღვანელობს მეექვსე უბნის მაგალითზე კომისიის თავმჯდომარე ქეთი ველთაური. სუს-ის შეკრებები ძირითადად ხდება მეექვსე სკოლაში და ეს არის იმ სკოლის დირექტორი. ამავდროულად, კომისიის თავმჯდომარე“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თელავი-ყვარლის 27-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამ ოლქში პირველ ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა 41.62%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ამომრჩეველთა ხმების 35.39% მიიღო.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,

 საარჩევნო კომისიები სულ 13 წევრისგან შედგება. აქედან 6 დამოუკიდებელი წევრია, ხოლო დანარჩენი შვიდი ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებით კომპლექტდება.

კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ქვეთავის „ა” პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 ქვეთავის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები გამოიყენოს: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება; დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა). ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

როგორც ფაქტ-მეტრს თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალმახელიძემ დაუდასტურა, მე-6 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქეთი ველთაური, ასევე ამავე კომისიის წევრები - ანა ხმალაძე და ფატი თეთრაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის კვოტით  არიან არჩეული. მისივე თქმით, ოპოზიციონერი კანდიდატის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე საოლქო კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო.

„კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკითხა ვიდეოში გამოკვეთილი ყველა პირი და თუ დადასტურდა მათი ამ სახით მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - უთხრა ფაქტ-მეტრს გიორგი კალმახელიძემ.

ამ საკითხზე ჩვენ მე-6 საუბნო კომიისიის თავმჯდომარეს ქეთი ველთაურს დავუკავშირდით, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. „ამ მახინჯ სპექტაკლთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ“, - აღნიშნა ველთაურმა.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, „თუ კომისიის წევრები დეპუტატობის კანდიდატის ბიუროში ნებაყოფლობით მივიდნენ, მათ, კანონის თანახმად, სასამართლო ჯარიმას დააკისრებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი ირაკლი სესიაშვილთან შესახვედრად ზეწოლის შედეგად მიიყვანეს, მოცემული შემთხვევა შესაძლოა კომისიის წევრების მანიპულირების ნიშნებს შეიცავდეს, მაგრამ ეს თვითონ კომისიის წევრებმა უნდა დაადასტურონ“.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაბარებას უარყოფს ირაკლი სესიაშვილი. მისივე თქმით, ის ოფისში ნებისმიერ მსურველს ხვდება და მათ პრობლემებზე ესაუბრება.

„ამ ოფისში ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები. ადამიანები მოდიან, გამოხატავენ თავიანთ წუხილებს, თავიანთ დამოკიდებულებას. მე არანაირი დეტექტორები არ მაქვს განვსაზღვრო, ვინ არის კომისიის წევრი და ვინ არა. ვისაც სურვილი აქვს მოდის, ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვსაუბრობთ მათ შორის დარღვევებზე. ხელისუფლება არჩევნებს ატარებს დემოკრატიულ, თავისუფალ რეჟიმში და მიუხედავად ამისა გარკვეული ოპოზიციური ძალები ცდილობდენ არჩევნებში კანონდარღვევით ემოქმედათ. მათ შორის ადგილი ჰქონდა მოსყდვას, კარუსელებს, როგორც ჩვევია „ნაციონალურ მოძრაობას“. საკუთარი მარცხის გამართლებას ცდილობენ ამ ფარული ჩანაწერებით, რასაც ვერ გადაეჩვივნენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დასკვნა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ირკევა, რომ თელავი-ყვარლის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი სესიაშვილის საარჩევნო შტაბში პარტიიდან არჩეულ კომისიის წევრებთან ერთად მე-6 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქეთი ველთაური, ასევე ამავე კომისიის წევრები - ანა ხმალაძე და ფატი თეთრაშვილი მართლაც იმყოფებოდნენ. ისინი საოლქო კომისიის მიერ არიან არჩეული. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ კომისიის წევრები დეპუტატობის კანდიდატის ბიუროში ნებაყოფლობით მივიდნენ, მათ სასამართლომ ჯარიმა უნდა დააკისროს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი შესახვედრად ზეწოლის შედეგად მიყვანეს, შესაძლოა ეს კომისიის წევრების მანიპულირების ნიშნებს შეიცავდეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაბარებას ირაკლი სესიაშვილი უარყოფს. მისი თქმით, ის ოფისში ნებისმიერ მსურველს ხვდება და მათ პრობლემებზე ესაუბრება. ამჟამად, საკითხს თელავის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს.

ამდენად, ფაქტ-მეტრი განცხადებას ჯერჯერობით ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი