საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს იმ მიზეზით, რომ მათ მიერ მიღებული ახალი ნორმები ძალაშია შესასვლელი.

ამის შესახებ „ფაქტ-მეტრისთვის“ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ გზით წავიდნენ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ღიად არ საუბრობენ, რადგან პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე გახდა ცნობილი, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებები აქვს დაგეგმილი და როგორც თავად ამბობენ, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი თემა, რაზეც ახალი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ის საკითხებიც ცნობილია, რაც საკონსტიტუციო რეფორმაში მოხვდება. მათ შორის მთავარი კი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაა.

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე იქცა კამათის საგნად, მაგრამ, სანამ პროექტი არ მომზადდება, ძნელია დაბეჯითებით საუბარი, როგორი იქნება ეს ცვლილებები. ამჯერად საინტერესოა კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი.

„ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც აქამდე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული, ამბობს, რომ „თავისთავად მართვა-გამგეობის საკითხები აქტუალურია და მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ამბიცია, რომ უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი გავხადოთ მართვა-გამგეობის სისტემა“.

ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, რომელ სისტემას აირჩევს გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი.

„ეს პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა უფლებამოსილება ექნება და კონტროლის რა მექანიზმები იარსებებს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს ბალანსი ხელისუფლების სამივე განშტოებას შორის და, მეორე მხრივ, შენარჩუნდეს პრეზიდენტის თანამდებობა, როგორც უმაღლესი არბიტრისა.

ბევრს ჰგონია, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების განშტოება, ეს კი ასე არ არის. პრეზიდენტი ხელისუფლების არც ერთ განშტოებას არ მიეკუთვნება. ის არის არბიტრი და მისი გააქტიურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავა წარმოიშობა ხელისუფლების განშტოებებს შორის. ან, ღმერთმა დაიფაროს, პრეზიდენტი აქტუალური ხდება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს. ანუ ის არის არბიტრის ფუნქციის და არა სახელისუფლებო ძალაუფლების მატარებელი“, - ამბობს ქუცნაშვილი.

მისი თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი და დაანონსებულია მხოლოდ ის, რომ საჭიროა ცვლილება, თუმცა, თუ როგორი იქნება ეს ცვლილება, ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, მას დეტალებზე საუბარი უჭირს.

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, ქუცნაშვილი ამბობს, რომ „თეორიულად ასეთი რამ გამორიცხულია“.

„ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, რადგან მისი უფლებამოსილების შეკვეცის უფლება, კონსტიტუციიდან გამომდინარე, არავის აქვს. რაც შეეხება იმას, რა წესით მოხდება მისი არჩევა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი. ანუ გადავალთ თუ არა წმინდა საპარლამენტო მმართველობაზე, თუ შევინარჩუნებთ შერეული მმართველობის სისტემას“, - ამბობს ქუცნაშვილი.

თუმცა, ის არაფერს ამბობს იმაზე, იზიარებენ თუ არა მის ამ პოზიციას პარტიის შიგნით.

ამ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არაკონსტიტუციურია, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტებიც ადასტურებენ.

„მე არ მგონია, რომ ვინმე გონიერი ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების მიღმა სერიოზულად განიხილავდეს შესაძლებლობას, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, იმ არგუმენტით, რომ კონსტიტუციაში შესულია ცვლილებები და იცვლება მისი არჩევის წესი, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთი პრეცედენტი შეუძლებელია, მოხდეს საერთოდაც და საქართველოშიც. ეს პირდაპირ კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგოა“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც 2010 წელს იმ საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც პრეზიდენტის დღეს მოქმედი უფლებამოსილება განსაზღვრა, ამბობს, რომ „პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ამის გაკეთება თეორიულად შეუძლებელია, ვინაიდან პრეზიდენტი ხალხმა აირჩია გარკვეული მანდატით და ვადით, გარკვეული უფლებამოსილებებით, იცოდა რა, პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული რა შესაძლებლობები აქვს. ამიტომ მისი უფლებამოსილების შემცირება ვადამდე თეორიულად შეუძლებელია. არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუმცირო ან გაუზარდო. მაგრამ ეს ცვლილებები ახალ პრეზიდენტს უნდა შეეხოს. ეს პრეზიდენტი არჩეულია გარკვეული მანდატით, ამ მანდატში არის მისი კონკრეტული უფლებამოსილებები. ამიტომ ამის შემცირება ან გაზრდა ვადამდე შეუძლებელია. ეს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება“.

ამ შემთხვევაში ჩვენ ცვლილების არსზე არ ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია ძალაში შესვლის თარიღი, რადგან ამაზე ბევრი საკითხია დამოკიდებული და, რაც მთავარია, აქ არსებითი სულაც არ არის მარგველაშვილი-ივანიშვილის დაპირისპირების თემა.

საქმე ის არის, რომ, თუკი პრეზიდენტი არჩეულია კონკრეტული ვადითა და ფუნქციით და მისთვის ამ ვადისა და ფუნქციის შეცვლა არ შეიძლება, ეს პრინციპი ეხება პარლამენტსაც. ანუ პარლამენტიც ახლა კონკრეტული ფუნქციით არის არჩეული და ამ ფუნქციაში პრეზიდენტის არჩევა არ შედის. შესაბამისად, თუკი გადაწყდება, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, მას ეს პარლამენტი ვერ აირჩევს და ლოგიკურად გამოვა, რომ ეს ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან.

ანუ მხოლოდ 2020 წელს არჩეული პარლამენტი შეძლებს, რომ პრეზიდენტი თავად აირჩიოს. მანამდე პრეზიდენტის არჩევნები უწევს 2018 წელს და გამოდის, რომ შემდეგი პრეზიდენტიც ძველი, ამჟამად მოქმედი წესით იქნება არჩეული და 2020 წელს არჩეულ პარლამენტს 2023 წელს შეეძლება პრეზიდენტის ახალი წესით არჩევა, როდესაც პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება.

ცხადია, ამ ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს, სულაც არ აწყობს, რომ 2023 წელს ასამოქმედებელი წესისთვის გაისარჯოს. მით უმეტეს, რომ არავინ იცის, იმ დროისთვის რა რეალობა იქნება შექმნილი. ამიტომაც ხელისუფლების ინტერესშია და, ჩვენი ინფორმაციით, აქტიურად მუშავდება სქემა, რომ პრეზიდენტი ამ პარლამენტმა აირჩიოს. მით უმეტეს, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ახლა ჰყავს. ამისთვის კი აპირებენ, 2010 წლის ქეისი გამოიყენონ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვადამდე ჩატარდა.

2010 წლის პრეცედენტი

2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომით უნდა გამართულიყო, მაგრამ, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არჩევნები რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა. ოფიციალურად ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი გახდა.

ამის რეალური მიზეზი ის იყო, რომ ოპოზიცია აქტიურად ითხოვდა დედაქალაქში ხელისუფლების შეცვლას და კარვების აქციიდან ერთი წლის შემდეგ დაახლოებით იგივე პროცესები რომ არ გამართულიყო, გიგი უგულავას შეცვლას დასთანხმდნენ.

თუმცა, ეს კულუარულ მოლაპარაკებებზე ხდებოდა და მერი, რომელიც დანიშნული იყო, პირდაპირ რომ არ მოეხსნათ, ხელისუფლებამ თქვა, რომ საკრებულოს არჩევნები, მერის არჩევნებთან ერთად, კანონით განსაზღვრულზე რამდენიმე თვით ადრე გაიმართებოდა.

მართალია, მაშინ მერი დანიშნული იყო და მას ვადა არ ჰქონია, მაგრამ საკრებულოებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო არჩეული, უფლებამოსილების ვადა არ ჰქონდათ ამოწურული. სწორედ ამის გამო ეს საკითხი სპეციალისტებს შორის მაშინვე დავის საგნად იქცა, მაგრამ არგუმენტად სწორედ მერის არჩევნების შემოღება, ანუ ახალი სისტემის დანერგვა დასახელდა.

როგორც ჩანს, ახლაც იგივე არგუმენტი დასახელდება, მით უმეტეს, რომ გარკვეულწილად პრეცედენტი უკვე არსებობს.

თუმცა, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ არგუმენტით დასაბუთება მაინც გაუჭირდება.

„იმ შემთხვევაში საუბარი იყო არჩევნების თარიღის გადმოწევაზე, რომლის გამოც კალენდარული 4-წლიანი თუ 5-წლიანი ციკლი ვერ შესრულდა. მაგალითად, თუკი პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, ეს არ ნიშნავს ზუსტად კალენდარულ 5 წელს. ეს მოდელებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, აშშ-ში პრეზიდენტს ირჩევენ ზუსტად 4 წლის ვადით იმიტომ, რომ იქ ზუსტად არის არჩევნების თარიღი განსაზღვრული და იცი, რომელი წლის რომელი თვის რომელი კვირის რომელ დღეს ტარდება არჩევნები. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენი არჩევნების თარიღები არ არის ასე განსაზღვრული და პრეზიდენტის თუ პარლამენტის უფლებამოსილების ზუსტად 4-წლიანი თუ 5-წლიანი ვადები შეიძლება ზუსტად არ შესრულდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს იმიტომ, რომ კანონში რაღაც შეიცვალა.

ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ შეიძლება კონსტიტუციაში არჩევნების ჩატარების თარიღი შეიცვალოს, გადმოიწიოს ან გადაიწიოს და ამით შესაძლოა 6 თვით გაიზარდოს ან შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. ეს არის შესაძლებელი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ, თუკი პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, მანამდე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებების მომიზეზებით, არ იქნება სწორი“, - ამბობს მშვენიერაძე.

მაგრამ, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს მარგველაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, ამ გადაწყვეტილების გასამყარებლად არ არის გამორიცხული, პლებისციტი ჩატარდეს, სადაც მოსახლეობა იტყვის, რომ თანახმაა, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს იმის გამო, რომ ახალი სისტემა ამოქმედდეს, რომელიც, ცხადია, პროპაგანდირებული იქნება ისე, რომ ეს ქვეყნისთვის უკეთესია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლებისციტის დანიშვნა, არჩევნებისა და რეფერენდუმისგან განსხვავებით, პრეზიდენტს არანაირად არ ეხება და მას პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ამასთანავე, მართალია, პლებისციტი არ არის აუცილებლად შესასრულებელი, მაგრამ ხელისუფლებას ეს უფრო მეტ ბერკეტს აძლევს, რომ შედეგები საკუთარი სურვილის მიხედვით გამოიყენოს.

„ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ აქ არის რამდენიმე მომენტი - ერთი ის, რომ პლებისციტი შესასრულებლად სავალდებულო არ არის და მეორე, ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან ხალხმა პრეზიდენტი გარკვეული უფლებამოსილებით აირჩია და ის ამ უფლებამოსილებას ბოროტად ნამდვილად არ იყენებს“, - ამბობს დემეტრაშვილი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი