გასულ კვირას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სექტემბერში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, მიმოვიხილოთ, რომელმა პარტიამ რა რაოდენობის შემოწირულება მიიღო წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, შეგვიძლია, ვნახოთ, საშუალოდ, რამდენი ლარი „დაუჯდა“ ამომრჩევლის ერთი ხმა თითოეულ პარტიას.

2016 წელს კერძო შემოწირულებების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, „ოცნებას“ 16.1 მილიონი ლარი შესწირეს.

შემოწირულებების მხრივ, მეორე ადგილზეა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ 4.2 მილიონი ლარით. მესამე ადგილი „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა 1.1 მილიონი ლარით, ხოლო მეოთხე ადგილზე გასულმა „ნაციონალური მოძრაობამ“ ზუსტად 1 მილიონი მიიღო.

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატების ნაწილმა ზოგ პარტიაზე მეტი შემოწირულება მიიღო. მაგალითად, ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ყოფილმა მფლობელმა ილია კოკაიამ 559 000 ლარი მიიღო, ქარელის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვასილ ხანიშვილმა - 428 000 ლარი.

ამ დამოუკიდებელ კანდიდატებზე ნაკლები შემოწირულებები მიიღეს ისეთმა პარტიებმა, როგორებიცაა „თავისუფალი დემოკრატები“ - 421 690, „ახალი საქართველო“ - 372 841, „გირჩი“ - 231 363, „ეროვნული ფორუმი“ - 92 856 და „რესპუბლიკური პარტია“ - 59 115.

ცხრილი 1:საარჩევნო პერიოდში მიღებული შემოწირულება

პარტია

შემოწირულების რაოდენობა

ქართული ოცნება

16 101 506

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

4 205 343

პატრიოტთა ალიანსი

1 098 207

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

1 018 581

ილია კოკაია - დამოუკიდებელი კანდიდატი

559 000

ვასილ ხანიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

428 000

თავისუფალი დემოკრატები

421 690

ახალი საქართველო

372 841

გირჩი

231 363

ცეზარ ჩოჩელი - დამოუკიდებელი კანდიდატი

225 000

ქობულეთის მომავლის ფონდი (ლეონიდ ჩერნოვეცკი)

186 995

საინტერესოა, რამდენი ლარის დახარჯვა მოუწიათ პარტიებს, საშუალოდ, ერთი ამომრჩევლის ხმისთვის. ამის გასაგებად კონკრეტული პარტიის შემოწირულება მიღებულ ხმებზე გავყავით.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ 16 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო არჩევნებზე ხმა მას 856 000-მა ადამიანმა მისცა, შესაბამისად, ერთი ხმის მოპოვება „ქართულ ოცნებას“, საშუალოდ, 18.8 ლარი დაუჯდა.

მეორე ადგილზე გასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების მოპოვება გაცილებით იაფად შეძლო და ერთი ამომრჩევლის ხმის მისაღებად 2.1 ლარი დახარჯა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ერთი ხმის მოსაპოვებლად 12.4 ლარი გაიღო.

საინტერესოა, რომ პარლამენტში ვერმოხვედრილი პარტიების ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური, ამ მხრივ, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვისაა“. ამ პარტიამ ერთი ხმის მოსაპოვებლად 75.4 ლარი დახარჯა. ხოლო ყველაზე ეფექტური შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტიაა“. ლეიბორისტებმა წინასაარჩევნოდ მხოლოდ 15 215 ლარი მიიღეს, ხმა კი მათ 55 208 ადამიანმა მისცა, რაც ნიშნავს, რომ ერთი ხმის მოსაპოვებლად პარტიამ, საშუალოდ, 28 თეთრი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში დამოუკიდებელ კანდიდატებს ერთი ხმის მოპოვება გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ცალკეულ პარტიებს. მაგალითად, ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია კოკაიამ ბევრ პარტიაზე მეტი დაფინანსება მიიღო. საშუალოდ, ერთ ხმაზე 104 ლარი დახარჯა, თუმცა, მეორე ტურში ვერ გავიდა.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ქარელში, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატ ვასილ ხანიშვილს 428 000 ლარი შესწირეს, მან კი მხოლოდ 2 553 ხმა მიიღო - საშუალოდ, 167 ლარი თითო ხმაზე.

ცხრილი 2:ერთ ხმაზე დახარჯული თანხა

პარტიები

ერთ ხმაზე დახარჯული თანხა

ქართული ოცნება

18.80

ნაციონალური მოძრაობა

2.14

პატრიოტთა ალიანსი

12.47

თავისუფალი დემოკრატები

5.18

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

2.86

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის

75.45

ლეიბორისტული პარტია

0.28

რესპუბლიკური პარტია

2.17

დამოუკიდებელი კანდიდატები

ვასილ ხანიშვილი

167.6

ილია კოკაია

104.4

ლეონიდ ჩერნოვეცკი

58.9

ცეზარ ჩოჩელი

22.3


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი