საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რეგიონულ მედიასთან შეხვედრების დროს, საქართველოში კორუფციის არსებულ დონესა და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე არაერთხელ ისაუბრა. „კორუფცია ნულამდეა დასული, ნაცვლად იმისა, რომ [წინა ხელისუფლების დროს] ელიტარული კორუფცია იყო“, - განაცხადაივანიშვილმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

საჯარო უწყებებთან ურთიერთობაში გამოვლენილი კორუფციული პრაქტიკის შეფასების რამდენიმე ინდიკატორია ცნობილი. საქართველოში ამ მიმართულებით არსებული ვითარების შეფასების კონტექსტში ჩვენ თითოეული მათგანს მიმოვიხილავთ.

მსოფლიო სამართლის პროექტი, ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) ინიციატივით, 2006 წელს უილიამ (ბილ) ნიუქომმა დააარსა. მსოფლიო სამართლის პროექტის ერთ-ერთი პროდუქტია კანონის უზენაესობის ინდექსი, რომელიც ასახავს კონკრეტულ ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღქმას მოქალაქეთა მიერ. კვლევა 100 ათასზე მეტი შინამეურნეობისა და 2 400 ექსპერტის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის საშუალო შეფასება დამოკიდებულია 44 ინდიკატორზე 8 კატეგორიის მიხედვით. აღნიშნული კატეგორიებია: სახელისუფლებო ძალაუფლების შეზღუდვები; კორუფციის არარსებობა; მთავრობის ღიაობა; ფუნდამენტური უფლებები; წესრიგი და უსაფრთხოება; სარეგულაციო აღსრულება; სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართმსაჯულება. ცხრილში 1 მოცემულია კანონის უზენაესობის ინდექსის მაჩვენებლები საქართველოსათვის 2012-2015 წლებში.

ცხრილი 1:კანონის უზენაესობის ინდექსი (საქართველო)

წელი 2012-2013 2014 2015
მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა 0.48 0.53 0.62
კორუფციის არარსებობა 0.77 0.71 0.73
წესრიგი და მართლმსაჯულება 0.84 0.48 0.61
ფუნდამენტური უფლებები 0.61 0.58 0.64
მთავრობის ღიაობა 0.47 0.85 0.83
სარეგულაციო აღსრულება 0.63 0.57 0.62
სამოქლაქო მართლმსაჯულება 0.61 0.59 0.63
სისხლის სამართლის მართლმსაჯულება 0.66 0.51 0.54
საშუალო მაჩვენებელი 0.63 0.60 0.65
ადგილი მთლიან რეიტინგში 30 31 29

წყარო: მსოფლიო სამართლის პროექტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012-2013 წლებში შეფასების საშუალო მაჩვენებელი საქართველოსათვის 0.63-ს შეადგენდა, რაც მთლიან რეიტინგში 30-ე ადგილს შეესაბამება. 2014 წელს საშუალო მაჩვენებელი გაუარესდა და 0.6 შეადგინა, შედეგად მთლიან რეიტნგში საქართველო ერთი საფეხურით დაქვეითდა. 2015 წელს საშუალო შეფასება 0.65-მდე გაიზარდა, შესაბამისად მთლიან რეიტინგში საქართველომ 29-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სამართლის პროექტის მონაცემებით, 2012-2013 წლებში უშუალოდ კორუფციის არარსებობის ინდიკატორი 0.77-ს შეადგენდა, 2014 წელს გაუარესდა და 0.71 შეადგინა, 2015 წელს კი 0.73-მდე გაიზარდა. თუმცა, 2012-2013 წლების ნიშნულისთვის არ მიუღწევია.

ამავდროულად, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, 2012 წლის შეფასებით, საქართველოს მაჩვენებელი 52-ს შეადგენდა, 2013 წელს აღნიშნული მონაცემი გაუარესდა და 49-მდე შემცირდა. 2014 წელს ინდექსი 2012 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, 2015 წელს კი ცვლილება არ განუცდია, შესაბამისად ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში კორუფციის აღქმის დონე დადებითი მიმართულებით არ შეცვლილა, თუმცა არც უარყოფითი ტენდენცია შეუძენია.

კორუფციის გლობალური ბარომეტრი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომლის ბოლო კვლევის შედეგები 2013 წლის ივლისში გამოქვეყნდა. აღნიშნული კველვის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 4% ადასტურებდა, რომ გასული 12 თვის მანძილზე ქრთამი გადაიხადა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური მაჩვენებელი 27%-ს უტოლდება (იხ. ბმული).

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევა ასახავს 2012 წლის ჩათვლით არსებულ ვითარებას, მიმდინარე პერიოდის მონაცემებს კი 2016 წლის მაისის დასაწყისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2016 წლის მარტის განმავლობაში ჩატარებულ კვლევაში 2 032 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულ მოქალაქეთა 40% თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ, პირადი მიზნების მისაღწევად, თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 და 2013 წლებთან მიმართებით შესაბამისად 15 და 28%-ითაა გაზრდილი. განსხვავებულია ვითარება იერარქიის დაბალ საფეხურებზე არსებული კორუფციის კუთხით, 2016 წელს გამოკითხულთა 1% აცხადებს რომ გამოკითხვამდე 12 თვის პერიოდში ქრთამი გადაუხდია, აღნიშნული მაჩვენებელი ანალოგიურია 2015 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის და 4%-ით ჩამოუვარდება 2013 წელს დაფიქსირებულ მონაცემს.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ2012 წელს გადასახადების გამარტივების პროექტის ფარგლებში და 2016 წელს საქართველოს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ბიზნეს გარემოს კვლევები ჩაატარა (იხ. ბმული 1, ბმული 2), რომლებიც შესაბამისად 1 029 და 800 რესპონდენტის (ფირმების მფლობელები, მენეჯერები, ფინანსური მენეჯერები) აღქმას ეყრდნობა ბიზნეს გარემოს შესახებ. აღნიშნული კვლევების ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს ბიზნესის მიერ კორუფციად აღქმული ქმედებები საჯარო უწყებების მხრიდან. ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, კორუფცია პრობლემად 2012 და 2016 წლებში შესაბამისად 0.11 (1 რესპონდენტი) და 0.13%-მა (1 რესპოდენტი) დაასახელა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 2012 წელს გამოკითხულთა 6% აცხადებდა, რომ სხვისგან გაუგია მსგავსი ფატქების შესახებ, რაც კვლევის მიხედვით კორუფციის უიშვიათეს გამოვლინებად არის მიჩნეული. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 0.75%-ია და კორუფციის თითქმის არარსებობად არის შეფასებული. 2016 წლის კვლევის თანახმად, 0.03% აცხადებდა, რომ უშუალოდ ჰქონია შეხება ქმედებასთან, რომელიც მის მიერ აღქმულ იქნა კორუფციად, 2012 წლის კვლევაში მსგავსი სახის მაჩვენებელზე მსჯელობა საერთოდ არაა მოცემული.

დასკვნა

მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მაჩენებლით საქართველო მთლიან რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებს, 2012-2013 წლების მაჩვენებელთან მიმართებაში წინსვლამ მთლიან რეიტინგში მხოლოდ ერთი საფეხური შეადგინა. ამავდროულად, კორუფციის არარსებობა შეფასებაზე გავლენის მქონე რვა ფაქტორიდან მხოლოდ ერთ-ერთია და მოცემულ შემთხვევაში საშუალო შეფასების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი არ ყოფილა, ვინაიდან თავისთავად კორუფციის არარსებობის ინდექსი 2012-2013 წლებთან მიმართებაში გაუარესებულია. ამავდროულად, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსის 2012-2015 წლებში ცვლილების ტენდენციით ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში კორუფციის აღქმა 2012 წლის ნიშნულზეა და გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია.

კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2013 წლის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 4% აცხადებდა, რომ ქრთამი გადაუხდია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 2016 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, არსებული დადებითი ტენდენცია სამსახურეობრივი იერარქიის დაბალ საფეხურებზე ნარჩუნდება. საჯარო მოხელეთა მხრიდან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობის ბოროტად გამოყენების აღქმის მაჩვენებელი კი გაზრდილია და 40%-ს შეადგენს, რაც შესაბამისად 15 და 28%-ით აღემატება 2015 და 2013 წლების მონაცემებს.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებული საქართველოს ბიზნეს-გარემოს კვლევების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში კორუფცია პრობლემად 2012 წელს 0.11%-მა, 2016 წელს კი 0.13%-მა დაასახელა, 6%-დან 0.75%-მდე შემცირდა პირთა რაოდენობა ვისაც სხვისგან სმენია მსგავსი ფაქტების შესახებ. 2012 წლის კვლევის მიხედვით, კორუფციის უიშვიათესი შემთხვევების შესახებ იყო ცნობილი, 2016 წლის კვლევის თანახმად კი, კორუფცია თითქმის არ არსებობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ, არსებული კვლევების თანახმად, კორუფციის დონე საქართველოში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, არის მეტწილად მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი