საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში შემოსული მგზავრების გაზრდილი რაოდენობის შესახებ ისაუბრა. მან შემდეგი განცხადება

გააკეთა: „წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი, 2015 წელთან შედარებით, 23%-ით, 2012 წელთან შედარებით კი 103%-ით არის გაზრდილი“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საკუთარ განცხადებაში 2016 წლის 9 თვის მონაცემები დაასახელა და ის როგორც წინა წლის, ასევე 2012 ანალოგიურ მონაცემებს შეადარა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ჯამურად 2 მლნ 208 ათას 281 მგზავრია გადაყვანილი, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 24.6%-ით აღემატება. 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში სულ 1 მლნ 771 ათას 650 მგზავრი დაფიქსირდა. რაც შეეხბა 2012 წელს, მგზავრთა ნაკადის რაოდენობამ, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 1 მლნ 61 ათას 222 შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 108%-ით ჩამორჩება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის მაჩვენებელი ყოველ წელს ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული ტენდენცია წინა ხელისუფლების მართველობის პერიოდშიც აღინიშნებოდა.

ცხრილი 1: 

მგზავრთა ნაკადის მაჩვენებლები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში

 წლები  9 თვე წლიური მონაცემი
რაოდენობა % ცვლილება რაოდენობა % ცვლილება
2016 2,208,281 25%  -  -
2015 1,771,650 13% 2,255,002 13%
2014 1,564,179 13% 1,993,813 10%
2013 1,385,477 31% 1,808,622 30%
2012 1,061,222 20% 1,391,561 19%
2011 887,016 30% 1,169,888 28%
2010 684,833  - 916,263  -

ყველაზე დიდი დატვირთვით მგზავრებს თბილისის საერთაშრისო აეროპორტი ემსახურება. 2015 წლის განმავლობაში, ჯამში, თბილისის აეროპორტით 1.88 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც საერთო მაჩვენებლის 81%-ს შეადგენს (იხილეთ ფაქტ-მეტრის კვლევა

 ამ თემაზე). რიგითობის მიხედვით, გასულ წელს, თბილისის შემდეგ, მგზავრთა ნაკადის ოდენობის მხრივ, ყველაზე დატვირთული ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იყო - ის ჯამში 183 804 მგზავრს მოემსახურა. მესამე ადგილზე კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტია, რომლითაც 183 370 მგზავრმა ისარგებლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპლუატაციაში 3 წლის წინ შესულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საკმაოდ მოკლე ხანში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ანალოგიური მაჩვენებლის მიღწევა მოახერხა, რაც პირველ რიგში დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო ავიაზახების დამსახურებით და მათ მიერ სერვისის გაფართოებით არის გამოწვეული.

დასკვნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დასახელებული მონაცემები სიმართლეს შეესაბამება. მეტიც, მიმდინარე წელს მგზავრთა ნაკადის მხრივ ზრდა როგორც გასულ წელთან (24.6%-ით მეტი), ასევე 2012 წელთან (108%-ით) შედარებით იმაზე მეტია, ვიდრე ქუმსიშვილმა აღნიშნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით (2.2 მლნ), საქართველოს აეროპორტები იმდენივე მგზავრს მოემსახურნენ, რამდენსაც მთლიანად 2015 წლის განმავლობაში. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგზავრთა ნაკადის ზრდის ტენდენცია ყოველ წელს ფიქსირდება, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდშიც.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია