პირველ ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რამაც მონასტრის უნიკალური მოხატულობა დააზიანა. ჭვარტლით დაიფარა თამარ მეფისა და გიორგი II-ის უნიკალური ფრესკებიც. მოხერხდება თუ არა პირვანდელი სახით მათი აღდგენა, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ და კონკრეტული შეფასებების გაკეთება მხოლოდ მათ მიერ პირველადი დასკვნის მომზადების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ტაძარში დანთებული სანთელი გახდა, რომელიც იატაკზე ჩამოვარდა. ცეცხლი ჯერ იატაკზე დაფენილ ხალიჩას მოედო, შემდეგ კი ხის მაგიდას, სადაც სანთლები და სხვა საეკლესიო ინვენტარი ინახებოდა. ამ საკითხზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

ამ ინციდენტს სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მის მფლობელობაში მყოფი ისტორიული ძეგლების დაცვას და ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. პარალელურად ინტერნეტსივრცეში ფოტოებიც გავრცელდა, რომელზეც ეკლესია-მონასტრებში სხვადასხვა ტიპის ვანდალური ქმედებებია აღბეჭდილი, რომლის შედეგადაც ისტორიული მნიშვნელობისა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არაერთ ძეგლს პირველადი იერსახე დაკარგული აქვს.

მაგალითად, სვეტიცხოვლის გარე ინტერიერს დამონტაჟებული კონდიციონერები „ამშვენებს“. გერგეთის სამების ეზოში კი ახალი მშენებლობაა წამოწყებული, რომელიც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იმ ჰარმონიულ სივრცეს არღვევს, რაც მონასტრის მთავარი ღირებულებაა. ხშირ შემთხვევაში კი ისტორიულ ეკლესია-მონასტრებზე მეტალოპლასტმასის ფანჯრებია გაკეთებული, ან გამათბობლის მილისთვის კედლებია გახვრეტილი.

2 ნოემბერს კი ინტერნეტში პეტიციაც გაჩნდა, სახელწოდებით - „აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები“. პეტიციის ადრესატი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. პეტიციის ხელმომწერები სამინისტროს და, ასევე, საპატრიარქოს შემდეგი თხოვნით მიმართავენ: „უმორჩილესად გთხოვთ, ყურად იღოთ თხოვნა, ჩამოხსნათ სვეტიცხოვლის გალავნის კედლებიდან გამათბობლები. მოიფიქრეთ შენობის გათბობის სხვა მეთოდი, რომელიც ნამდვილად არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები!“

ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნული ტიპის დარღვევებზე და რა არ კეთდება სათანადოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და თავიდან აცილებისთვის?

ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სახელმწიფოს რისკების შეფასებისა და მართვის მექანიზმები არ აქვს. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის კანონი მოქმედებს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებზეც.

როგორც მიზანდარი აცხადებს, კონკორდატის სახით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ინსტიტუციებს შორის მართვის ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს და არა ძალაუფლების მხოლოდ საპატრიარქოსთვის გადაცემას.

„კონკორდატი არ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს დაბანილი აქვს ხელი“, - განაცხადა მარინე მიზანდარმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტის თეა ონიანის განმარტებით, ბოლო დროს ეკლესია-მონასტრებში დაფიქსირებული დარღვევები თვითნებობის შედეგია. მისივე თქმით, ყველა მესაკუთრემ, მათ შორის ეკლესიამ, კარგად იცის, რომ ნებისმიერი ტიპის სამუშაო, რომელიც ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას ითვალისწინებს, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე უნდა ჩატარდეს.

„სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითნებობასთან. ეკლესია-მონასტრები, კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, დღეს არის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში. ამასთანავე, არსებობს პატრიარქის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაო, რომელიც ხორციელდება ეკლესია-მონასტრებზე, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრთან უნდა იყოს შეთანხმებული“, - განმარტა თეა ონიანმა.

მისივე თქმით, თავად სააგენტო ეკლესია-მონასტრებზე კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების კუთხით, ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ტიპის სამუშაო მათთან თანხმდება. თავის მხრივ, რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების ცენტრი კი, ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემების თაობაზე სააგენტოს მიმართავს.

„ის შემთხვევები, რომელიც ძეგლის ვიზუალური გარემოსთვის არის აბსოლუტურად შეუსაბამო, როგორც წესი, ჩატარებულია საპატრიარქოს რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების საბჭოსთან შეუთანხმებლად. შესაბამისად, აღიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არც ჩვენი მხრიდან არ არის გაცემული“, - აღნიშნა თეა ონიანმა.

მისივე განმარტებით, უნებართვო მშენებლობაზე მოქმედი კანონმდებლობა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს უნებართვო სამუშაოების დროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ჩარჩოებს. თუმცა, იგივე მუხლი, თავის მხრივ, განმარტავს, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საპატრიარქოსა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

„ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი“, - აღნიშნა თეა ონიანმა.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კულტურული მემკვიდრეობის ახალ კოდექსზე მუშაობა მიმდინარეობს. კოდექსის მიხედვით, მსგავსი რანჟირება ძეგლებთან მიმართებით აღარ იქნება და ძეგლზე უნებართვო სამუშაოების ნებისმიერ განმახორციელებელზე თანაბარი ადმინისტრაციული ზომები გავრცელდება. მისივე განმარტებით, კოდექსის პირველადი ვარიანტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, მაქსიმუმ, ერთ თვეში იქნება.

თეა ონიანის განმარტებით, არსებული საკანონმდებლო შეზღუდვიდან გამომდინარე, ეკლესია-მონასტრებთან მიმართებით, სააგენტო მხოლოდ მითითებებისა და რეკომენდაციების გაცემით, ასევე მოლაპარაკებებით შემოიფარგლება.

„ვცდილობთ, ურთიერთმოლაპარაკების გზით მოგვარდეს მსგავსი საკითხები. საბედნიეროდ, ასეთი მოლაპარაკებები ზოგ შემთხვევაში შედეგიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში სათანადო შედეგი ვერ დგება.

ჩვენ ვცდილობთ, იგივე გამათბობლებთან და კონდიციონერებთან დაკავშირებით ავუხსნათ ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს გაცილებით უსაფრთხო და ძეგლის ვიზუალისთვის ნაკლებად დამაზიანებელი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსგავსი საქმიანობის აღკვეთა ვერ ხერხდება“, - ამბობს თეა ონიანი.

კითხვაზე: ანუ ერთადერთი ბერკეტი, რაც მოცემული მომენტისთვის სახელმწიფოს აქვს, არის უბრალო შენიშვნის მიცემა და გამოდის, რომ ინდივიდუალური ადამიანების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა მას? - თეა ონიანი დადებითად პასუხობს.

ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციითაც დავინტერესდით. თუმცა, როგორც საპატრიარქოში განმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო შესაბამისი განცხადების გაკეთებას გეგმავს. მანამდე კი ზეპირი კომენტარებისგან თავს იკავებენ.

პარასკევს საპატრიოარქომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ დაზიანებული ფრესკისა და სხვა მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია.

„ითქვა, თითქოს, XII საუკუნის თამარის ფრესკა და სხვა მოხატულობა ვეღარ აღდგება, რომ ეს დანაშაული შავბნელი ძალის – ეკლესიის არაკომპეტენტურობიდან მომდინარეობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისა.

ზოგიერთების მხრიდან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის და იგი გარკვეულ მიზანს ემსახურება; ისე მათაც კარგად იციან, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთი მომხდარა უცხოეთშიც და საკითხი ასე არავის დაუყენებია. თუნდაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, უფლის სახლია და აქ ღვთისმსახურების აღვლენა მისი უმთავრესი დანიშნულებაა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რაც შეეხება ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების იერსახის დამახინჯებას, საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე ასეთია:

„პრობლემები ზოგადად ბევრი არის და ხშირად იგი ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული. ერთერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ პოსტ-კომუნისტურ ეპოქაში, ათეისტური რეჟიმის შემდეგ, მრავალი ტაძრის და ნატაძრალის აღმშენებლობის პროცესის მოწმენი გავხდით, რაც გულწრფელი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ უნებართვოდ და უგემოვნოდ კეთდებოდა და იყო შემთხვევები, როცა არასწორი ნაბიჯები იდგმეოდა როგორც კერძო ინიციატივებით, ისე ჩვენი და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყველანი, თუმცა ეს გამოუსწორებელი მდგომარეობა, ნამდვილად, არ არის. ჩვენ თითქმის ორი წელია, რაც ხელი მოვაწერეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან მემორანდუმს და დავადგინეთ, რომ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით ვიმოქმედებდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას და ამასთან, მივესალმებით სხვა მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობას პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კონკორდატი და საკანონმდებლო ბაზა

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონკორდატი არეგულირებს. ეს არის კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა.

კონკორდატი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს. მაგალითად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია, სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებებისგან, ეკლესიის მიერ წარმოებული პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, განთავისუფლებულია გადასახადებისგან.

ამასთანავე, კონკორდატის მეშვიდე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომელზეც ისინია განლაგებული.

კონკორდატის მეცხრე მუხლის თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-კულტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისთვის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი აწესრიგებს. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის მესაკუთრის მიერ დაზიანების შემთხვევაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი გაფრთხილების მიცემის შემდეგ, მისი არშესრულების შემთხვევაში მესაკუთრის დაჯარიმების უფლება აქვს. თუმცა, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, რელიგიური კონფესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, ნანგრევებსა და იმ მიწის ნაკვეთებს, რომელზეც ისინია განთავსებული, ეკლესიის საკუთრებად აღიარებს, გამოდის, რომ სახელმწიფოს ამ ქონების მეპატრონის, ანუ ეკლესიის მესვეურების მიერ ძეგლის დაზიანების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მისი დაჯარიმების არავითარი საკანონმდებლო ბერკეტი არ აქვს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტეს, სააგენტო შესაბამის კოდექსზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების შემთხვევაში, ძეგლების მესაკუთრეების მიხედვით რანჟირება არ მოხდება და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა მოქალაქეზე თანაბრად გავრცელდება.

ცხადია, ცალკე მსჯელობის საგანია ის, რამდენად მიიღებს კოდექსი ქმედით ხასიათს და რეალურად რამდენად იმუშავებს ის სასულიერო პირებზე იმავე წარმატებით, როგორც რიგით მოქალაქეზე. ამას, ბუნებრივია, დრო აჩვენებს. მანამდე კი ფაქტი ერთია - ახალი საკანონმდებლო ბაზის მოლოდინში კულტურული მემკვიდრეობის უკვე არაერთმა ძეგლმა იცვალა პირველადი იერსახე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი