რეგიონში დაწყებული ციტრუსის სეზონზე საუბრისას ტვ 25-ე არხის ეთერში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა:

„დღეს რეგიონში გვაქვს ოთხი მსხვილი შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო. თითოეულ მათგანს შეუძლია ხუთი ათასამდე ტონა სტანდარტული საექსპორტო მანდარინის შეფუთვა-დახარისხება. ოთხიდან ორი, ე.წ. ინესსაც გადაამუშავებს. ამ ოთხ საწარმოს აქვს ჯამში 20-25 ათასი ტონა წმინდა საექსპორტო მანდარინის შეფუთვა-დახარისხების სიმძლავრე, წელს ველოდებით 30 ათას ტონა საექსპორტო ციტრუსს. მსხვილი საწარმოების გარდა, რეგიონში ფუნქციონირებს ე.წ. პავილიონები. თითოეული ამ საწარმოს მიერ შარშან საექსპორტოდ გავიდა 7-8 ათასი ტონა ციტრუსი“.

გადაცემაში მინისტრმა აქცენტი ციტრუსის ექსპორტის მზარდ მაჩვენებელზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ფერმერებს წელს მოსავლის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ, რადგან გაცილებით მეტი ციტრუსი გავა უცხოურ ბაზარზე, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონის მოსალოდნელი მაჩვენებლები გასული ორი წლის შედეგებს  შეადარა.

2014 წელს აჭარაში ოცდაათი ციტრუსის შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმო ფუნქციონირებდა,

რომელთაგან ორი მსხვილი საწარმო - შპს „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფის“ ქობულეთის საკონსერვო ქარხანა და შპს TFC GEORGIA - არასტანდარტულ ნაყოფსაც, ე.წ. ინესსაც ამუშავებდა. 2014-2015 წლის ციტრუსის სეზონზე მათ 9 900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი გადაამუშავეს, ხოლო რეგიონიდან ექსპორტზე ჯამში 24 439 ტონა ციტრუსი გავიდა.

ცხრილი 1:

 2014-2015 წლის სეზონზე აჭარიდან ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა ქვეყნების მიხედვით

ქვეყანა უკრაინა ბელარუსი ყაზახეთი რუსეთი მოლდოვა აზერბაიჯანი/სომხეთი უზბეკეთი
ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა, ტონა 5 022 278 185 11 346 147 6 870 591

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საანგარიშო პერიოდში ციტრუსის მოსავალი ჯამში 73 ათასი ტონა იყო, გამოდის, რომ ექსპორტზე მთლიანი მოსავლის 33 % გავიდა. ექსპორტირებული ციტრუსის ყველაზე დიდი ნაწილი - 46%, რუსეთის ბაზარზე გაიყიდა.

2014

წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის (ციტრუსების მოსავლის სუბსიდირების მიზნით) გამოყო, რამაც კომპანიებს 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში 0,20 ლარის გადახდის საშუალება მისცა. აქედან 0,10 ლარს კომპანია იხდიდა, ხოლო მეორე ნახევარს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სუბსიდიის სახით გასცემდა. ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და ამ ეტაპზეც კომპანიები ფერმერებისგან არასტანდარტულ მანდარინს  0,20 ლარად ყიდულობენ.

2015 წლის მონაცემებით, რეგიონში ციტრუსის მოსავალმა 104 852 ტონა შეადგინა.

აქედან სტანდარტული ნაყოფი 79 755 ტონა, ხოლო არასტანდარტული 25 097 ტონა იყო. მიღებული მოსავლიდან ექსპორტზე ჯამში 25 183  ტონა ციტრუსი გავიდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის იყო უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ცხრილი 2: 2015-2016

წლის სეზონზე აჭარიდან ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა ქვეყნების მიხედვით

ქვეყანა უკრაინა ბელარუსი ყაზახეთი რუსეთი სომხეთი აზერბაიჯანი სხვა ქვეყნები
ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა, ტონა 3 731 242 447 19 684 773 232 74

როგორც ცხრილიდან ჩანს, საანგარიშო წელს უცხოეთის ბაზარზე საწარმოების მიერ შეფუთული და პარაფინირებული სტანდარტული ნაყოფის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 32%  მოხვდა, დანარჩენი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. როგორც წინა საანგარიშო წელს, ამ შემთხვევაშიც ექსპორტირებული პროდუქციის უმეტესი წილის - 78%-ის რეალიზება კვლავ რუსულ ბაზარზე მოხდა.

რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, 2015 წელს მისი გადამუშავებით სამი საწარმო იყო დაკავებული - შპს „აქტივების მართვის ინდუსტრიული ჯგუფის“ ქობულეთის საკონსერვო ქარხანა, შპს „კტმ-ქედის საკონსერვო ქარხანა“ და შპს TCF GEORGIA. მთლიანობაში ამ ქარხნებმა 7 515 ტონა არასტანდარტული ნაყოფი გადაამუშავეს.

2015 წელს რეგიონში კიდევ ერთი ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი საწარმო გაიხსნა,

რომელმაც პარაფინირების მოწყობილობები შეიძინა. ამ სიახლემ მეწარმეს ციტრუსის ევროპული სტანდარტებით დაკალიბრება-შენახვის საშუალება მისცა. გასულ წელსაც, მსხვილ საწარმოებთან ერთად, ორმოცამდე მცირე მიმღებ-დამხარისხებელი პუნქტი მუშაობდა.

გასული ორი წლის მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2015 წელს ციტრუსის მოსავალი წინა წელთან შედარებით 31 852 ტონით მეტი იყო და აქედან გამომდინარე, ამ წელს ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელიც წინა საანგარიშო წლის მაჩვენებელს მხოლოდ 744 ტონით, ანუ 3%-ით აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ წელს აჭარაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს, ხელვაჩაურელ ფერმერებს მოსავლის ჩაბარების პრობლემა მაინც აქვთ, რადგან მათ მუნიციპალიტეტში ასეთი საწარმო არ არის და ციტრუსის ქობულეთში ჩატანა უწევთ, რაც დამატებითი ხარჯების გარდა, ნაყოფის დროულად ჩაბარების პრობლემასაც ქმნის. რამდენიმე კვირის განმავლობაში რიგში დგომა კი მოსავლის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. აჭარის ა/რ სოფლის მინისტრი ამბობს,

რომ სამინისტრო ხელს შეუწყობს იმ მეწარმეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმოს გახსნას გადაწყვეტს.

მიმდინარე წელს აჭარის ტერიტოორიაზე არსებული ციტრუსის ბაღებიდან 50-60 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.

უკვე არსებულ საწარმოებს კიდევ ერთი დაემატა. ახალი საწარმო 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და სეზონზე 3 000 ტონა ნაყოფის მიღება-დამუშავებას შეძლებს. გარდა დიდი საწარმოებისა, რეგიონში კიდევ ორმოცამდე მცირე მიმღები პუნქტია. ყველა საწარმო, ჯამში, 30 000 ტონამდე საექსპორტო ციტრუსს გადაამუშავებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ტრადიციულ უცხოურ ბაზრებს კიდევ რამდენიმე ახალი დაემატება, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.

რეგიონში ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით შტაბი გაიხსნა, რომელიც დღეღამის განმავლობაში იმუშავებს.  შექმნილია ცხელი ხაზიც - 15 01 - რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

დასკვნა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს რეგიონში ოთხი მსხვილი საწარმო მოქმედებს: შპს TCF GEORGIA, შპს Georgian Industrial Asset Management Group, შპს Agroinvest Service და შპს "საერთაშორისო ვაჭრობა თურქეთ-საქართველო". თითოეულის  სიმძლავრე სეზონზე 3 000-5 000 ტონას შეადგენს. გარდა ამისა, ორმოცამდე მცირე საწარმოა, რომელთა სიმძლავრე 100-დან 2 500 ტონამდე მერყეობს. მთლიანობაში, საწარმოები მზად არიან 60 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მიღება-დახარისხებისთვის. სავარაუდოდ, წელს ექსპორტზე რეგიონიდან  30 000 ტონა ციტრუსი გავა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 4 000 ტონით აღემატება. ექსპორტის ტრადიციული ქვეყნების გარდა, ქართული ციტრუსის ახალ ბაზრებზე გატანაც იგეგმება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ლაშა კომახიძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი