მიმდინარე წლის 5 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა: "წინა წლებში ჩვენ გვქონდა ლარი 1.67-1.68 ფარგლებში, როდესაც გამყარებული იყო არა ეკონომიკით, არამედ საგარეო ვალით. შეგნებულად ვთქვით ამ მანკიერ პრაქტიკაზე უარი, იმიტომ, რომ დღეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ლარის ამ მოცემულობას, არის ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით საგარეო ვალის გადახდის აქტიურ ფაზაში. 2012 წელს მემკვიდრეობით ახალ ხელისუფლებას ერგო 14 მლრდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი და ამ ვალებით ხდებოდა გამყარება და არა ეკონომიკით".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მრავალი ფაქტორის ერთობლივი ცვლილების შედეგად ყალიბდება. ლარის გაუფასურებასა და გამყარებაზე მოქმედებს: საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობა, საზღვარგარეთდან მიღებული ფაქტორული შემოსავლები და დახმარებები, უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვალის აღება/დაფარვა; ამავდროულად, ეკონომიკური ვითარებით განპირობებული მოთხოვნა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაზე; ეროვნული ვალუტის მიწოდების მოცულობა, ბაზრის მონაწილეთა მოლოდინები და ა.შ. შესაბამისად, ცალკე აღებული ნებისმიერი ფაქტორით კურსის ცვლილების ახსნის მცდელობა არასწორი მიდგომაა.

ქვეყნის საგარეო ვალი სახელმწიფოს და კერძო სექტორის საგარეო ვალის ჯამია. როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს 2012 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი 4.25, ხოლო მთლიანი საგარეო ვალი 13.28 მლრდ დოლარს შეადგენდა. ვალის არსებული სტრუქტურის მიხედვით, მთლიანი მოცულობის უმთავრეს ნაწილს სწორედ კერძო სექტორის დავალიანება შეადგენს. შესაბამისად, ვალის მთლიან მოცულობაზე მთავრობის პასუხისმგებლობის გავრცელება მიზანშეუწონელია.

გრაფიკი 1: 

საქართველოს საგარეო ვალი 2010-2016 წლებში (მლრდ დოლარი)

image001 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2016

წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 19 მლნ დოლარით ნაკლებია 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, გასული წლის ორი კვარტლის მაჩვენებელს კი 717 მლნ დოლარით აღემატება.

უშუალოდ სამთავრობო სექტორის საგარეო დავალიანება კი 2015 წლის მეორე კვარტალთან მიმართებაში 298, ხოლო 2015 წლის  ბოლოსთან მიმართებაში 165 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2012 წლის მონაცემებთან მიმართებაში მთლიანი და სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი შესაბამისად 1.78 მლრდ (13.39%) და 304 მლნ (7.16%) დოლარით არის გაზრდილი.

უშუალოდ სახელმწიფო ვალთან დაკავშრებული წმინდა სავალუტო ნაკადები (ფაქტიური გადახდები და ჩამორიცხვები), რაც გავლენას ახდენს გაცვლითი კურსის ფორმირებაზე, მოცემულია ცხრილში 1.

ცხრილი 1: 

სახელმწიფო ვალის წმინდა ფინანსური ნაკადი (მლნ ლარი)

2013 2014 2015 2016 2 კვ.
სახელმწიფო ვალი -402[1] 271 474 23
სამთავრობო სექტორის ვალი -7.8 394.1 522.5 -4.8
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, სახელმწიფო ვალის მიღებისა და მომსახურების ფარგლებში წარმოქმნილი ნაკადები 2014 წლიდან 2016 წლის 2 კვარტლის ჩათვლით დადებითია, რაც ნიშნავს, რომ მიღებულ იქნა მეტი სახსრები, ვიდრე ვალის მომსახურებისთვის ქვეყნიდან გავიდა. უშუალოდ სამთავრობო სექტორის შემთხვევაში წმინდა ნაკადი 2016 წლის ორ კვარტალში უარყოფითია, თუმცა 4.8 მლნ ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა არ არის იმ მოცულობის, რომ ლარის გაუფასურება გამოეწვია. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია მესამე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები წმინდა ნაკადების თვალსაზრისით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბრის მდგომარეობით სამთავრობო ვალი 4.45 მლრდ დოლარს (დახლოებით 58 მლნ-ით მეტი II კვარტალზე) შეადგენს, შეიძლება ითქვას, რომ ივნისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით მიღებულ და გადახდილ სამთავრობო სექტორის საგარეო ვალის მოცულობებს შორის სხვაობამ 58 მლნ დოლარამდე შეადგინა.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის აღების 9 თვის გეგმა 60%-ით არის შესრულებული, დანაკლისი დაახლოებით 130 მლნ დოლარია. აღნიშნული თანხის მიღებას ლარის კურსზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ექნებოდა.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების პერიოდს, საგარეო ვალმა სწრაფი ზრდა 2008 წლიდან დაიწყო, რაც რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგებით იყო გამოწვეული. 2009-2012 წლებში საგარეო ვალი 5.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. აქედან, 2.1 მილიარდი მთავრობის ვალის ზრდაზე მოდის. ამ პერიოდში საგარეო დაფინანსება ლარის კურსის სტაბილურობის ხელშემწყობი ნამდვილად იყო. თუმცა, ვალის ზრდა დღესაც დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე და გაუფასურების მიზეზი არა ძველი ვალების გადახდა, არამედ ექსპორტის, ფულადის გზავნიელების და ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაა.

დასკვნა

ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაზე გავლენას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ახდენს, შესაბამისად, რომელიმე ცალკე აღებულით ცვლილების ახსნა არასწორი მიდგომაა. მით უმეტეს, არასწორია მთლიანი საგარეო ვალის მოცულობაზე მთავრობის პასუხისმგებლობის გავრცელება. მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს კერძო სექტორის დავალიანებას, სადაც მნიშვნელოვანი წილი ბანკებში მოზიდულ უცხოურ დეპოზიტებს და სესხის სახით აღებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს და მათი ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითია.

მნიშვნელოვანია ის, რომ 2013-2016 წლებში საქართველომ 1.8 მილიარდი დოლარით მეტი ისესხა ვიდრე გადაიხადა. შესაბამისად, მთლიანობაში, ბოლო წლებში საგარეო ვალის ცვლილებას ლარის კურსზე დადებითი გავლენა აქვს, ვიდრე უარყოფითი და ის არანაირად არ არის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი. ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებამ განაპირობა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის მცდარი.

[1] განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგარეო ვალდებულებების დაფარვით

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი