jejelavaგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 2017-2018 სასწავლო წლისთვის სკოლის მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება გადაწყვიტა. მისი თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები ძველზე მსუბუქი იქნება.

ცნობილია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, 2017-2018 წლისთვის, გრიფირება მხოლოდ I-VI კლასის სახელმძღვანელოებს შეეხება. ახალი სახელმძღვანელოებითაც სწორედ აღნიშნული კლასების მოსწავლეები ისარგებლებენ. შესაბამისი კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების გამოსაცხადებლად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

იმის გასარკვევად, რის ხარჯზე იგეგმება სახელმძღვანელოების შემსუბუქება, ჩვენ განათლების სამინისტროს შესაბამისი კითხვებით მივმართეთ.

უწყების ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების შემსუბუქება რვეულებისა და სახელმძღვანელოების მასის ხარჯზე მოხდება. კითხვაზე: სახელმძღვანელოები წონაში მხოლოდ ფურცლის ზომის შემცირების ხარჯზე დაიკლებს, თუ სახელმძღვანელოების შინაარსიც გადაიხედება? - განათლების სამინისტროსგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„სახელმძღვანელოს მასა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მუშაობა წარიმართა ყველა მიმართულებით. დამტკიცდა დაწყებითი საფეხურის ახალი სასწავლო პროგრამები, შემუშავებულია გამოცემის ტექნიკური მახასიათებლები (ქაღალდი, აკინძვის ტიპი, ყდა და სხვა) და დაგეგმილია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი ახალი სახელმძღვანელოების გრიფირება. სასწავლო პროცესში კვლავაც იქნება გამოყენებული დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ახალი სასწავლო წლისთვის, ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოების მასა შემდეგნაირად დარეგულირდება: 1-3 კლასების სახელმძღვანელოს/რვეულის მასა იქნება არაუმეტეს 300 გრამისა, ხოლო მე-4-6 კლასებში - არაუმეტეს 400 გრამისა. ამასთანავე, მასის ზრდა დასაშვებია არაუმეტეს 10%-ისა.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, პირველი-მესამე კლასების მოსწავლეების ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს 3 კგ-ს, მეოთხე-მეექვსე კლასის მოსწავლეების ჩანთისა კი - 3.5 კგ-ს.

უწყების ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან, ნაბეჭდ სახელმძღვანელოებთან ერთად, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლის წიგნის ელექტრონული ვერსიაც. ამასთანავე, არის ხედვა, რომ მოსწავლეებისთვის გრიფმინიჭებული ნაბეჭდი სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყოს ელექტრონული სახითაც. საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და განხილვაში გამომცემლობებიც არიან ჩართული.

განათლების სამინისტროს, ასევე, ვკითხეთ, რა ოდენობის თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქების შედეგად. აღნიშნულ კითხვაზე უწყების პასუხი ასეთია: „სახელმძღვანელოს წონის შემსუბუქების საკითხი დამუშავდება მოსწავლეთა დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, მხედველობის) პრევენციისთვის“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 5.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2.2-ჯერ ნაკლებია 2016 წელს იმავე მიზნისთვის გამოყოფილ თანხასთან შედარებით. ეს შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მხოლოდ 1-6 კლასებს შეეხო. 7-12 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირება კი 2018-2019 სასწავლო წლისთვის მოხდება. შესაბამისად, აღნიშნულ კლასებში ძველი სახელმძღვანელოები კიდევ ერთი წლით იქნება ვარგისი. შესაბამისად, განათლების სამინისტროც 7-12 კლასების სახელმძღვანელოების არსებულ მარაგს მაქსიმალურად გამოიყენებს, რაც, თავის მხრივ, ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლისთვის 1-6 კლასების გრიფირებული სახელმძღვანელოების შესყიდვა გამომცემლობებისგან იგეგმება. სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებულ საკითხებსაც თავად გამომცემლობა გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ამოქმედების შედეგად, განათლების სამინისტრომ გამომცემლობები სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესს ჩამოაშორა და ის საკუთარ თავზე აიღო. ამას გამომცემლობების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გამომცემლობები განათლების სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებდნენ.

პროტესტმა შედეგი მხოლოდ 3 წლის თავზე გამოიღო. გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორის, კახმეგ კუდავას განმარტებით, განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს წართმეული საკუთრება უკან დაუბრუნდა. 2017-2018 სასწავლო წლისთვის გამომცემლობები შესაბამის კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, 1-6 კლასების ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ.

რაც შეეხება მე-7-12 კლასების სახელმძღვანელოებს, კახმეგ კუდავას განმარტებით, 2017-2018 სასწავლო წლისთვის აღნიშნულ კლასებში კვლავ ძველი სახელმძღვანელოები იქნება გამოყენებული. შესაბამისად, სამინისტრო აღნიშნული კლასების სახელმძღვანელოების არსებულ მარაგს გამოიყენებს, არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში კი, სახელმძღვანელოებს გამომცემლობებისგან შეიძენს.

მისივე თქმით, აღნიშნულზე განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მინისტრთან ათამდე შეხვედრა უკვე შედგა. სახელმძღვანელოების ბეჭდვის საბოლოო დეტალები კი 19 ნოემბრის შეხვედრაზე დაზუსტდება.

კახმეგ კუდავას თქმით, განათლების სამინისტროსთან სახელმძღვანელოების წონაში კლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მსუბუქი ქაღალდის შერჩევაზე მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ქაღალდის სიმსუბუქე სახელმძღვანელოს ხარისხზე არ აისახება.

გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორის განმარტებით, ერთადერთი პრობლემა, რაც გამომცემლობებს მოცემული მომენტისთვის აქვთ, არის ის, რომ 1-6 კლასის ძველი სახელმძღვანელოები, რომელიც გრიფირების ახალი წესის გამო 2017-2018 სასწავლო წლისთვის უკვე გამოუსადეგარი იქნება, ფაქტობრივად, რეალიზაციის გარეშე რჩება, რაც, თავის მხრივ, გამომცემლობებისთვის ფინანსური დანაკარგის მომტანი იქნება.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი