იტვირთება

გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაარსებულმა მოძრაობამ კიევის ცენტრში პირველი აქცია გამართა. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ სააკაშვილმა, ასევე მისმა უახლოესმა თანამებრძოლებმა სიტყვით მიმართეს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნების, ასევე კორუფციისა და „ბარიგა“ პოლიტიკური ელიტის დამარცხების აუცილებლობას კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი. აქციის წინა დღეს მიცემულ ინტერვიუში კი, მან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა მიტინგის ჩატარება არ დაეშვა.

პირველი საჯარო აქციის ჩატარებით მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად პოლიტიკური ბრძოლის კამპანია დაიწყო. ამ კამპანიის პირველივე დღეს გამოჩნდა, თუ რამდენად რთული ბრძოლა ელის ახალ მოძრაობას, პირველ რიგში რესურსების შეზღუდულობის გამო. უპირველეს ყოვლისა ეს მედიარესურსებს ეხება. ფაქტობროვად, უკრაინის ძირითადმა საინფორმაციო არხებმა ("Україна", ICTV, СТБ, 1+1, Інтер, UA.Перший, 5 канал, 112)  აქცია საერთოდ არ გააშუქეს. რამდენიმე სიუჟეტი მხოლოდ Еспресо.ТВ-ზე, 24 канал-ზე და Громадське-ზე გავიდა.

პრეზიდენტ პოროშენკოსთან ღია დაპირისპირებამდე თუ სააკაშვილის ყველა ძირითად რეიტინგულ არხზე თოქ-შოუების ხშირი და სასურველი სტუმარი იყო, შემდეგ რეალობა უცებ შეიცვალა და ახალი მოძრაობისთვის და მისი ლიდერისთის სტუდიების კარები დაიხურა.

ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინაში ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები, ისევე როგორც პოლიტკური პარტიები, უმაღლესი რადას ფრაქციები, ეკონომიკის მთავარი დარგები და საწარმოები გავლენიან ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის არის დანაწილებული. სააკაშვილმა კი ბრძოლა ფაქტობრივად ყველა დაჯგუფებას გამოუცხადა, როდესაც უკრაინის მოქმედი პოლიტიკური ელიტის წინააღმეგ გაილაშქრა.

ამავე დროს, ოდესის ყოფილი გუბერნატორის წინააღმეგ მედიაში და ინტერნეტსივრცეში საინფორმაციო კამპანია არნახულად გააქტიურდა. სააკაშვილის ოპონენტები და სამთავრობო „ტროლები“ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ძირითადად ორ მთავარ მესიჯს ახმოვანებენ: 1. სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვერაფერი გააკეთა (თითქოს ამისთვის საჭირო უფლებამოსილება და მთავრობიდან მხარდაჭერა გააჩნდა) და 2. „სააკაშვილის რეფორმები საქართველოში თუ ასეთი წარმატებული იყო, მისმა პარტიამ არჩევნები რატომ წააგო?“

სააკაშვილის ოპონენტების მეორე კატეგორია, რომელთა შორის ცნობილი პოლიტოლოგები და პუბლიცისტებიც არიან, მას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გამო საყვედურობს - მათი აზრით, რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები „ქვეყანას დაანგრევს“. ამ მოსაზრებაში ლოგიკის მარცვალი მართლაც არის - ამგვარი სცენარი დესტაბილზიაციის რისკს შეიცავს. თუმცა, ამ მოსაზრების ავტორებს არანაკლებად უნდა აღელვებდეთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საყოველთაო კორუფცია, მოსახლეობის გაღარიბება და მთავრობაში რეფორმების გატარებისთვის ნაკლები მზაობა არანაკლები (თუ არა უფრო მეტი) დესტაბილიზაციის და „ქვეყნის დანგრევის“ საფრთხეს ქმნის.

ამგვარ გეგმაზომიერ კამპანიასთან გამკლავება, როგორც ჩანს, სააკაშვილის მოძრაობას ამ ეტაპზე საკმაოდ უჭირს. თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს ის რესურსი, რაც პრაქტიკულად არცერთ სხვა მოქმედ უკრაინელ პოლიტიკოსს არ გააჩნია - ის ხალხისთვის გასაგებ ენაზე, ხალხის რეალურ პრობლემებზე ღიად საუბრობს და საზოგადოების დიდ ნაწილში  გულწრფელი მხარდაჭერით სარგებლობს. მართალია, ამ მხარდაჭერამ ბოლო თვეების განმავლობაში შესაძლოა იკლო, მაგრამ რეალურად ამ მხრივ სააკაშვილს უკრაინაში ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი შეედრება. თუმცა, საკითხავი ისაა, რამდენად საკმარისია უკრაინაში მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად. ოლიგარქიული სისტემა პოსტსაბჭოთა უკრაინაში იმდენად ძლიერია, რომ მას ორმა რევოლუციამ ვერაფერი უყო. მთავარი უკრაინული პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების განვითარების დონე ქვეყანაში ბევრად წინ უსწრებს პოლიტკური ელიტის განვითარებას. ეს თუნდაც მაიდანმა და შემდგომმა საომარმა მოქმედებებმა გამოავლინა, რომელშიც უკრაინულმა საზოგადოებამ თვითორგანიზების ძალიან ძლიერი უნარი გამოავლინა. თუმცა, რევოლუციამ უკრაინაში ამჯერადაც ვერ წარმოშვა თვისობრივად ახალი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებდა. შესაძლოა, ამას სწორედ სისტემის გარედან გარკვეული ბიძგი  სჭირდება, რასაც სააკაშვილის მიერ დაარსებული მოძრაობა ემსახურება.

ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს უკრაინულ ფრონტზე ბრძოლა საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობასა და გარდაქმნაში აქტიურ მონაწილეობას შეუთავსოს, რამაც უკრაინაში შეიძლება კითხვები წარმოშვას იმის თაობაზე, რომელი მიმართულებით ბრძოლას მოახმარს იგი უფრო მეტ ენერგიას და საკუთარ პოლიტკურ მომავალს რომელ ქვეყანას უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი