„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-ის გვერდზე დევნილების პრობლემების შესახებ განცხადება

გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „კარალეთის დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები გზას საკუთარი ძალებით აშენებენ, პარალელურად კი, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობები ათიათასიანი პრემიების გამოწერით არიან დაკავებულნი“. პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ყოფილმა პარლამენტარმა ბადრი ბასიშვილმაც დაადასტურა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შიდა გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხრეშის დაყრის სამუშაოები მართლაც ჩატარდა, თუმცა ისინი მოსახლეობის ხარჯებით არ განხორციელებულა. ადგილობრივთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ სამუშაოები თავად ბადრი ბასიშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელეს, რაც თავად ბასიშვილმა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მას ამის არც ფინანსური და არც თანამდებობრივი რესურსი გააჩნია.

ერთ-ერთი დევნილის, ფიქრია შველაძის თქმით (რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია), გზის მოხრეშვა უშუალოდ მისი ინიციატივით მოხდა: „ჩემმა მეუღლემ, ზურაბ კახნიაშვილმა, ასევე გოგიტა ბაბუციძემ და ერთ-ერთმა მეზობელმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, დადეს ფული, სულ შეგროვდა 300 ლარი და ხრეში დავყარეთ“.

მეტი სიზუსტისთვის ფაქტ-მეტრი გორის რაიონის გამგეობასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ 2015-16 წლებში კარალეთის დასახლებაში გზის შეკეთების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა.

2014 წლიდან, თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შემდეგ, დევნილთა დასახლებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 164-

ე მუხლის მიხედვით, „ქურთის, თიღვის და ერედვის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ განახორციელონ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დასახლებებში მცხოვრები დევნილებისთვის დახმარების გაწევასა და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან“.

ფაქტ-მეტრთან საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ დევნილთა დასახლებაში გზების რეაბილიტაცია სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

გზის შეკეთების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფაქტ-მეტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა უწყებაში შესული ფაქტ-მეტრის წერილობითი განცხადება განსახილველად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეგზავნა, იმ მოტივით, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2015-2016  წლებში წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტომ კარალეთის დასახლებაში არსებული სანიაღვრე სისტემებისა და შიდა გზის (წყლის დაგუბების ადგილებში) ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, რისთვისაც სულ 980 ლარი დაიხარჯა.

„წყლები იყო დაგუბებული, არ გადიოდა, მილები ჩაყარეს და ჩვენმა ა(ა)იპ-მა გზა მოხრეშა. შესასვლელში იყო დაგუბებული, ფაქტობრივად გაუვალი მდგომარეობა იყო, სანიაღვრე წყალი ვერ გადიოდა. ისე, გზების რეაბილიტაცია არ მომხდარა და ამ მოთხოვნით არც მოსახლეობას მოუმართავს“, - განაცხადა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

ერედვისა და ქურთის გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ამჟამად კოტეჯებში იატაკის გამოცვლისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნახსენებ პრემიებს, 7 თვის განმავლობაში თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემული პრემიის რაოდენობამ 53 100 შეადგინა. ქურთის გამგეობაში კი წელს 81-მა თანამშრომელმა ჯამში 67 240 ლარის ოდენობის პრემია აიღო. ერედვის მუნიციპალურ ორგანოში სულ 40 835 ლარის პრემია გაიცა.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2015 წელს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  მხოლოდ იმ გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განახორციელა, სადაც სანიაღვრე სისტემა გაუმართავი იყო, რისთვისაც სულ 980 ლარი დაიხარჯა. 2016 წელს სამუშაოების განახლება არ იგეგმება. გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნით მოსახლეობას არ მიუმართავს და ადგილობრივების პრიორიტეტი კოტეჯებში იატაკის შეკეთებაა.

ფაქტ-მეტრთან საუბარში დევნილები ამბობენ, რომ გზის მოხრეშვის სამუშაოები მათ საკუთარი ხარჯებით არ განუხორციელებიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წევრი კი აცხადებს, რომ გზის მოხრეშვა მისი ინიციატივით, კარალეთის დასახლებაში მცხოვრები სამი პირის დაფინანსებით მოხდა.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებაში გაცემულ პრემიებს, 7 თვის განმავლობაში (იანვრიდან აგვისტომდე) ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალურ ორგანოებში ჯამში 161 175 ლარის ოდენობის პრემია გაიცა.

ამდენად, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი