ტელეკომპანია „დიას“ ეთერში

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აქცენტი ახალ საბავშვო ბაღებზე გააკეთა. „მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა. თუ 2012 წელს 200 ბავშვი ირიცხებოდა საბავშვო ბაღში, დღეს ეს რიცხვი უკვე 1 500-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თვითმმართველი თემის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით,

 2013 წელს მცხეთის რაიონში (სოფლები: ნიჩბისი, გალავანი, მისაქციელი) სამი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 2015 წელს მხოლოდ ერთი - სოფელ ციხისძირში. ახლადაშენებული დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი ბავშვი ციხისძირის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ირიცხება, აქ აღსაზრდელთა რაოდენობა ამ დროისათვის 206-ს შეადგენს.

რაც შეეხება ქალაქ მცხეთას, 2012 წლის შემდეგ აქ ორი ახალი საბავშვო ბაღი (№1 და №2 საბავშვო ბაღები) აშენდა. №2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებამ ფუნქციონირება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დაიწყო და ამ საბავშვო ბაღში მხოლოდ 26 აღსაზრდელი მიიღეს.

2012

წელს მცხეთის რაიონის საბავშვო ბაღებში 727 აღსაზრდელი ირიცხებოდა. ამჟამად სკოლამდელ განათლებას 1 499 ბავშვი იღებს. ამდენად, გასული 4 წლის განმავლობაში, ბავშვთა საერთო რაოდენობა 772-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ ამ პერიოდის მანძილზე აშენებულ ოთხ საბავშვო ბაღში 529 ბავშვი დადის.

უნდა აღინიშნოს, რომ რომ მიმდინარე წელს სოფელ ქსნის №1 და №2 საბავშვო ბაღები დაიხურა. დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლის, გიორგი როსტიაშვილის თქმით, №2 საბავშვო ბაღის ყოფილი აღსაზრდელები სოფელ ციხისძირის საბავშვო ბაღში გადავიდნენ, ხოლო №1 სააღმზრდელო დაწესებულებას ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება და სად იღებენ ბავშვები სკოლამდელ განათლებას გაურკვეველია. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების დახურვა შენობის ინფრასტრუქტურის სიძველიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. გასული წლის მონაცემებით, ქსნის ორივე საბავშვო ბაღში მთლიანად 87 ბავშვი ირიცხებოდა, აქედან 33 ქსნის №1 სააღმზრდელო დაწესებულებაში.

2012 წელს ქალაქ მცხეთის საბავშვო ბაღებში სულ 389 ბავშვი ირიცხებოდა.

დღევანდელი  მონაცემებით, ქალაქის ბაღებში 505 აღსაზრდელი დადის, აქედან 121 ახალაშენებულ საბავშვო ბაღებში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში სულ 4 საბავშვო ბაგა-ბაღი და 1 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ბავშვთა ყველაზე დიდი რაოდენობა მცხეთის №3 საბავშვო ბაღში ფიქსირდება და 175-ს შეადგენს.

  დასკვნა 2012

წელს ქალაქ მცხეთის სააღმზრდელო დაწესებულებებში 389 ბავშვი ირიცხებოდა, ხოლო ამჟამად მათი რაოდენობა 505-ს შეადგენს. რაც შეეხება რაიონს, 4 წლის წინ თვითმმართველი თემის საბავშვო ბაღებში 727 აღსაზრდელი დადიოდა, ამჟამად კი, სკოლამდელ განათლებას 1 499 ბავშვი იღებს.

საერთო ჯამში, გასული 4 წლის მანძილზე, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში საბავშვო ბაღებში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობა 888-ით გაიზარდა, აქედან 650 ბავშვი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ აშენებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში დადის.

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში ნახსენები რიცხვები ზუსტი არ არის, თუმცა, 2012 წლის შემდეგ ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში 6 ახალი საბავშვო ბაღი მართლაც აშენდა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ძველი საბავშვო ბაღი მიმდინარე წელს, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დაიხურა), რამაც ავტომატურად აღსაზრდელთა რაოდენობაც გაზარდა.

ამდენად, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი