იტვირთება

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 57-ში მდებარე სახლის დემონტაჟის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოების რეაქციის შედეგად შეჩერდა, 8 დეკემბერს ისევ განახლდა. დემონტაჟის ნებართვა ქალაქის მერიამ გასცა. სახლი XIX საუკუნის 80-იან წლებშია აგებული. მის ნაცვლად კომპანია „დეველოპმენტ გრუპმა“ შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს და ძველი მობინადრეები საცხოვრებლით უნდა უზრუნველყოს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო ამბობს, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ ჰქონდა და ამიტომ მას პროცესებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2011 წელს აჭარის ა/რ მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექვემდებარება. სხვა ფუნქცია-მოვალეობებთან ერთად, სააგენტოს ბათუმში XIX-XX საუკუნეებში აგებული შენობების იერსახის შენარჩუნებაზე ზრუნვაც ევალება.

2015-2016

წლებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბათუმში წინა საუკუნის დასაწყისში აშენებული არაერთი საერო ნაგებობა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, მოექცა.

ფარნავაზ მეფის 57-ში მდებარე შენობის თაობაზე საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ მედიასთან განაცხადა,

რომ „აღნიშნულ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ 2008 წელს, მინისტრის ბრძანებით მიენიჭა, შემდეგ კი მისამართებით მანიპულირება მოხდა - თითქოს ძეგლი არა ნომერი 57, არამედ ნომერი 51 სახლია, რომელსაც ძეგლის სტატუსი ისედაც მინიჭებული ჰქონდა“.

როგორც ამ სახლის მობინადრეები ამბობენ, ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ და ამიტომ ინვესტორი თვითონ მოძებნეს. მათივე თქმით, საცხოვრებელ სახლს, რომლის დემონტაჟი უკვე მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არასდროს ჰქონია. აღნიშნული ობიექტი არც სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე

 (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის) მოიხსენიება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე ფაქტ-მეტრთან საუბრისას ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და კონკრეტულად მის ხელმძღვანელ მირანდა ჩარკვიანს უკანონო გარიგებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ძეგლის სტატუსის მოხსნა მის პირად ინტერესებში შედის და ფარნავაზ მეფის 57-ში მდებარე სახლთან მიმართებით განხორციელებული უკანონობა ერთადერთი შემთხვევა არ არის.

როგორც გუჯაბიძემ განაცხადა, მირანდა ჩარკვიანმა ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩის 13-ში მდებარე ძეგლის სტატუსის მქონე სახლის დემონტაჟის ნებართვის სანაცვლოდ, კომპანიას 100 კვ.მ. ფართის ნათესავის სახელზე რეგისტრირება მოსთხოვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ინფორმაცია თვითონ კომპანიის ხელმძღვანელმა გაასაჯაროვა, როცა მას დანგრეული ობიექტის ადგილზე დაწყებული მშენებლობა შეაწყვეტინეს და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დღეს აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობა შეწყვეტილია.

ვაჟა-ფშაველას ქუჩის 27 ნომერში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს, რომლის დემონტაჟის მცდელობაც იყო. შენობას სახურავი უკვე მოხდილი აქვს და რადგან ის აღარ შეუკეთებიათ, ახლა შენობის კედლებიც ზიანდება.

კიდევ ერთი სადავო და გაურკვეველი საკითხი, რომელზეც შოთა გუჯაბიძემ ფაქტ-მეტრთან ისაუბრა, კლდიაშვილის ქუჩის 25-ში 2015 წელს დანგრეული ბელეტაჟის ტიპის სახლია. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ ობიექტს სტატუსი სპეციალურად არ მიანიჭეს, რათა მისი დემონტაჟი განეხორციელებინათ და ამაში, შესაძლოა, ბათუმის მერიის ინტერესიც იკვეთებოდეს.

ჩვენ დავადგინეთ, რომ კლდიაშვილის 25-ში მდებარე ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით სააგენტოს კომპანია „გეოგრაფიკმა“ მიმართა, რომელმაც გასულ წელს, სააგენტოს თხოვნით, რამდენიმე ობიექტის ინვენტარიზაცია ჩაატარა. ამ ობიექტების სია კომპანიას თვითონ სააგენტომ მიაწოდა. ბათუმის ბიუჯეტმა კი პროცესი 100 000 ლარით დააფინანსა.

ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებდა, რომ ქალაქს ურბანული განვითარების გეგმა სჭირდებოდა, რომლის შედგენამდეც კულტურული და ისტორიული ძეგლების შესწავლა აუცილებელი იყო, რათა მომავალი ქალაქდაგეგმარებისა და მშენებლობის დროს მათი მდებარეობა გაეთვალისწინებინათ და უკეთ წარმოეჩინათ. საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე კი ეჭვობს, რომ ინვენტარიზაციით ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის შემცირება სურდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს #692 ბრძანების

მიხედვით ირკვევა, რომ კლდიაშვილის 25-ში მდებარე სახლის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია და მუნიციპალიტეტმა მიწის ნაკვეთი (720 კვ.მ.) და დანგრეული შენობის (310,95 კვ.მ.) ფართის ნაწილი თავის სახელზე დაარეგისტრირა, შემდეგ კი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, ეკუთვნოდა თუ არა ობიექტს ძეგლის სტატუსი. ფაქტია, რომ რეკომენდაცია ამის შესახებ ნამდვილად არსებობდა და ეს ფაქტ-მეტრს მირანდა ჩარკვიანმაც დაუდასტურა. გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბათუმის მერია იმ კომპანიის რეკომენდაციებს არ ენდო, რომელსაც 100 000 ლარი ბიუჯეტიდან გადაუხადა.

ფაქტ-მეტრმა ამ და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს კომენტარი სთხოვა. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში და უფრო ადრეც, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზემდგომი უწყებისთვის არცერთი ობიექტისთვის სტატუსის მოხსნის თხოვნით არ მიუმართავს. რაც შეეხება ფარნავაზ მეფის 57-ში მდებარე სახლს, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სააგენტოსგან კონკრეტულმა პიროვნებამ ინფორმაცია მოითხოვა - ჰქონდა თუ არა შენობას ძეგლის სტატუსი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ აღნიშნული ობიექტის ბარათი ამოიღო, რომელზეც მისამართი ფარნავაზ მეფის 57 იყო მითითებული, თუმცა ინფორმაცია (ფოტოს ჩათვლით) იმავე ქუჩის 51-ში მდებარე ობიექტის შესახებ იყო მოცემული. სააგენტომ  ეს ინფორმაცია ზემდგომ უწყებას მიაწოდა და გაირკვა, რომ ბარათზე მცდარი მისამართი ეწერა. ახალ ბარათში ეს შცდომა გამოსწორებულია. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი ტექნიკური შეცდომები რამდენჯერმე დაფიქსირდა და ახალი ინვენტარიზაციის ჩატარება სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. 2006 წლიდან დაწყებული აღწერა უსისტემოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ბევრი შეცდომა და ხარვეზი იყო, ზოგ ობიექტს მინისტრის ორი ბრძანებით ჰქონდა სტატუსი მინიჭებული, იყო მისამართებში შეცდომები და ა. შ.

დაფარვითი ინვენტარიზაცია (რეგიონის ყველა ობიექტის დეტალური აღწერა) დიდ თანხას მოითხოვს, ამიტომ სააგენტომ გადაწყვიტა, „გეოგრაფიკისთვის“ მიეწოდებინა ის მონაცემები, რომელთა აღწერაც აუცილებლად მიიჩნია. ასევე, მიმართა თხოვნით, რომ კომპანიას ის ობიექტებიც აღეწერა, რომლებიც შესასწავლი შენობების ახლოს  მდებარეობს. სწორედ ამ პროცესის ნაწილი იყო კლდიაშვილის 25-ში არსებული ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, რომელსაც, როგორც ჩანს, სააგენტო არ დაეთანხმა.

რაც შეეხება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ სახლს, რომლის დემონტაჟის გამოც „ბათომი“ სააგენტოს დაუპირისპირდა, მირანდა ჩარკვიანის თქმით, ის არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არც ორი ძეგლის ზონაშია მოქცეული. ამიტომ, სააგენტო მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

მირანდა ჩარკვიანმა შოთა გუჯაბიძის ბრალდებაზეც ისაუბრა და განგვიმარტა, რომ კომპანიამ ვაჟა-ფშაველას 13-ში არსებული შენობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაანგრია. მან მაშინვე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და რეაგირება მოითხოვა. კომპანია დააჯარიმეს და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის წარმომადგენელმა მას ცილი დასწამა, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა იყო. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს ხელმძღვანელს თავისი იურისტი გაუგზავნა და როგორც მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, მოლაპარაკება სცადა. სააგენტოს ხელმძღვანელმა, როგორც თვითონ ამბობს, კომპანიის ხელმძღვანელისგან მოითხოვა, საჯაროდ აღიაროს, რომ ცილი დასწამა და დანგრეული შენობის რეკონსტრუქცია მოახდინოს.

აჭარაში სამი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია - ხიხანი, გონიო, პეტრა. დანარჩენ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს ეროვნულის სტატუსი არ გააჩნია. ბათუმში ასეთი სამას ორმოცდაორი ობიექტია, რომელთა დიდი ნაწილიც კერძო საკუთრებაა.

სპეციალისტების  შეფასებით, სამოცი სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაუდებელ შეკეთებას საჭიროებს, ას ობიექტზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. თითოეულ მათგანს, საშუალოდ, 500 ათასი ლარი სჭირდება, რასაც პროექტის მომზადების ხარჯი ემატება.

კანონით, ამ შენობების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ვალდებულება მესაკუთრეს აქვს და თუ ის ამას არ აკეთებს, სააგენტოს უფლება აქვს, გააფრთხილოს და უფრო მკაცრი ზომებიც კი მიიღოს. თუმცა, აღნიშნული თანხების გადახდა მოქალაქეს კი არა, ხშირად სახელმწიფოსაც არ შეუძლია, რის გამოც სააგენტო ამ უფლებას არ იყენებს.

მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ სახის სამუშაოებისთვის ჯერ ერთი თეთრიც არ დევს. შენობებს კაპიტალური გამაგრება სჭირდება, მათ არ გააჩნიათ სეისმური სარტყელები, ბევრ მათგანს მცირე ზომის საძირკველი აქვს.

მირანდა ჩარკვიანის თქმით, პირველ რიგში, სააგენტომ იმ სამოცი ძალიან დაზიანებული შენობიდან რამდენიმე ისეთი ობიექტი უნდა აირჩიოს, რომლებსაც ბათუმისთვის განსაკუთრებული არქიტექტურული ან ისტორიული მნიშვნელობა აქვთ და ფიზიკური განადგურების საფრთხე ემუქრებათ. ამის შემდეგ, სააგენტო მოამზადებს პროექტებს და სამუშაოების განხორციელების ხარჯებს მერიასთან გაინაწილებს. მერია კი თვითონ გადაწყვეტს, თავის თავზე რომელი შენობების რესტავრაციას აიღებს და ბიუჯეტში თანხას ამის მიხედვით განსაზღვრავს. ბათუმის ურბანული ძეგლების პროექტირებისთვის აჭარის მთავრობამ სააგენტოს მომავალი წლის ბიუჯეტში 200 000 ლარი უკვე გამოუყო.

სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლები ხშირად იმდენად ამორტიზებულია, რომ მათ ბინადრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მათ ურჩევნიათ, თვითონ მოძებნონ ინვესტორი, რომელიც ჯერ ქირით გაიყვანს, ხოლო შემდეგ ახალაშენებულ სახლში საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ასე მოიქცნენ ფარნავაზ მეფის 57-ში მცხოვრებნიც, მაგრამ საზოგადოება „ბათომის“ ჩარევის შემდეგ გაჩერებული სამუშაოების გამო, არ იციან, მათი საკითხი როგორ გადაწყდება.

მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ მოქალაქეები მსგავსი პრობლემებით ხშირად მიმართავენ, მაგრამ ძნელია, მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც ბინადრებს ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილებს, სანაცვლოდ კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საკუთრებაში მიიღებს და საჭირო სამუშაოებს ისე ჩაუტარებს, რომ მის ავთენტურობას არ დაარღვევს და კომერციულ დანიშნულებას მოუძებნის. ასეთი გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტორს არ ხიბლავს და ხშირად ბინადრებიც არსებული საცხოვრებლის სანაცვლოდ არაადეკვატურ თანხას ითხოვენ.

დღეს აჭარის მესამე სექტორის წარმომადგენლები მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ მიიღებს. ქალაქის კულტურული ძეგლების სტატუსის მქონე შენობების მდგომარეობის პრობლემა კი ჯერჯერობთ მოიუგვარებელი რჩება.

ფოტო:  როინ გუნდაძე (გაზეთი ბათუმელები)

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი