ზუგდიდის საკრებულოს მუშაობის შედეგების შეჯამებისას, საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ანა წითლიძემ დევნილების დასახლებაში არსებული პრობლემა წამოჭრა. მისი განცხადებით, "დევნილების დასახლებაში წყლის პრობლება ისევ მოუგვარებელია, ახალი ჭაბურღილის გათხრის მიუხედავად, დევნილები წყალს ძალიან შორი მანძილიდან ეზიდებიან".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ზუგდიდში, დევნილთა ახალი უბნის დასახლებაში, წყლის დაბინძურების პირველი შემთხვევა აპრილის თვეში დაფიქსირდა,

როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში 111 დევნილი მოიწამლა. აქედან 38 ბავშვი იყო.

აღნიშნული პრობლემით არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე" დაინტერესდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობას დროული რეაგირებისთვის რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელი რჩება. „ეჭვი მაქვს, რომ ჭაბურღილში ფეკალური მასა შეერია, რამაც ადგილობრივების მოწამვლა გამოიწვია. როგორ შეიძლება, ეზოში, სადაც ჭაბურღილია გათხრილი, იქვე საკანალიზაციო მილები იყოს? ეს ყველაფერი მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების ბრალია“, - ამბობს იაგო ფასანძე. მისივე თქმით, ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა, რათა ამ ფაქტის შესწავლა მოხდეს და დადგინდეს, რამდენად იყო მშენებლობის პროცესში სტანდარტები სათანადოდ დაცული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ დევნილების წყლით მოწამვლის ფაქტებზე საქმე გამოძიებისთვის ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოს გადასცა. ამ დროისთვის საქმეს გამომძიებელი თეა გეგეჭკორი იძიებს, სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ფაქტ-მეტრი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემის გამოვლენისთანავე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი ჭაბურღილი გაითხარა და ამჟამად დევნილები წყლით  ჩვეულებრივ სარგებლობენ. სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი ჭაბურღილის გათხრის შემდეგ წყლის სინჯები აიღეს და დადგინდა, რომ წყალი სასმელად ვარგისია. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ჭაბურღილში ფეკალურმა მასამ გაჟონა, რადგანაც ჭაბურღილსა და კანალიზაციას შორის დაშორება სტანდარტების დაცვითაა გაკეთებული. ჩვენ დავინტერესდით, იმ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა ახალი დასახლებაა და ამჟამად 320 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მშენებლობის დაწყებამდე შემოწმება მოხდა თუ არა. თუმცა, ჩვენი ეს კითხვა მანუჩარ ჩილაჩავამ უპასუხოდ დატოვა.

დევნილთა ახალ დასახლებაში წყლის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე სამინისტროს წარმომადგენლობისგან განსხვავებით კომენტარი ზუგდიდის წყალკანალში გააკეთეს. მათი განმარტებით, ზუსტი პასუხი, თუ რატომ მოხდა წყლის დაბინძურება, ამ დრომდე ცნობილი არ არის. წყალკანალში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ჭაბურღილში საკანალიზაციო მილიდან  გაჟონვა მოხდა ან ჭაბურღილს ნაწვიმარი წყალი შეერია.

რაც შეეხება ახალ ჭაბურღილს, ზუგდიდის წყალკანალში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ წყლის სინჯების აღება მოხდა და წყლის ვარგისიანობაზე სპეციალური დასკვნა მომზადდა. ფაქტ-მეტრმა აღნიშნული დოკუმენტი მოიპოვა. თუმცა, დოკუმენტის სისწორეში დევნილებს ეჭვი შეაქვთ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ფარატინა ფურცელია, რადგან მასზე ბეჭედიც კი არ არის დასმული. ახალი ჭაბურღილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ სურათი გასული თვეების მსგავსად უცვლელია - დევნილები სასმელ წყალს ან ყიდულობენ ან ახლომდებარე კერძო სახლებიდან დააქვთ.

დევნილების თქმით, ჭაბურღილის წყალს სასმელად ვერ იყენებენ, რადგანაც ეჭვობენ, რომ წყალი ისევ უვარგისია.

დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ფაქტ-მეტრთან სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „გაგვიხარდა წყალი რომ ჩართეს, ოჯახში ხუთნი ვართ და როგორც კი დავლიეთ, ხუთივეს ფაღარათი დაგვემართა", - ამბობს ახალ დასახლებაში მცხოვრები ქალბატონი - "როდემდე უნდა ვატაროთ თითქმის ერთი კილომეტრის მანძილზე ბოცებით წყალი? ან ყოველთვის გადადუღებულ წყალს ხომ ვერ დავლევთ?"

  დასკვნა დევნილთა ახალ დასახლებაში წყლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. პირველი ჭაბურღილი, რომელიც უვარგისი აღმოჩნდა, გაუქმებულია. იქვე, დაახლოებით 300 მეტრში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი ჭაბურღილი მოეწყო. ერთი თვეა, დევნილები ამ ჭაბურღილის წყალს იყენებენ, თუმცა არა სასმელად. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ პრობლემა მოაგვარებულია, დევნილები კი საპირისპიროს ამტკიცებენ, მათი თქმით წყალი სასმელად ისევ უვარგისია. აღნიშნული პრობლემის გასაპროტესტებლად დევნილებმა აქცია 12 დეკემბერსაც გამართეს. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა წითლიძის განცხადება: „დევნილთა ახალ დასახლებაში წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებულია“, - არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი