იტვირთება

დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში

ქალაქის გამწვანება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. „ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ მილიონამდე ხეს“, - განაცხადა ნარმანიამ 2014 წელს, წინასაარჩევნო გამოსვლის დროს.

მართლაც, თბილისის მერიამ „მილიონი ხის“ პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერად არჩევისთანავე, 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო. მერიის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში დედაქალაქში 480 200 ძირი ხე დაირგო, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 264 436 ლარი დაიხარჯა.

თბილისს რომ გამწვანება სჭირდება, ამაზე არავინ დავობს, მით უმეტეს, შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე - ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებლი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 მ2, მაშინ, როდესაც თბილისში ეს მაჩვენებელი 5-6 მ2-

ს შორის მერყეობს.

„მილიონი ხის“ პროექტმა საზოგადოების საყოველთაო ინტერესი თავიდანვე გამოიწვია. პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაჩნდა. განსაკუთრებულ ეჭვს დარგული ხეების რაოდენობა იწვევდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრმა მიმდინარე წლის მარტში ეს საკითხი შეისწავლა.

კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ პროექტის ფარგლებში აღნიშნული რაოდენობის ნერგები მართლაც დაირგო, მაგრამ პრობლემას ნერგების ზომა და მათი შემდგომი გახარება წარმოადგენდა. ნერგების გახარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის ზომას ენიჭება. როგორც გაირკვა, შესყიდული ნერგებიდან (452 190) 41 260 ნერგი 120-160 სმ სიმაღლის იყო, 170-220 სმ სიმაღლის კი, მხოლოდ 7 500. დანარჩენი ნერგების, ანუ მთლიანად შესყიდული ნერგების 89%-ის სიმაღლე 0.25 სმ - 1 მეტრს შორის მერყეობდა. როგოც სპეციალისტებმა განგვიმარტეს, აღნიშნული ზომის ნერგები, ე.წ. „სტარტერები“, ღია გრუნტში დასარგავად განკუთვნილი არ იყო.

ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ნერგების შემდგომი მოვლა-პატრონობა. მართალია, ხელშეკრულების მიხედვით გამარჯვებულ კომპანიებს ნერგების 100%-იანი გახარება უნდა უზრუნველეყოთ, თუმცა ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ (ძირითადად ორწლიანი ხელშეკრულებები იყო) კომპანიები ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდნენ და ხეების მოვლა მერიის გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურის დაქვემდებარებაში გადადიოდა. ხელშეკრულებაში ნერგების მხოლოდ ორჯერ მორწყვა იყო გათვალისწინებული, რაც, რა თქმა უნდა, ნერგის სრულყოფილი გახარებისთვის საკმარისი არაა.

„მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში ყველაზე მეტი ნერგი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დაირგო. ფაქტ-მეტრი მაშინ „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადენელთან ერთად აღნიშნული პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და დარგული ხეების მდგომარეობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დარგული ნერგების დიდი რაოდენობა იმ დროისთვის (2016 წლის მარტი) უკვე გამხმარი იყო.

„მილიონი ხის“ პროექტის განხორციელება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში გამწვანების ღონისძიებებისთვის 900 000 ლარი ჩაიდო და ამ თანხით 180 000 ნერგის დარგვა დაიგეგმა. განსაკუთრებთ აქტიურად გამწვანების ღონისძიებები შემოდგომაზე დაიწყო. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ამ ეტაპზე მერიამ აქცენტი მოზრდილ ნერგებზე გააკეთა. დარგული ნერგების სიმაღლე 1.5-3.5 მეტრს შორის მერყეობს. როგორც ჩანს, წინა წლების გამწვანების ღონისძიებების „ავკარგიანობა“ მერიამაც გააანალიზა და ამჟამად სტარტერების ნაცვლად დიდი ზომის ნერგების დარგვა გადაწყვიტა. ასევე, შეიცვალა ნერგების მოვლა-პატრონობის ვადა და ორწლიანის ნაცვლად ოთხწლიანი მოვლის ინსტრუმენტი იქნა შემუშავებული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „მილიონი ხის“ პროექტი თბილისის მერიის ექსკლუზიური ინიციატივა არ არის. მსგავსი ინიციატივით არაერთი ქალაქის მერი გამოსულა. მაგალითად, 2006 წელს ლოს-ანჯელესის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნოდ მილიონი ხის დარგვა დააანონსა. ის ამ პროექტის დასრულებას 2012 წლისთვის გეგმავდა. მსგავსი ინიციატივა 2005 წელს დენვერის მერმაც წამოაყენა და 2015 წლისთვის მილიონი ხის დარგვა დაისახა მიზნად. ნიუ-იორკში მილიონი ხის დარგვის პროგრამა რვა წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და 2015 წელს დასრულდა.

მსგავსი პროექტის განხორციელებას დიდი ქალაქები დაახლოებით 5-8 წელს ანდომებენ, საკმაოდ დიდი შემოწირულობის და მოქალაქეების აქტიურად ჩართულობის ფონზე. თბილისის მერიის მონაცემებით კი, ნახევარი მილიონი ხე დედაქალაქში თითქმის ერთ წელიწადში დაირგო.

სასურველი იქნება, სამომავლოდ თბილისის მერიის გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურმა აქცენტი არა ნერგების რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე გააკეთოს, რათა დარგული ხეების რაოდენობა მხოლოდ გამხმარი ხეების სტატისტიკას არ მიემატოს.

მსგავსი სიახლეები

3038 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი