რადიო „მარნეულის“ ეთერში

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრმა ქამრან მამედოვმა განაცხადა: „ყველაზე მეტად მაწუხებს ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სტადიონი არის ასეთ სავალალო მდგომარეობაში, თითქმის პირუტყვის სათარეშოდ არის ქცეული“, - აღნიშნა მამედოვმა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

აღნიშნული სტადიონი ქალაქ მარნეულის ცენტრში მდებარეობს. ჩვენ ვითარებას ადგილზე

გავეცანით. სტადიონი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია. მარნეულის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივ საფეხბურთო გუნდ „ალგეთს“ არ აქვს სათამაშო პირობები, აღნიშნულმა სამსახურმა, გამგეობასთან ერთად, მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. როგორც მარნეულის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ცენტრალური სტადიონის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მოედნის საპროექტო განაცხადების მიღებაზე კონკურსია გამოცხადებული.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით,

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ 29 ივლისს სტადიონის საპროექტო მომსახურებაზე (ღირებულება - 150 ათასი ლარი) საკონკურსო განაცხადი განათავსა.

საკონკურსო წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციიდან

ვიგებთ, რომ მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მეორე კატეგორიის სტადიონი უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 6 მილიონი ლარია. პროექტით, მოედნის ფართობიც არის განსაზღვრული, ის სიგრძით 105 მეტრი, ხოლო სიგანით 68 მეტრი უნდა იყოს.

მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების ცნობით, საპროექტო ტენდერში კომპანია „საუკიმ“ გაიმარჯვა. მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოებისათვის კი, საერთაშორისო ტენდერი სექტემბერში უნდა გამოცხადებულიყო. მშენებლობის დასრულება კი, ამ თარიღიდან ორი წელიწადში იგეგმებოდა.

თუმცა, ამ დროისთვის, მხოლოდ საპროექტო კონკურსია ჩატარებული. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა შპს „საუკისგან“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ამ დრომდე ელოდება, რის შემდეგაც პროექტის შესყიდვა უნდა მოხდეს.

დასკვნა

მარნეულის ცენტრალური სტადიონი თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს. მოედანზე შესაბამისი პირობების არარსებობის გამო გუნდები ვერ თამაშობენ. მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სტადიონის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაატარა. კომპანია „საუკის“, რომელიც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია. შესაბამისად, ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, რომლის გამოცხადება სექტემბერში იგეგმებოდა, ამ დრომდე არ გამოცხადებულა და არც პროექტის ზუსტი ღირებულებაა ცნობილი.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი, ვასკვნით, რომ ქამრან მამედოვის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი