შვიდი დეკემბრიდან ფოთის პორტი სატვირთო გემებს ვერ იღებს და ეს ვითარება, როგორც პორტის ადმინისტრაცია განმარტავს, თვის ბოლომდე გაგრძელდება. რამდენიმე დღეა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხი დაკეტილია - ის შტორმის შედეგად ქვიშით აივსო და ამ დრომდე მისი გაწმენდა ვერ ხერხდება, რამაც პორტში გემების შემოსვლა და გასვლა შეაფერხა. სანავიგაციოდ გამოსადეგი რომ იყოს, წყლის სიღრმე არხში მინიმუმ 11 მეტრს უნდა შეადგენდეს, ამჟამად კი, მისი სიღრმე მხოლოდ ხუთი მეტრია. გადამზიდავების თქმით, შექმნილი ვითარება როგორც მათ, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები ფოთის პორტში შექმნილ სიტუაციას საგანგაშოს უწოდებენ. მათი შეფასებით, არსებული სიტუაცია საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

კომპანია „რამტრანსგრუპის“ დირექტორი ილონა გვათუა ამბობს, რომ ანალოგიური ფაქტი მსოფლიოში ჯერ არ მომხდარა. „ტვირთების ნაწილი არის მალფუჭებადი, არის ტვირთები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრულია საახალწლო პერიოდისთვის და დაგვიანების გამო რეალიზებული ვერ იქნება. ეს ყველაფერი კი, ჩვენს კომპანიას ძალიან დიდ ზარალს მოუტანს. ასევე, ბაზარზე პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება. ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ აღნიშნული ტვირთი ირანის პორტებში გადავანაწილეთ, რაც ორმაგ ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ფაქტ-მეტრთან საუბარში ილონა გვათუამ.

პორტის დროებით გაჩერებამ ასევე დიდი პრობლემა შპს „ბი-ეს-ეი ჯორჯიას“ შეუქმნა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი თემურ ბაბილოძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, მისთვის გაუგებარია, პორტის ადმინისტრაციამ გემების შესასვლელი არხის გაწმენდა ამ დრომდე რატომ ვერ მოახერხა.

„ამ მიზეზით ფოთის ნავსადგური პირველად დაიკეტა. ძალიან ცუდი ფაქტია რაც ხდება, ვერ ვახერხებთ ტვირთის შემოტანას, რაც ჩვენი კომპანიის პირდაპირი მოვალეობაა. მე ამ სფეროში 1992 წლიდან ვმუშაობ და ასეთი პრობლემის წინაშე პირველად ვიმყოფებით. ჩვენი ზარალი დღეში ხუთი ათას დოლარზე მეტს შეადგენს“,  - განაცხადა ბაბილოძემ.

ფაქტ-მეტრთან საუბარში ფოთის პორტის ადმინისტაციაში განმარტეს, რომ ნავსადგურში 5.2 მეტრი ან მეტი ჩაჯდომის გემების შეზღუდულ მოძრაობასთან დაკავშირებით რეგულაცია კვლავ ძალაშია. პორტის პრესსამსახურის უფროსის მარიკა ნადარაიას თქმით, არსებული პრობლემა დეკემბრის დასაწყისში განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა განაპირობა. მან აღნიშნა, რომ ფოთის ნავსადგურის საკუთრებაში არსებული მიწახაპია გემი „ნიკო ნიკოლაძე“ ჩართულია დაღრმავებით სამუშაოებში. გარდა ამისა, არსებული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ნავსადგურმა გააფორმა კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან დამატებითი მიწახაპია გემის, „ასტრას“ შემოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაოებში 18 დეკემბერს ჩაერთო და შედარებით დასილული ადგილებიდან დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო. „აღნიშნული სამუშაოებისთვის 10-11 დღეა საჭირო, რაც დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება“, -განაცხადა მარიკა ნადარაიამ.

გადამზიდავები კი ამბობენ, რომ სამუშაოების თვის ბოლომდე გაწელვას მათთვის მძიმე შედეგი ექნება.

„ასე თუ გაგრძელდა, ხელფასების გაცემაც პრობლემა იქნება და იანვრიდან თანამშრომლების შემცირებაც მოგვიწევს. მსგავს მდგომარეობაში კიდევ თექვსმეტამდე საზღვაო-საკონტეინერო გადამზიდი კომპანია იმყოფება“, - აღნიშნა შპს „ბი-ეს-ეი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა თემურ ბაბილოძემ.

გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები ითხოვენ, რომ შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ფოთის პორტის მმართველ კომპანიას APM Terminals-ს დაეკისროს. თუმცა, ფოთის პორტის ადმინისტრაცია ზარალის შესაძლო ანაზღაურებაზე რაიმე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი