13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა:

„ვალი გაიზარდა იმიტომ, რომ მოზიდული სახსრების 78% გვაქვს უცხოურ ვალუტაში“.

ფაქტ-მეტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს სახელმწიფო ვალს უცხოურ ვალუტაში მოზიდული საგარეო და ეროვნულ ვალუტაში მოზიდული საშინაო ვალის ჯამი ქმნის. 2016 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 14,356 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტული წილი 77.7%, ხოლო საშინაო ვალისა კი, შესაბამისად, 22.3% იყო. აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრის მიერ აღებულ საანგარიშო პერიოდში (2011-2016 წწ.) საგარეო ვალის პროცენტული წილი სახელმწიფო ვალთან მიმართებით მეტწილად სტაბილურია და 75-79%-ის შესაბამის შუალედში მერყეობს.

ცხრილი 1:

საქართველოს სახელმწიფო ვალის სტატისტიკა შესაბამის ვალუტაში

წელი ვალუტა მთავრობის საგარეო ვალი სებ-ის საგარეო ვალი სახელმწიფო საგარეო ვალი ისტორიული ვალი (ლარი) სახელმწიფო საშინაო ვალი (ლარი) სულ სახელმწიფო ვალი (ლარი)
2011 USD 3607,8 592,7 4200,6 672,3 1220,8 8909,4
ლარი 6026,2 990,1 7016,2
2012 USD 3997,3 359,8 4357,1 672,3 1229,9 9120,6
ლარი 6622,3 596,1 7218,4
2013 USD 4086,4 115,7 4202,0 672,3 1344,9 9313,2
ლარი 7095,1 200,8 7296,0
2014 USD 4157,2 42,6 4199,8 672,3 1898,4 10397,4
ლარი 7747,4 79,4 7826,7
2015 USD 4295,5 19,4 4314,9 672,3 2187,2 13193,3
ლარი 10287,3 46,5 10333,8
2016 USD 4405,5 5,7 4411,1 672,3 2518,8 14356,2
ლარი 11150,7 14,4 11165,1
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ვალის ნომინალური მნიშვნელობა მუდმივად იზრდებოდა. 2013-2016 წლებში სახელმწიფო საგარეო ვალი 4,148 მლრდ ლარით გაიზარდა, თუმცა, ხსენებული ზრდა მხოლოდ ვალის რაოდენობის რეალური ცვლილების ამსახველი არ არის, რადგან მისი მნიშვნელობა ეროვნულ ვალუტაშია მოცემული და როდესაც ლარი დოლართან მიმართებით უფასურდება, ლარში გამოსახული საგარეო ვალიც იზრდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ვალის ჯამური ოდენობის ზრდა სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მართლაც, 2016 წელს (USD/GEL = 2.53), 2012 წელთან (USD/GEL = 1.67) შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 51%-ით გაუფასურდა, რამაც ლარში დათვლილი სახელმწიფო ვალის მნიშვნელობის ზრდა გამოიწვია. თუმცა, თუკი ლარის კურსს 2012 წლის ნიშნულზე (1.67) დავაფიქსირებთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფო ვალი 1,650 მლრდ ლარით მაინც იზრდება.

2016

წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო საგარეო ვალი 54 მლნ დოლარითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში მთავრობის საგარეო ვალი 408 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 354 მლნ დოლარით შემცირდა. გაზრდილია სახელმწიფო საშინაო ვალიც. 2016 წლის საშინაო ვალი 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს 1,289 მლნ ლარით აღემატება.

სახელმწიფო ვალის ზრდა მაშინ წარმოადგენს პრობლემას, თუ ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ მისი ტვირთი იზრდება. 2011 წელს ვალი მშპ-ის მიმართ 36.6% იყო, 2012-2013 წლებში მცირდებოდა, ხოლო 2014-დან ზრდა დაიწყო და 2016 წლის პროგნოზით მშპ-ის 44.4%-ს გაუტოლდება (თუ ლარის კურსი წლის ბოლოს 2.50 იქნება).

გრაფიკი 1: 

სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ

image001 *ფინანსთა სამინისტროს პროგნოზზე დაყრდნობით

როდესაც ლარის გაუფასურების გამო სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი იზრდება, მთავრობას შეუძლია ეს უარყოფითი ტენდენცია გარკვეულწილად ნაკლები ახალი ვალის აღებით დააბალანსოს. თუმცა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, მთავრობა მომავალ წელს დამატებით 1,267 მლნ ლარის (მშპ-ის 3.5%) ვალს აიღებს, როცა მიმდინარე წელს 1,012 მლნ ლარის (მშპ-ის 3%) ვალს იღებს.

დასკვნა 2016

წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის ჯამურმა მნიშვნელობამ 14,356 მლნ ლარი შეადგინა. ვალის 77.7%-ს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს, რომლის ლარში დაკონვერტირებული მნიშვნელობა დიდწილად ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამოა გაზრდილი, თუმცა, მთლიანი სახელმწიფო ვალის მატების ერთადერთი გამომწვევი ფაქტორი ხსენებული ტენდენცია არ არის. სახელმწიფო საგარეო ვალი 54 მლნ დოლარით, ხოლო საშინაო ვალი 1,289 მლნ ლარითაა გაზრდილი.

2012

წელს სახლმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 34.9% იყო, 2016 წლის ბოლოს კი, 44.4%-ს მიაღწევს. ვალის მშპ-თან ზრდას ლარის გაუფასურება და საშინაო ვალის ზრდა განაპირობებს. ამ ფონზე, მთავრობა ნაკლები ვალის აღების ნაცვლად, 2017 წელს ვალის აღებას ზრდის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5325 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი