"

ნაციონალური მოძრაობა" ერთმა ნაწილმა დატოვა, რომელიც ახალი სახელითა და ახალი ფორმატით იფუნქციონირებს. ყოველ შემთხვევაში, პარტიის ცენტრალური ოფისის ეზოში შეკრებილებმა ამის პირობა დადეს. დარჩენილები კი, პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ ძველებურად, ძველი სახელით, ძველი ლიდერით და ძველი ფორმატით გააგრძელებენ.

წასულებმაც და დარჩენილებმაც 12 იანვარს ბრიფინგები პარტიის ოფისთან ჩაატარეს, წასულებმა - წინა, დარჩენილებმა - უკანა ეზოში. მომხრეები პარტიის რიგითი წევრებიდან ორივე მხარემ ორგანიზებულად მიიყვანა, თუმცა, დარჩენილები შეეცადნენ, მომხრეების ორგანიზებული თავშეყრისთვის სტიქიური და სპონტანური სახე მიეცათ. "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების მობილიზება 5 საათზე დაიწყო, 6 საათზე, ოფისში უკანა კარიდან შესულმა ნიკა მელიამ კი განაცხადა: "ნამდვილად არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი აქ, კახეთის გზატკეცილზე არაორგანიზებულად მოხვიდოდით. თქვენ ხედავთ ამ ბუნებრივ ურთიერთობებს და ბუნებრივ ემოციებს, რომელიც ახლა აქ არის და არა იმ ხელოვნურ მიზანსცენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე საათის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში", - დასძინა დეპუტატმა.

ის, რომ  ენმ-ს ერთი ჯგუფი დატოვებდა, ახალი ამბავი აღარ არის და ბოლო დაპირისპირებების და განსაკუთრებით გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ ცხადი იყო, რომ მათი ერთ პარტიაში ყოფნა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იქნებოდა. ამიტომაც, ბოლო დღეებში ინტერესს ის იწვევდა, თუ რა ფორმით მოხდებოდა მათი დაშორება და რომელი მხარე რა განცხადებას გააკეთებდა.

წამსვლელების მთავარი მესიჯი ის იყო, რომ პარტია უნდა განვითარდეს და ცვლილებებია საჭირო. ამის დასტურად, მეტი თვალსაჩინოებისთვის, უგულავამ ბიბლიური იგავი - მარილის ქანდაკებად ქცევის შესახებ, გაიხსენა და შემდეგ, ირიბად სააკაშვილი ჯართში ჩასაბარებელ მანქანას შეადარა.

მათი გამოსვლის მთავარი აქცენტი ის იყო, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ნებით იმართება და  ეს გუნდი ამ პრინციპს უპირისპირდება, რადგან, მათივე თქმით, ეს პარტიისთვის დამღუპველია და სააკაშვილი თავად ღუპავს საკუთარ პარტიას.

„2012 წლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი სააკაშვილს, უნდა დაგვემტკიცებინა და ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, გვაქვს უნარი, ჩვენი ბევრი არასწორი ქმედება გავაანალიზოთ“, - განაცხადა უგულავამ და 2012 წლის არჩევნების  შემდეგ პარტიაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მან დასძინა, რომ „ცარიელ სკამზე პოტინი გაუგებარია და თუ პარტია შიგნით ვერ ჩაატარებს რეფორმას, მაშინ საზოგადოება არ მიიღებს გულწრფელად იმას, რომ შენ შეგიძლია პარტია კრიზისიდან გამოიყვანო”.

გიგა ბოკერიას განცხადებით კი, „ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები“. მისივე თქმით, „ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და ასეთი გუნდი არის სწორედ ის გუნდი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო“.

ამ ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილი მალევე გამოეხმაურა და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა“. ის წერს, რომ „პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა”. მან აქვე მიანიშნა ისიც, რომ პარტიიდან წასულებს პარლამენტში ყოფნის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ.

„მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ ენმ-ში დარჩენილი წევრების გამოსვლა იდენტური შინაარსის იყო - რომ პარტიიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი წავიდა. მათ პარტიიდან წასულები ივანიშვილის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.

"

წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებული ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ლანძღვა-გინებას. კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე თავიანთ ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს "ნაციონალურ მოძრობაზე". ეს კი, ნამდვილად ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა მელიამ.

რა ფორმატით გააგრძელებენ ურთიერთობას ყოფილი თანაგუნდელები, დღეს ამაზე საუბარი ძნელია. ნუგზარ წიკლაურმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას თქვა: „პოლიტიკურ ცხოვრებაში ზოგადად გამორიცხული არაფერი არ არის და შევხედავთ, ეს პოლიტიკური გუნდი რა ნაბიჯებსაც გადადგამს, იმის მიხედვით მოვიქცევით“. თუმცა, იქვე დასძინა, რომ „მათი პირველი ბრიფინგი ძალიან იმედგამაცრუებელია“.

სააკაშვილთან დარჩენილები იმაზე აპელირებენ, რომ პარტიიდან ცოტა ადამიანი წავიდა და ეს ყრილობაზეც გამოჩნდება, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს. ამ ყრილობაზე, ცხადია, პარტიის მმართველობის სტილი არ შეიცვლება და წასულების ნაცვლად პოლიტსაბჭოში სხვა კანდიდატებს აირჩევენ. ფაქტ-მეტრთან საუბრისას აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ  ამ ყრილობაზე რეგიონებს საკუთარი წარმომადგენლების  არჩევას დაავალებენ და ვისაც რეგიონები გადაწყვეტენ, პოლიტსაბჭოს წევრები ისინი  გახდებიან. თუმცა, ფაქტია, რომ ლიდერების დიდი ნაწილი, რამდენიმეს გარდა, სწორედ ბოკერია-უგულავას ჯგუფშია. რაც მთავარია, პარლამენტში ისინი დარჩენილებთან შედარებით უმრავლესობაში არიან.

ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფი პარლამენტში 21 ადამიანით არის წარმოდგენილი. მათ პარტიის საკითხი უკვე გადაწყვიტეს და ჯერჯერობით „ევროპული საქართველოს“ სახელით იფუნქციონირებენ. თუმცა, უკვე არსებობს მოლოდინი, რომ  ეს ჯგუფი კიდევ ერთ ახალ პარტიას შექმნის და ადგილობრივ არჩევნებში სწორედ ამ პარტიის სახელით მიიღებს მონაწილეობას. ეს კი, მათ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ორმაგი დაფინანსების აღების საშუალებას  მისცემს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჯგუფში პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ერთადერთი, რაც გიგი უგულავამ თქვა ის იყო, რომ ის პარტიის თავმჯდომარედ დავით  ბაქრაძეს უჭერს მხარს.

ყოფილი ენმ პარლამენტში ორი ფრაქციით იყო წარმოდგენილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობდა და ელენე  ხოშტარიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“. ორივე ფრაქცია კი უმცირესობაში იყო გაერთიანებული. პარტიიდან წასვლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, უმცირესობა შენარჩუნდება, ფრაქციებს  შეეცვლება სახელი,  ერთს დაერქმევა „ევროპული საქართველო“, რომელსაც ნიკა მელიას ნაცვლად  სერგო რატიანი უხელმძღვანელებს და  ხოშტარიას ფრაქციას  - „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“.  ამასთან, მათ ფრაქციიდან არავინ გაურიცხავთ და ვიდრე სააკაშვილთან დარჩენილები ახალი ფრაქციის შექმნას გადაწყვეტენ, ფრაქციის წევრებად რჩებიან.

საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილთან დარჩენილები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდმა საპარლამენტო მანდატები უნდა დატოვოს, რადგან ისინი იმ პარტიიდან წავიდნენ, რომლის სახელითაც პარლამენტში მოხვდნენ. არ არის გამორიცხული, ეს საკითხი მათ ყრილობაზეც დააყენონ. თუმცა, ამის იურიდიული ბერკეტები მათ არა აქვთ და, შესაბამისად, მუდმივად პოლიტიკური  რიტორიკისთვის გამოიყენებენ.

12 იანვარი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს გაყოფილი პარტიის ორივე ნაწილისთვის და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე იმ შემხთვევაში, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია გაქრება ან ისე დასუსტდება, რომ არანაირი ანგარიშგასაწევი ძალა აღარ ექნება.

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი