ვებგვერდმა chemikharagauli.com ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადდანიშნული საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების მიწოდება სთხოვა.

 საკრებულომ ვებგვერდს გამოთხოვილი ინფორმაცია არ გადასცა, რის მიზეზადაც ინფორმაციის არასაჯაროობა დაასახელა.

„ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საჯარო, ვიხელმძღვანელეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და დასახელებულ თანამდებობის პირებს ვთხოვეთ თანხმობა, გაგვეცა თუ არა მათი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები. მათ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა არ განაცხადეს, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“, - ასე ახსნა საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზი.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმიანობა, საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, საჯარო სამსახურს წარმოადგენს. ამავე კანონით, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუფერხებლად გაცემა (მუხლი 733). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლში განმარტებულია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესი და ნათქვამია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, გარდა

თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემებისა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი კი აზუსტებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თანამდებობის პირები არიან (

მუხლი 32). შესაბამისად, მათი პერსონალური ინფორმაცია ამ კანონების მიხედვით გასაჯაროებას ექვემდებარება.

იმავე პოზიციას იზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სანტურიანიც. „თვითმმართველობის კოდექსის 32-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლები იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოთხოვის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ინფორმაცია გახდეს საჯარო“, - ამბობს იურისტი.

რაც შეეხება ვებგვერდისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხს, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ინფორმაციის მიუწოდებლობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით“ ასაბუთებს, თუმცა, არ მიუთითებს, რომელი მუხლია ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზი.

ფაქტ-მეტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს დაუკავშირდა და საკითხში გარკვევა სთხოვა.

„ზოგადად, საჯარო სამსახურში ინტერესის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  საქართველოს კანონის მე-2 მუხლში არის იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. თუ პირები, რომელთა შესახებ ვებგვერდმა გამოითხოვა საჯარო ინფორამაცია, ამ ჩამონათვალში არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ხოლო ყველა დანარჩენი პირის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მომზადებისა და დამუშავების საფუძველი უნდა არსებობდეს. მაგალითად, ასეთია თავად პირის თანხმობა, მის შესახებ გასაცემ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ან სხვა საფუძველი“, –  განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტი სოფიო შამუგია.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში

“ კი, თანამდებობის პირთა ჩამონათვალში (მუხლი 2.1 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი) შედიან ის პირებიც, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართვლეობის კოდექსით“  განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებად ითვლებიან (საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 32). შესაბამისად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე იმ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ, რომელთა შესახებ სამსახურში დაცული პერსონალური ინფორმაცია საჯაროა და მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს  უნდა გადასცემოდა.

დასკვნა

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია თანამდებობის პირის შესახებ საჯარო სამსახურში დაცული პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროვოს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე, „თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლის თანახმად, თანამდებობის პირებად ითვლებიან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი,

რომლის მოშველიებითაც ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ ინფორმაციის გაუცემლობა დაასაბუთა, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-2 მუხლის ჩამონათვალში შედიან. ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო საფუძვლებიდან გამომდინარე, მანანა ბარბაქაძე ვალდებული იყო chemikharagauli.com-ისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

შესაბამისად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის ოფიციალური განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი