საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ექსპორტზე და მისგან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა,

განსაკუთრებული ყურადღება უმსხვილეს საექსპორტო საქონელზე გაამახვილა, მათ შორის თხილზეც, და განაცხადა: „თხილის ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, თუმცა იმის გამო, რომ მისი ფასი არის შემცირებული, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ნაკლები თანხა და რეალურად ერთი პროცენტით მეტი შემოსავალი. ექსპორტი თხილში და კაკალში გვქონდა 146.2 მლნ დოლარი, თუმცა, მოცულობაში თუ გადავთვლით, ჩვენ 22 ათასი ტონა თხილი და კაკალი გავიტანეთ, ეს არის 7 ათასი ტონით მეტი, ვიდრე წინა წელს. ფასი 31%-ით არის შემცირებული და იგივე ფასი რომ დარჩენილიყო, რაც 2015 წელს, ჩვენ მხოლოდ თხილთან მიმართებით 65 მილიონი ლარით მეტს მივიღებდით“.

ფაქტ-მეტრი თხილის ექსპორტის მაჩვენებლებით დაინტერესდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თხილი საექსპორტო ათეულში შედის. 2015 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა 176.6 მილიონი დოლარი იყო. ასევე, გაიზარდა თხილის წილი მთლიან ექსპორტში და 8% შეადგინა (2014 წელს თხილის წილი მთლიან ექსპორტში 6.4%, 2013 წელს კი 5.7%-ს შეადგენდა).

რაც შეეხება 2016 წლის 11 თვის მონაცემს (

იანვარ-ნოემბერი), თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 167.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 8.7%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში (2015 წლის იანვარ-ნოემბერი) თხილის ექსპორტიდან მიღებული თანხა 164.4 მილიონი ლარი იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 8.1%-იყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2015

წელს 19 440 ტონა, 2016 წლის 11 თვის განმავლობაში კი 25 415 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, 2016 წლის 11 თვეში 30%-ით მეტი თხილი იქნა ექსპორტირებული (5 975 ტონით მეტი), ვიდრე 2015 წელს. მიუხედავად იმისა, რომ თხილის ექსპორტი დაახლოებით 6 ათასი ტონით არის გაზრდილი, ექსპორტიდან მიღებული თანხა მხოლოდ 3.2 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც დაახლოებით 1%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება თხილის ფასს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2015 წელს თხილის საშუალო ფასი 9.1 ლარი, 2016 წელს კი 6.6 ლარი იყო. ანუ, თხილის ფასი 2016 წელს (წინა წელთან შედარებით) 28%-ით არის შემცირებული. თხილის ფასი იგივე რომ დარჩენილიყო, 2016 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 64 მლნ-ით მეტი იქნებოდა.

დასკვნა

თხილის ექსპორტი 2016 წლის 11 თვეში 2015 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი (5 975 ტონით მეტი). თუმცა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით მეტია, რაც თხილის ფასის 28%-ით შემცირებით არის განპირობებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ფინანსთა მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი