13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება

გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 10 თებერვალს მკვლელობის ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს უცნობმა პირმა მიმართა და აცნობა, რომ მას გიორგი მამალაძემ სიცოცხლისათვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა.

„როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, მას [გიორგი მამალაძეს] უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მართალია, პროკურატურის განცხადებაში იმ უმაღლესი სასულიერო პირის ვინაობა, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, დაკონკრეტებული არ იყო, მაგრამ საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში მინიშნებული იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა კათალიკოს პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან.

გარდა ამისა, პროკურატურამ ხაზი გაუსვა, რომ "გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-18, 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო ორგანოს მიერ გაკეთებულმა მსგავსმა ირიბმა მინიშნებამ საზოგადოებაში განწყობა შექმნა, რომ მკვლელობის ობიექტი სწორედ საქართველოს-კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო. ფონი პრემიერისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ უფრო გააღრმავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმავე დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა: „ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული, ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. გამომდინარე არაორდინალური ვითარებიდან, რომელიც შეიქმნა, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა გაძლიერებულიყო უსაფრთხოების ზომები ადგილზე. მთავარი გახლავთ ის, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“. მანვე განმარტა, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით არც მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა დააყოვნეს და განცხადებები იმავე საღამოს გააკეთეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,

რომ პროკურატურის მიერ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, იმის თქმის შესაძლებლობას, რომ თავდასხმის ობიექტი უშუალოდ პატრიარქი იყო, არ იძლევა. თუმცა, განმარტა: „როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში  პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად. თალაკვაძემ იქვე გვამცნო, რომ „ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამაც გააკეთა და განმარტა:

„პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზრუნვაა და მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ, ვის მიმართ და რა ფორმით, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. იცით, რომ წინასწარი პატიმრობის თაობაზე ბრძანება გაცემულია უკვე, მეტს ვერ ვისაუბრებ“.

მართალია, ეკა ბესელიას კომენტარისას სამიზნე სასულიერო პირის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ Facebook-ზე დეპუტატის ოფიციალურმა გვერდმა მის მიერ გაკეთებული განცხადება შემდეგი განმარტებით გაავრცელა: „პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულთან

დაკავშირებით. ეკა ბესელიას თქმით, ეს დანაშაული სამართალდამცავებმა აღკვეთეს“.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კი, მომხდარი ერთი მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტად შეაფასა

და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა.

ფაქტი უკომენტაროდ არც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დატოვა. „როგორც დასტურდება, ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის დესტაბილიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენგანისათვის. ეს დანაშაული, რომელიც როგორც ჩანს მთავარი პროკურორის განცხადებიდან, იგეგმებოდა, თავიდან იქნა აცილებული სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად“ - განაცხადა

იუსტიციის მინისტრმა.

დეკანოზის დაკავების ფაქტს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც გამოეხმაურა.

მისი თქმით - „უმძიმესი დანაშაულის ჩადენა თავიდან იქნა აცილებული. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე. ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე“.

კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს ყველაფერი საქართველოს პატრიარქს, კალაძემ უპასუხა - „გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს გავიგებთ. თუმცა, ცხადია, რომ კონკრეტული პიროვნება, მამალაძე, კონკრეტული საწამლავით მიემგზავრებოდა გერმანიაში, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“.

რატომ გახდა საჭირო პროკურატურის მხრიდან ქვეტექსტებით საუბარი და რატომ გაკეთდა პრემიერისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე მინიშნებები მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ იყო, ცხადია, კითხვის ნიშნებს ბადებს.

აღნიშნულს არასამთავრობო სექტორის ნაწილი გამოეხმაურა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეკანოზის დაკავების ფაქტზე სპეციალური განცხადება

გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

"

საია" გაუმართლებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ პროკურატურის წარმომადგენლთა და არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. დეკანოზ მამალაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ“ - ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა.

ომბუდსმენმა მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემისკენ მოუწოდა.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზის დაკავებას გამოეხმაურნენ პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მათ დადებითად შეაფასეს საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს. ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა.

პროკურორის გადაყენების მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

დეკანოზის დაკავებიდან ზუსტად სამი დღის თავზე, 16 თებერვალს, მთავარმა პროკურატურამ ციანიდის ისტორიასთან დაკავშირებით გაზეთ "რეზონანსთან"

 კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ გიორგი მამალაძეს ბრალი ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი და ჩვენ ამაში ვერავინ მოგვედავება. ჩვენს პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და იქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

პროკურატურის ამ განცხადებას ერთგვარი თავის მართლების ტალღაც მალევე მოჰყვა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,

რომ როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. მანვე თემას მოყოლილ გამოხმაურებას „სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი“ უწოდა და განმარტა, რომ გამოძიების დასრულებამდე დეტალურ კომენტარს აღარ გააკეთებდა.

არ დააყოვნა ეკა ბესელიას კიდევ ერთმა კომენტარმაც.

დეპუტატის შეფასებით, საქმეზე სპეკულაციებით პოლიტიკური ველის შემზადება ხდებოდა. მისი თქმით, საბოლოოდ ვის მიმართ იყო მიმართული დანაშაული, ამას იტყვის გამოძიება და შემდეგ სასამართლო. „ქვეყანამ აიცილა საფრთხე, რადგან ადამიანი, რომელიც დაკავებულია საზღვარზე, აქვს საწამლავი და მიდის გერმანიაში, სადაც პატრიარქი იმყოფება, ეს არის საფრთხის მატარებელი“ - განმარტა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განგვიმარტა,

რომ გამოძიების დასრულებამდე ნებისმიერი სახის განცხადების გაკეთება გამოძიებისთვის დამაზიანებელი იქნება და გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მოგვიწოდა. ალბათ, პარლამენტის თავმჯდომარეს გამორჩა, რომ მთავარი განცხადებები სწორედ ქვეყნის პრემიერმა, მინისტრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

კითხვა ისმის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართაც. მაგალითად - მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგად საზოგადოებაში გაჩენილი არასწორი წარმოდგენების გასაქარწყლებლად მყისიერად, კიდევ ერთხელ რატომ არ განიმარტა, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია და სინამდვილეში პატრიარქის მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი შეაფასა

გერმანიაში მყოფმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ: „მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან, მე ვიცნობ მამა გიორგის კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“ - განაცხადა პატრიარქმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვედრის შემდეგ, მომხდარი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემაც შეაფასა. „ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად... ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ. სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. რაც მოხდა არის „კაკებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა

“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ ისიც განმრტა,

რომ მისი ვარაუდით ეს ყველაფერი მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ. „თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9 წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად, სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი“ - თქვა მეუფე პეტრემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით

კი, „დადგება დრო, პროკურატურას თითოეული სიტყვის უკან წაღება მოუწევს“. თავად პროკურატურის განმარტებით კი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს და ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

ფაქტ-მეტრი იმედს იტოვებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ე.წ. გამოუძიებელი საქმეების ქრონიკაში

 „საპატიო ადგილს“ არ დაიკავებს და უახლოეს მომავალში საზოგადოებაში ლეგიტიმურად გაჩენილ ყველა კითხვას კვალიფიციური პასუხი გაეცემა.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცხადია, შეფასებები და კომენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა თუ საქმესთან დაკავშირებული პირებისგან კვლავაც ბევრი გაკეთდება, თუმცა, მოცემული მომენტისათვის ფაქტ-მეტრი შეეცადა ყველა იმ მნიშვნელოვანი განცხადებისთვის მოეყარა თავი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი