პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: „2017 წლის ბიუჯეტი სრულად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რაც გვქონდა საარჩევნო პერიოდში, რა პრიორიტეტებითაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში“.

ფაქტ-მეტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გადაამოწმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა

ოთხი ნაწილისგან (დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება, საგარეო უსაფრთხოება და თავდაცვა) შედგება. თითოეულ ნაწილში წარმოდგენილია ხელისუფლებაში ყოფნის გასული 4 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის მიმოხილვა და ამ მიმართულებით მომდევნო 4 წელში პარტიის მიერ გაცემული დაპირებები. დოკუმენტის მოცულობიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი მხოლოდ ძირითადი, აქტუალური დაპირებებისა და მათ ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზს გთავაზობთ.

ადმინისტრაციული ხარჯები 2016

წლის საარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტ პროცესს აანონსებს. პროგრამის მიხედვით, უნდა შენელდეს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა, გამოთავისუფლებული სახსრები კი პრიორიტეტულად გადანაწილდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს ადმინისტრაციული ხარჯები 3%-ით შეამცირა, თუმცა 2014-2016 წლებში ხარჯების სტაბილური - 7%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა. 2017 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლების ანალოგიურ მონაცემთან შედარებით იკლებს და 2% ხდება, რაც პარტიის წინასაარჩევნო დაპირებას შეესაბამება.

ცხრილი 1:

ადმინისტრაციული ხარჯები 2013-2017 წლებში (მლნ ლარი)

წელი 2013 2014 2015 2016 2017
შრომის ანაზღაურება 1 181 1 296 1 376 1 443 1 393
საქონელი და მომსახურება 855 875 941 1 037 1 144
ადმინისტრაციული ხარჯი 2 036 2 171 2 317 2 480 2 537
ზრდა (%) -3 7 7 7 2
წყარო: ფინანსთა სამინისტრო   სახელმწიფო ვალი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში საუბარია სახელმწიფოს ვალზე მშპ-თან მიმართებით, თუმცა პარტია ვალის მოცულობის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პროგნოზს არ აანონსებს, მხოლოდ აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით შენარჩუნდება იმ დონეზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურ საერთაშორისო იმიჯსა და საკრედიტო რეიტინგს უზრუნველყოფს.

2013

წლიდან სახელმწიფო ვალის ოდენობა მშპ-თან მიმართებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისია 2017 წლის პროგნოზული 44.2%-იანი მაჩვენებელი, რომელიც წინა წლის ანალოგიურ ნიშნულს (44.4%) უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება, თუმცა, ხსენებულ განსხვავებას არა მთავრობის მიერ ნაკლები ვალის აღება, არამედ საქართველოს ეკონომიკის ზრდა გვაძლევს. 2017 წელს საქართველოს მთავრობა 1 267 მლნ ლარის ოდენობის დამატებითი ვალის აღებას გეგმავს, 2016 წელს კი სახელმწიფო ვალის ოდენობა 1 012 მლნ ლარით გაიზარდა.

  გრაფიკი 1:

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 46%-ია, რაც უკვე სცდება 2017 წლისთვის პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ვალის მშპ-ის მიმართ სიდიდე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლარის კურსზე. თუ კურსი არ გამყარდება, ვალი მშპ-ის 44%-მდე არ შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - Fitch-მა და Moody’s-მა ერთი ნიშნულით გააუარესა, რაც შემცირებულ გადახდისუნარიანობას ასახავს. ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის გაზრდილ საგარეო ვალს ასახელებენ (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის კვლევა).

ინფრასტრუქტურა

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში 3.5 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავდა.

2017

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობა კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მლრდ ლარის დახარჯვას აანონსებს (რაც წინასაარჩევნოდ დანაპირებ 3.5 მილიარდ დოლარზე დაახლოებით 300 მლნ-ით მეტია), რაც 2013-2016 წლებში იმავე მიმართულებით დახარჯულ თანხას 2.5-ჯერ აღემატება.

ცხრილი 2:

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტები 2017-2020 წლებში, მლნ ლარებში

1 საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი (SIDA) 1 294
2 რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (WB) 1 227
3 შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (WB) 1 015
4 რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB) 838
5 ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) 694
წყარო: ფინანსთა სამინისტრო

საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ვადაში ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ვერ სრულდებოდა და კაპიტალურ პროექტებზე დასახარჯი პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატებოდა შესაბამის ფაქტობრივ ხარჯებს. არსებული ტენდენციის პირობებში კი, ინფრასტრუქტურის 2.5-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ეჭვი ჩნდება.

საარჩევნო პროგრამაში საუბარია მომდევნო 4 წლის განმავლობაში 360 000 ადამიანის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაზე, რაც დაახლოებით 120 000 აბონენტისთვის 24 საათიან წყლის მიწოდებას ნიშნავს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ხსენებული პროგნოზირებული რაოდენობა გასული ოთხი წლის განმავლობაში იმავე რეჟიმის წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი აბონენტების რაოდენობას (34 000) 3.5-ჯერ აღემატება.

2017

წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი თანხები გამოიყო, ზოგადად დაპირების რეალობასთან შესაბამისობას კი, მომავალი წლები გვიჩვენებს.

ჯანდაცვა

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, შენარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, მისი დაფინანსება კი მოხდება ისე, რომ დაიხვეწოს საყოველთაო ჯანდაცვის არსებული, საბაზისო პაკეტი. დამატებით მომსახურებას კი კერძო სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის არსებული სახით შენარჩუნების არაეფექტიანობაზე ფაქტ-მეტრი აქამდეც წერდა.

მთავრობას უჭირს პროგრამის ფინანსური მონიტორინგი და ყოველი წლისთვის პროგრამისთვის გათვალისწინებულ თანხობრივ ნიშნულს სცდება, ხარჯების დასაფარად კი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიება უწევს. პროგრამის დასაფინანსებლად 2014 წელს 200 მლნ-ის ნაცვლად 300 მლნ; 2015 წელს 470 მლნ-ის ნაცვლად 570 მლნ; 2016 წელს 570-ის ნაცვლად 681 მლნ ლარი გახდა საჭირო.

ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაკორექტირდა. იმ პირებზე, რომლებიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ გავრცელდება. აღნიშნული ცვლილება მხოლოდ არჩევნების შემდეგ გახდა ცნობილი. წინასაარჩევნოდ, პროგრამაში ეწერა, რომ „შემავსებელი და დამატებითი მომსახურების გაწევის უფლება დარჩება კერძო სადაზღვევო კომპანიებს“ (საარჩევნო პროგრამა, გვ. 29).

ჯერჯერობით, ეს დაპირება არ სრულდება.

განათლება (პედაგოგთა ხელფასები)

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში (გვ. 35) დაანონსდა, რომ პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება და ხელფასის ოდენობა 2017 წლის 1 იანვრიდან საშუალოდ 800 ლარს მიაღწევს. აღნიშნული დაპირება ისე ჟღერს, თითქოს 2017 წლის 1 იანვრიდან ყოველი მასწავლებლის ანაზღაურება 800 ლარით განისაზღვრებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

2017 წლის ბიუჯეტის კანონის განმარტებითი ბარათის

მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144.8 მლნ ლარით გაიზარდა. ზოგადი განათლების დაფინანსებამ კი 655.9 მლნ ლარი შეადგინა, რაშიც პედაგოგთა გარკვეული კატეგორიისთვის ხელფასების მატებაა გათვალისწინებული.

საჯარო სკოლებში დასაქმებული 58 535 პედაგოგი ოთხ კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) იყოფა. აქედან 74% პრაქტიკოსია, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი ამ დროისთვის არ არსებობს. როგორც ირკვევა, 2017 წლის 1 იანვრიდან სწორედ დარჩენილი ორი კატეგორიის (უფროსი და წამყვანი) მასწავლებელთა სახელფასო დანამატის ოდენობა იზრდება და საშუალოდ 800 ლარს აღწევს იმ შემთხვევაში, თუკი ხსენებული სტატუსის მქონე პედაგოგები სრული დატვირთვით მუშაობენ. ამ მოთხოვნებს კი პედაგოგთა მხოლოდ 14% აკმაყოფილებს.

ამდენად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში გაჟღერებული დაპირება მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით 2017 წლისთვის პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის სრულდება.

დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ხელისუფლება გააგრძელებს დევნილების საცხოვრებელი ფართებით ეფექტიან დაკმაყოფილებას. ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, წყალტუბოში, მცხეთაში, თბილისში აშენდება და რეაბილიტირდება კორპუსები, რაც 2017-2020 წლებში 11 966 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ნიშნავს. პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ დევნილებს მთავრობა სამეურნეო მიწებს გადასცემს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საცხოვრებელი ფართით 2 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს. წინა წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, წლიურად 2 000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემა საშუალო მაჩვენებელია. საცხოვრებელი ფართით 2013 წელს – 1 772, 2014  წელს – 1 493, 2015 წელს – 2 739, 2016 წელს – 2 141 ლტოლვილი ოჯახი დაკმაყოფილდა. არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაპირება 11 966 დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემის შესახებ ვერ შესრულდება. აღნიშნული პროგნოზის შესასრულებლად მთავრობას წლიურად საშუალოდ 3 000 დევნილი ოჯახისთვის მოუწევს საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამ დაპირების რეალობასთან შესაბამისობას მომდევნო წლები გამოაჩენს.

რაც წინასაარჩევნოდ არ ითქვა 2017

წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები აისახა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში და დაპირებებში არ გაჟღერებულა. პირველ რიგში, ეს არის აქციზის გადასახადის მნიშვნელოვნად ზრდა ავტომობილის საწვავზე და ზეთზე, ავტომობილებზე და სიგარეტზე, რომელმაც საწვავის და სიგარეტის დაახლოებით 40%-იანი გაძვირება უკვე გამოიწვია. ასევე, ავტომობილებზე ქონების გადასახადის შემოღება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზრდა.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან გამოკვეთილ ძირითად საკითხებთან 2017 წლის ბიუჯეტი სრულ შესაბამისობაში არ არის. გარდა ამისა, წინა წლების ტენდენციაზე დაყრდნობით, გარკვეული პროგნოზების რეალურ განხორციელებასთან მიმართებით ეჭვი ჩნდება. რიგ შემთხვევებში კი, საარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ თავს არიდებს კონკრეტული საპროგნოზო მონაცემების გამოქვეყნებას (მაგალითად, სახელმწიფო ვალთან და დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით). ამდენად, ამ მიმართულებებზე საუბრისას ბიუჯეტთან შესაბამისობის მნიშვნელობა ბუნდოვანია. ასევე, ბუნდოვანი და გარკვეულწილად მცდარი შეხედულების წარმომშობი იყო მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით გაცემული დაპირებაც. საარჩევნო პროგრამაში გაჟღერებული გარკვეული ტენდენციები (მაგალითად ინფრასტრუქტულ პროექტებთან დაკავშირებით) ბიუჯეტში ასახულია.

მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლიდან ბიუჯეტის შემოსავლები შესამჩნევად იზრდება აქციზის გადასახადის ზრდით, რაც ამომრჩეველს არჩევნების წინ არ ეცნობა. იგივე შეიძლება ითქვას მთავრობის ე.წ. „10 პუნქტიანი გეგმის“ ზოგიერთ სხვა პუნქტზეც.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი