აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ საჯარო სკოლების სპორტული დარბაზების მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა:

„წელს დაგეგმილია ექვსი სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კერძოდ, ერთის მშენებლობა და ხუთ საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია. გარდა ამისა, შენდება სამი ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია უტარდება სამ სკოლას, რომელთა ფარგლებშიც მოხდება სპორტული დარბაზების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით,

ავტორიზაციის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად საჯარო სკოლას უნდა ჰქონდეს სპორტული დარბაზი, მოედანი ან აუზი. აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული სკოლების ნაწილი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ფაქტ-მეტრისთვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,

ბათუმში სულ 27 სკოლაა. აქედან სამს, ანუ 11%-ს, სპორტული დარბაზი არ აქვს. ბათუმის მე-17 სკოლაში მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს, მე-18 სკოლაში კი დარბაზი მიმდინარე წლის განმავლობაში აშენდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 46 საჯარო სკოლიდან სპორტული დარბაზი არ აქვს შვიდ საჯარო სკოლას, ანუ 15%-ს. ორი საჯარო სკოლის სპორტდარბაზი არასტანდარტულია, ხოლო ერთს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ 35 საჯარო სკოლაა, რომელთა 37%-ს, ანუ 13 სკოლას, სპორტული დარბაზი არ აქვს. ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან სპორტდარბაზის გარეშე დარჩენილია 34%, ანუ ათი სკოლა, ხოლო ერთ სკოლაში სპორტული დარბაზი სარეაბილიტაციოა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული 43 საჯარო სკოლიდან ნახევარზე მეტს, 22 სკოლას (51%) სპორტული დარბაზი არ აქვს. მსგავსი სიტუაციაა ხულოს მუნიციპალიტეტში. აქ 49 საჯარო სკოლიდან სპორტდარბაზი არ აქვს 23 სკოლას, ანუ მთლიანი რაოდენობის 47 %-ს, აქედან ერთს აქვს ღია მინიმოედანი, ერთს ღია სპორტული მოედანი, ერთს კი მინიდარბაზი.

სულ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 229 საჯარო სკოლაა და აქედან 78-ს (34%) სპორტული დარბაზი არ აქვს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 45 747 200 ლარით განისაზღვრა.

აქედან 5 324 780 ლარი განკუთვნილია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამაში იგულისხმება უკვე არსებული სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის ქვეპროგრამებიც. კერძოდ, დაგეგმილია 5 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სპორტული დარბაზებიც.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს რეაბილიტაცია ექვსი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს ჩაუტარდება: ორს ქობულეთის, ორს ქედისა და ამდენივეს შუახევის მუნიციპალიტეტებში.

დაგეგმილია ასევე ხუთი საჯარო სკოლის სპორტული დარბაზების კეთილმოწყობაც, რისთვისაც ბიუჯეტში 600 000 ლარი ჩაიდო. ამ თანხაში აგრეთვე გათვალისწინებულია შვიდი საჯარო სკოლის სპორტული დარბაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა.

ცხრილი 1:

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

დასახელება რაოდენობა ერთეულის ფასი სულ
მშენებლობა, რეაბილიტაცია, ზედამხედველობა          5          115 000 575 000
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია          7              3 571 25 000
ქვეპროგრამის ბიუჯეტი  -  - 600 000

რაც შეეხება ახალ სპორტულ დარბაზებს, მათი მშენებლობა დაგეგმილია ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში, ასევე დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის რვა სკოლაში. აქედან სამი სპორტული დარბაზის (სარფის, მაწყვალთის, განახლების საჯარო სკოლები) მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს, დანარჩენი კი ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში სასკოლო სპორტდარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხა ნამდვილად გათვალისწინებულია და რამდენიმე სკოლაში მათი რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. ასევე, დაწყებულია ერთი ახალი სკოლის მშენებლობაც. წლის ბოლოს ამ საკითხს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით და შესრულებული სამუშაოს შესახებ მკითხველს ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჯემალ სურმანიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი