მიმდინარე წლის 5 მაისს, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 32 მლნ ევროს საფინანსო შეთანხმებას, რომლის მიზანიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერაა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა:

„მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქართული ექსპორტი ევროკავშირში 44%-ით გაიზარდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და ასევე იმ ინსტიტუციური რეფორმების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“.

2014

წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, აღნიშნული შეთანხმება რამდენად აისახა ევროკავშირში ქართული ექსპორტის ზრდაზე.

საქსტატის მონაცემებით, 2017

წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და 577 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 159 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 44%-ით მეტია. საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 28%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 25% იყო.

2017

წლის იანვარ-მარტში, 2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ესპანეთის (21 მლნ დოლარით), რუმინეთის (14 მლნ დოლარით), პოლონეთის (4 მლნ დოლარით), ლიტვის (44 მლნ დოლარით) და ბულგარეთის (3.6 მლნ დოლარით) მიმართულებით. ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა იტალიაში (5 მლნ დოლარით), გერმანიაში (2.7 მლნ დოლარით) და საბერძნეთში (2 მლნ დოლარით).

ცხრილი 1:

საქართველოს ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში, 2017 წლის იანვარ-მარტი

ევროკავშირის ქვეყნები  მლნ დოლარი
ბულგარეთი 39.2
ესპანეთი 29.7
რუმინეთი 16.4
იტალია 13.5
გერმანია 10.1
ლიტვა 9.4
ნიდერლანდები 9.3
საფრანგეთი 6.2
პოლონეთი 5.8
ბელგია 4.1
ჩეხეთი 3.3
გაერთიანებული სამეფო 2.8
საბერძნეთი 2.4
სხვა ქვეყნები 7.4

DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ ქვეყანას მეტი პოტენციალი გაუჩნდა და, რა თქმა უნდა, მას დადებითი გავლენა აქვს ექსპორტის ზრდაზე. თუმცა, წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს პოტენციალი სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. 2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა მხოლოდ 3.4%-ით გაიზარდა. 2016 წელს კი ევროკავშირში ქართული ექსპორტი წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა. შემცირების მიზეზი საექსპორტო საქონლის ფასების კლებაც იყო.

გრაფიკი 1: 

ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, 2013-2016 წლები

image001

დასკვნა 2017

წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 44%-ით გაიზარდა. ასევე, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 25%-დან 28%-მდე გაიზარდა. ექსპორტის ზრდაზე, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა.

თუმცა, DCFTA-ის არსებობის პირობებში ქვეყანას უკეთესი ეკონომიკური შედეგებიც შეიძლებოდა ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, 2015 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მცირედით გაიზარდა, 2016 წელს კი შემცირდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ ჯანელიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი