აპრილის თვეში სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაუძვირდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიამ აბონენტებისთვის გაზის მიწოდება ძველი ტარიფით განაგრძო. სენაკში გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ გაზის გამანაწილებელ კომპანია "გასკო +"-თან არსებული ხელშეკრულებით კომპანიას შეეძლო მარეგულირებელი კომისიის თანხმობის გარეშე გაეზარდა ბუნებრივი გაზის ტარიფი. მისივე თქმით, მსგავსი ხელშეკრულება დაიდო წინა ხელისუფლების დროს, რომელიც კაბალურია. „წინა ხელისუფლების დროს "გასკო +"-თან არის ისეთი კაბალური ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც აძლევს ამ კომპანიას თვითნებობის საშუალებას. იმ ხელშეკრულების შესაბამისად, ამ კომპანიას აქვს უფლება ყოველგვარი მარეგულირებელი კომისიის გარეშე, თვითნებურად მოუმატოს ფასს“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონით, გაზის მიწოდება, ექსპორტ-იმპორტი, ტრანსპორტირება და განაწილება რეგულირებულია, რასაც  ახორციელებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). სემეკის საქმიანობა შემდეგ უფლებებს მოიცავს:

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება, ექსპორტ-იმპორტი, მიწოდება და გადანაწილების საქმიანობისთვის ლიცენზიების გაცემა, ტარიფების დადგენა, ბაზრის მონიტორინგი და ა.შ.

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელის ექსპლუატაციას და მოსახლეობისთვის მიწოდებას შ.პ.ს „გასკო +

“ ახორციელებს. მან ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა განახორციელოს მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიისა და ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდების მარეგულირებელი აქტების შესაბამისად. თუმცა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონით, ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნია უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის დერეგულირების ან ნაწილობრივ დერეგულიერების შესახებ, რაც გაზის გამანაწილებელ კომპანიას საშუალებას აძლევს სემეკის მიერ ტარიფის განსაზღვრის გარეშე განახორციელოს საქმიანობა, ან ნაწილობრივი დერეგულირების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სატარიფო ზღვრების ფარგლებში განახორციელოს გაზის განაწილება.

ამ კანონის მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2007 წელს, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გამოსცა ბრძნება „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“, რითაც კომპანიებს მიეცათ უფლება, რომ სემეკის დადგენილების გარეშე, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გაზის მიწოდების ტარიფი იმ აბონენტებისთვის, რომელთა გაზის გამანაწილებელ ქსელში მიერთება (გაზის მიწოდება) 2007 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ მოხდა. ამასთან, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრიებში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ბრძანების ამოქმედებამდე არსებული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მომწოდებელი კომპანიების მიერ გაზის მიწოდების საფასურის განსაზღვრა შესაძლებელი გახდა სემეკის მიერ დადგენილი ზედა ზღვრების ფარგლებში. ამავე ბრძანებაში 2008 წლის 24 ივლისს განხორციელებული ცვლილების

შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული მომხმარებლებისთვის (საყოფაცხოვრებო მოხმარება), რომლებიც სამეწარემეო ბუნებრივ აირს მიზნობრივად არ მოიხმარენ, გაზის მიწოდების ტარიფის განსაზღვრა კომპანიების მიერ ხორციელდება სემეკის დადგენილებით განსაზღვრული ზედა ზღვრის ფარგლებში, გარდა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც მიწოდება მანამდე იყო დერეგულირებული.

როგორც აღვნიშნეთ, ამ ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებს და მათ შორის "გასკო +"-ს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის განსაზღვრა შეუძლია დამოუკიდებლად, მარეგულირებელი კომისიის გარეშე. მინისტრის ბრძანება გამოიცა ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფოს პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს აბონენტების მაჩვენებლის ზრდას. აღნიშნულ წლებში რეგიონებში დაბალი იყო გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა, ამ რიცხვის ზრდის საშულებად მთვარობა ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას და არსებული კომპანიების მიერ გაზის განაწილების სფეროში ინვესტიციების ზრდას მიიჩნევდა.

დასკვნა

საქართველოს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონი და ამ კანონთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებს შ.პ.ს "გასკო +"-სა და ხელისუფლების ორგანოებს შორის რაიმე სახის ხელშეკრულების დადებას მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებისა და ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების საფუძველზე შ.პ.ს "გასკო +" უფლება აქვს 2007 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2008 წლის 1 აგვისტომდე ბუნებრივი გაზის ქსელში დაერთებულ მომხმარებლებს გაზი მიაწოდოს სემეკის მიერ დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში, ხოლო 2008 წლის 1-ლი აგვისტოდან  დაერთებული აბონენტებისთვის ტარიფი დამოუკიდებლად განსაზღვროს. აღნიშნული ბრძანებით, მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების ტარიფის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოში გაზის მიმწოდებელ ყველა კომპანაის და ამ უფლებას მხოლოდ "გასკო +" არ ფლობს.

ამდენად, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მტკიცება, რომ „გასკო +“-ს ექსკლუზიური პირობები შესთავაზეს, არასწორია. როგორც აღვნიშნეთ, ეს სფერო წინა ხელისუფლების დროს (ყველა კომპანიისთვის) სრულად ან ნაწილობრივ დერეგულირდა, ამ მხრივ სიტუაცია კი არც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვლილა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოჩა დგებუაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი