„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდნ რუსეთის მიმართ შერბილებულ პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების გამო კრემლი ანექსიის პროცესს უფრო აქტიურად აგრძელებს. ბადრი ბასიშვილის აზრით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტების გახშირება სწორედ ამ რბილი პოლიტიკის შედეგია.

„მეხუთე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და კიდევ უფრო გაორმაგდა და გასამმაგდა ე.წ. საზღვრისპირა ზოლიდან ქართველების გატაცების შემთხვევები“, - განაცხადა (21:41

წთ-დან) ბასიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონში, გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანების დაკავების ფაქტები ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეინიშნება. ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის სოფლები ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კი ცხინვალის იზოლატორში საკუთარი მიწის დამუშავებისას, ჯონჯოლის კრეფისას, ან ახლოს მდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად ან სანადიროდ წასვლისას ხვდებიან. გარდა ამისა, ქართულ მხარეს მცხოვრებ ადამიანებს „ოსური მილიციისთვის“ დამორჩილება ნათესავების ან ახლობლების საფლავებზე გასვლის დროსაც უწევთ. საერთო ჯამში კი, ომის შემდეგ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი დღეის მონაცემებით 1 000-ს აღწევს.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კონფლიქტის ზონაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაზრდილ სტატისტიკაზე ფაქტ-მეტრი რამდენიმე თვის წინაც წერდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008

წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული ე.წ. „ბრალდებით“ დაკავებულია 5 პირი, 2009 წელს - 78 პირი, 2010 წელს - 73, 2011 წელს - 134, 2012 წელს - 108, 2013 წელს - 142, 2014 წელს - 142, 2015 წელს - 163, 2016 წელს კი 134 ადამიანი. 2017 წლის იანვარ-მაისში კი, 21 მოქალაქეა დაკავებული.

საერთო ჯამში, აგვისტოს ომის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (2008 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ჩათვლით) ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კონფლიქტის ზონაში 398 პირი დააკავეს. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, დაკავებულთა რიცხვი უკვე 602-ს აღწევს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს წელიწადში საშუალოდ 80 მოქალაქე იყო დაკავებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი - 120.

დაკავებულები ცხინვალის იზოლატორს ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ტოვებენ, რომელიც 2 000 რუსულ რუბლს შეადგენს. ერთი და იგივე პირის განმეორებით დაკავების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

ამდენად, 2008-2012 წლებში ქართული მხრიდან ცხინვალის ბიუჯეტში ე.წ. ჯარიმის სახით დაახლოებით 160 000 რუსული რუბლი (დაახლოებით 45 714 ლარი) შევიდა, 2012-2017 წლებში კი 240 000 რუბლი (დაახლოებით 68 571 ლარი).

გრაფიკი 1:

ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო დაკავებულ პირთა რაოდენობა

image001

ბოლო წლების დაკვირვებით

თუ ვიმსჯელებთ, მაისის შუა რიცხვებიდან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები იზრდება, რადგან ხაშურისა და საჩხერის მოსახლეობის ნაწილი ამ დროს ტყეში ჯონჯოლის საკრეფად გადის, ტყიან ადგილებში კი მავთულხლართები და ამკრძალავი ბანერები არ არის, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ხვდება, სად გადის საოკუპაციო ხაზი.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბოლო ოთხ წელში დაკავების შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გაიზარდა (1.5-ჯერ), მაგრამ არა „ორჯერ და სამჯერ“, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს. ამდენად, მართალია ბასიშვილის შეფასება გარკვეულწილად გადაჭარბებულია, თუმცა ზრდის ტენდენცია სახეზეა.

ფაქტ-მეტრი ცალსახად ვერ იტყვის, ზუსტად რისი ბრალია მოქალაქეთა გატაცების ფაქტების გაზრდილი მაჩვენებელი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რბილი პოლიტიკის, თუ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების. შესაბამისად, ჩვენ ამ განცხადების მხოლოდ ფაქტობრივ ნაწილს შევაფასებთ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბადრი ბასიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი