23 მაისს, ტვ "პირველის" ეთერში საქართველოს პარლამენტის წევრმა ლელა ქებურიამ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებაზე საუბრისას განაცხადა,

რომ 2014 წლის შემდეგ, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაიყო ორ თვითმმართველ ერთეულად - ქალაქ ზუგდიდად და ზუგდიდის მუნიციპალიტეტად, ორივე ერთეულში საკუთარი შემოსავალი გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ლელა ქებურიამ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაძლო გაერთაინების საწინააღმდეგო არგუმენტად მოიყვანა.

ფაქტ-მეტრი განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2014 წელს მიღებული ახალი თვითმმართველობის კოდექსის შემდეგ ხუთ თვითმმართველ ქალაქს დაემატა

შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქი. რეფორმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც შეეხო. მას გამოეყო ქალაქი ზუგდიდის ადმინისტრაციული ერთეული და  ამ ტერიტორიაზე შეიქმნა თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარ შემოსავალად ითვლება ქონების გადასახადი. ასევე, 2016 წლიდან, მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული საშემოსავლო გადასახადიც 100%-ით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში რჩება. აღნიშნული გადასახადების გარდა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებია ადგილობრივი მოსაკრებლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ცვლილებით მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი და სხვა შემოსავლები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გათანაბრებითი ტრანსფერის გამოყოფა ხდება საბიუჯეტო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, რომლის გაანგარიშების ინსტრუქცია დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით.

აღნიშნული ტრანსფერის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო რესურსების გათანაბრება.

თვითმმართველობის რეფორმამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის

შემოსულობებში საკუთარი შემოსავალი გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე 4 979 100 ლარი იყო, ხოლო 2013 წელს კი - 5 038 000 ლარი.

ცხრილი 1:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 2009-2013 წლებში, გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე (ლარი)

წელი 2009 2010 2011 2012 2013
საკუთარი შემოსავალი 9 022 000 7 330 700 7 340 200 4 979 100 5 038 000
წყარო: matsne.gov.ge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობები ჩვენ მიერ გადასამოწმებელ განცხადებას ვერ დაუკავშირდება, რადგან გაყოფის შედეგად ორი ახალი მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო წლის მე-7 თვეს შეიქმნა და, შესაბამისად, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების 2014 წლის ბიუჯეტი სრულ საბიუჯეტო წელს არ მოიცავდა (იხ. ბმული 1, ბმული 2).

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ორ თვითმმართველ ერთეულად გაყოფის შემდეგ, 2015 წელს ორივე (თვითმმართველი ქალაქის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საკუთარმა შემოსავლებმა, გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე, 7 334 700 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის ორივე მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების გეგმა, გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 14 795 500 ლარია.

ცხრილი 2:

ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის გარეშე (ლარი)

წელი 2015 2016 2017 (გეგმა)
საკუთარი შემოსავალი 7 334 700 9 810 200 14 795 500
წყარო: matsne.gov.ge

აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან 2014 წლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები (გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე) ხასიათდება კლების ტენდენციით, ხოლო 2015 წლიდან ბიუჯეტის იგივე მაჩვენებლები ორივე მუნიციპალიტეტში ზრდადია.

გრაფიკი 1:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები (გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე) 2009-2013 წლებში, ათასი ლარი

lela_keburia_grafiki1

გრაფიკი 2:

ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები (საშემოსავლო გადასახადისა და გათანაბრებითი ტრანსფერის გარეშე) 2015-2017 წლებში, ათასი ლარი

lela_keburia_grafiki2

დასკვნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები 2014 წლამდე იკლებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მას ქალაქი ზუგდიდი გამოეყო და ორი მუნიციპალიტეტი შეიქმნა, მათი საკუთარი შემოსავლები (გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადების გარეშე) ზრდადია. 2014 წლის შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ჯამური საკუთარი შემოსავლები მეტია, ვიდრე წინა წლების იგივე მაჩვენებელი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლელა ქებურიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი