პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის დარგის პროგრესზე ისაუბრა. მან სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „სოფლის მეურნეობის თანადაფინანსებისა და საგრანტო პროგრამების ფარგლებში მიმდინარეობს და გრძელდება ახალი საწარმოების დაფინანსება. წელს უკვე 4 ახალი საწარმო დაემატა ნუსხას. ჯამში, 158 ახალი საწარმოა და 6 000 ახალი სამუშაო ადგილი. საერთო ჯამში, 140 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია გახლავთ განხორციელებული“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით (იხ. სტატია 1, სტატია 2სტატია 3).

ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნა სამი პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ და „აწარმოე საქართველოში“ (ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სოფლის მეურნეობის მიმართულების საწარმოების დაფინანსებაა) ფარგლებში ხორციელდება. პირველ ორ პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კურირებს, ხოლო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

ცხრილი 1:

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მლნ ლარი

2014 2015 2016 2017
შეღავათიანი აგროკრედიტი 43 34.5 41 47
აწარმოე საქართველოში 2 23 22 42

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ ახალი საწარმოების დაფინანსების გარდა, ძველი საწარმოების გაფართოება-გადაიარაღების დაფინანსებასაც გულისხმობს. 2013-2016 წლებში აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ შემდეგი ოდენობის სესხი გაიცა:

ცხრილი 2:

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული სესხების ოდენობა 2013-დან 2016 წლის აპრილის ჩათვლით

სესხის რაოდენობა გაცემა (ლარი) სესხის რაოდენობა გაცემა (დოლარი)
24 353 690 662 461 1 812 197 874 322
წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ცხრილი 3: 

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება (2016 წლის მაისის მონაცემით)

საწარმოების რაოდენობა პროექტის ჯამური მოცულობა თანადაფინანსების მოცულობა
28 18 859 278 აშშ დოლარი 6 710 445 აშშ დოლარი
წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაწყებიდან (2013) დღემდე 158 ახალი საწარმოა დაფინანსებული.

გახსნილი საწარმოების ძირითადი მიმართულებებია: ღვინის წარმოება, მეფრინველეობა, მესაქონლეობა, სასათბურე მეურნეობები, პროდუქციის შესანახი საწყობები, თხილის გადამუშავება, რძის გადამუშავება და სხვა.

ბოლო პერიოდში ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სუბლიმირებული (ჩირი) ხილის საწარმო „გემუანი“ გაიხსნა.

საწარმოში 851 024 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო წლიურად 22 ტონა სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს. "გემუანში" 30 ადამიანი დასაქმდა.

გარდაბნის რაიონში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - შპს „გეო არ პლუსი“ გაიხსნა.

საწარმოში წლიურად 80-100 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ და 12 ადამიანია დასაქმებული. საწარმო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. სასათბურე მეურნეობაში სულ 78 670 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 52 121 დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 26 549 დოლარი კი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე მეფრინველეობის საწარმო - „ახალი ქართული პროდუქტი“ შეიქმნა.

მეფრინველეობის ფერმაში 10 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8 000-დან 10 000-მდე კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული. მეფრინველეობის ფერმაში ჯამურად 100 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 70 000 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 30 000 ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

რაც შეეხება ახალ საწარმოებში განხორციელებულ ინვესტიციას და დასაქმებულთა რაოდენობას, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 158

ახალი საწარმოს შექმნას 139.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა და მათში სულ 5 673 ადამიანი დასაქმდა. მათგან 3 773 ადამიანი მუდმივად არის დასაქმებული, ხოლო 1 900 სეზონურად.

  დასკვნა  

სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში 2017 წლის მაისის ჩათვლით 158 ახალი საწარმო დაფინანსდა, რისთვისაც 139.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ახალ საწარმოებში დასაქმებულთაგან (5 673) მუდმივად 3 773 ადამიანია დასაქმებული, დანარჩენი სამუშაო ადგილები სეზონურია.

როგორც კვლევამ აჩვენა, მცირე და საშუალო საწარმოები სოფლის მეურენობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ხელშეწყობით ნამდვილად გაიხსნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, მოსახლეობაში გადაჭარბებული მოლოდინი გააჩინეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 60 ახალი ქარხანა (დიდი საწარმო) გაიხსნებოდა

და ამით მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი