ბოლო რამდენიმე თვეა, ყველაზე ხშირად „დემოკრატიას“ და „კონსტიტუციას“ ახსენებენ და ეს გასაკვირი არც არის. ბოლოსდაბოლოს, ქვეყანაში არნახული პროცესი მიმდინარეობს - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ისეთ კონსტიტუციას მიიღებს, რომლის ცვლილების საკითხიც დღის წესრიგში დიდი ხნის განმავლობაში არ დადგება.

ეს განაცხადი არის საკმაოდ საშიში გზავნილი მთელი ამ პროცესიდან, რადგან მოქმედი კონსტიტუციაც და ახალი ვარიანტიც, რა ფორმითაც უნდა შევიდეს ძალაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე პერიოდისთვის არის მიღებული და ნიშნავს, რომ აღდგენის მერე ცვლილებების საჭიროება იქნება. ამიტომაც, იმის თქმა, რომ სამუდამო კონსტიტუციას ვიღებთ, რაც უნდა ემოციურ დონეზე იყოს ნათქვამი, ოკუპაციასთან შეგუებას ნიშნავს.

თანაც, ეს ყველაფერი ხალხის სახელით, მეორე დიდი პრობლემა სწორედ ამას უკავშირდება.

დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს - ეს განსაზღვრება ძალიან ცნობილია და ამაზე არ კამათობენ, მაგრამ კამათობენ იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ეს ხალხის მმართველობა და ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას, სადაც ამოსავალი პრინციპი არის ის, რომ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა, მაგრამ კონსესუსის საფუძველზე. მით უმეტეს, როდესაც საქმე საერთო-საქვეყნო ინტერესებს ეხება. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი პარტიის გადაწყვეტილება ლეგიტიმური ვერ იქნება გადაწყვეტილების ქვეყნის სახელით მისაღებად. მთავარი პრინციპი კონსესუსი, ანუ ყველა მოთამაშეს შორის თანხმობაა.

დემოკრატიის თანამედროვე გაგება გადაწყვეტილების უმრავლესობის მიერ მიღებას ორ მთავარ პრინციპს უმატებს, ეს არის უმცირესობის, ანუ უმრავლესობის გარეთ დარჩენილი კატეგორიის (რა რაოდენობითაც უნდა  იყოს) აზრის გათვალისწინება და კონსესუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გათვალისწინებული  უნდა იყოს ყველას აზრი და ამ აზრების შეჯერების საფუძველზე მოხდეს შეთანხმება. რაც მთავარია, „ყველაში“ იგულისხმება ყველა და არა ანტურაჟისთვის  დასახელებული ვინმე, რომელიც ოფიციალურად არ არის მმართველი გუნდის წევრი. თუკი ეს თანხმობა არ არსებობს, მაშინ გადაწყვეტილება არ არის დემოკრატიული.

შესაბამისად, როდესაც კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს ხელი მმართველი პარტიის გარდა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ მოაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტზე კონსესუსი არ არსებობს და ამის გამო, ეს პროექტი დემოკრატიული გზით მიღებული არ არის. სხვა საკითხია, ცალკეული საკითხებიდან რა არის მეტ-ნაკლებად მისაღები და რა არა, ამაზე ცოტა ქვემოთ.

ზემოხსენებული კონსესუსის მიღწევა კი იმის გამო გახდა შეუძლებელი, რომ არსებული პროექტით, მმართველი გუნდი უარს ამბობს ხელისუფლების  გადანაწილებასა და ბალანსზე, რადგან სურს, ერთი პარტიის ხელში დატოვოს ყველაფერი.

თავისთავად, არც საპარლამენტო მმართველობაა ცუდი და არც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და ეს სისტემა ქმედითია. მაგრამ, აქ მთავარი  ინსტიტუტების სტრუქტურა, ფორმირების წესი და უფლებამოსილებებია. სისტემა მუშაობს იქ, სადაც ძალაუფლების წინასწარი შეკავებისა და შემდგომი გაწონასწორებისათვის ირჩევა ორპალატიანი პარლამენტი, სადაც მხოლოდ ერთი პარტია არ არის წარმოდგენილი, ერთ პარტიას არა აქვს გარანტირებული უმრავლესობა, თუნდაც, მანდატების გადანაწილების პრინციპით, და შემდეგ მხოლოდ ეს ერთი პარტია არ ნიშნავს მთავრობას და არ ირჩევს პრეზიდენტს.

საქართველოში კი, ცვლილებების პროექტით, არც ორპალატიანი პარლამენტია და ერთ პარტიას ეძლევა ყველანაირი ბერკეტი, რომ პირველ ადგილზე გავიდეს, შემდეგ კი მან დააკომპლექტოს მთავრობა ყოველგვარი კოალიციების გარეშე (რადგან, პრაქტიკულად, პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობა ექნება - „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერის“ პრინციპით ), „აირჩიოს“ პრეზიდენტი, რომელიც, ცხადია, ისევ თავისივე გუნდიდან იქნება, რადგან ეს ამრჩევი ორგანოც ისევ გამარჯვებული პარტიის მიერ დაკომპლექტდება. ანუ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი უკვე დაიკარგა და ამას ემატება ფუნქციების საკითხი, სადაც კიდევ უფრო კარგად ჩანს, როგორ ხდება მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში გადასვლა.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან იღებენ მთელ რიგ ისეთ საკითხებს, რომელიც ბალანსის და გაწონასწორებისთვის აუცილებელია და, ამასთან, არ წერენ იმას, რაც საჭიროა. კონკრეტულად, პრეზიდენტი აღარ იქნება მთავრობის ფორმირების მონაწილე.

გარდა ამისა, აქამდე არსებობდა პრინციპი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობის შემთხვევაში მთავრობის პასუხისმგებლობა დგებოდა, ასევე საჭირო იყო მთავრობის წევრთა გარკვეული რაოდენობის შეცვლის შემდეგ ნდობის თავიდან მოპოვების აუცილებლობა. ახლა კი, ეს ორივე ნორმა ამოღებულია, რაც პარლამენტის როლის შესუსტებას  ნიშნავს და აქ გარდა ხელისუფლების დაბალანსების პრობლემისა, პრობლემა ჩნდება სახელმწიფო მოწყობის სისტემაში, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ძლიერ პარლამენტს გულისხმობს. ამავდროულად, მთელი რიგი ფუნქციები ერთმევა პრეზიდენტს, დაწყებული უშიშროების საბჭოს გაუქმებით და დამთავრებული მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნის და სხდომაში მონაწილეობის უფლებით. ამ ყველაფერს ემატება ისედაც სუსტი პარტიული სისტემის უფრო დასუსტება იმით, რომ ერთი გამარჯვებული პარტიისთვის კეთდება ყველაფერი. აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, იქნება თუ არა ეს დღევანდელი მმართველი პარტია. პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი პარტია, ვინც არჩევნებში პირველ ადგილზე გავა, ამ პრივილეგიით იქნება აღჭურვილი. სხვა საკითხია, რომ ადმინისტრაციული რესურსის თუ კიდევ სხვა ფაქტორების ჩათვლით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი  შანსი ისევ მოქმედ მმართველ გუნდს უჩნდება.

მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის ინტერესს და ამისთვის საკონსტიტუციო გარანტიების შექმნის მცდელობას კი, სწორედ რომ სახიფათო მოვლენებისკენ მივყავართ.

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია