ქობულეთის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ, განაცხადა:

„გასული სამი წლის მონაკვეთში და მიმდინარე წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის, 85 მილიონამდე თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან... მიმდინარე წელს ჩვენ 21.5 მილიონი გვაქვს ღონისძიებებით განსაზღვრული. თითქმის უმეტესი ხორციელდება ახლა, დანარჩენებზე ტენდერები გვაქვს გამოცხადებული“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ 2014-2016 წლებში განხორციელებული და 2017 წელს დაწყებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრული დაფინანსების საკითხი შევისწავლეთ. არსებული ინფორმაციის თანახმად, 2014

წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 49 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ჯამში 12.2 მილიონი ლარი გამოიყო.

  ცხრილი 1:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და მათი ღირებულება

         სამუშაოები ღონისძიების რაოდენობა ღირებულება, ლარი
საგზაო ინფრასტრუქტურა 11 3 222 652
კომუნალური ინფრასტრუქტურა 3 756 196
წყლის, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემები 11 4 463 930
სკვერები, მოედნები 1 28 041
საბავშვო ბაღები 9 1 107 407
შენობა-ნაგებობები 3 114 059
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები 1 308 002
სპორტული მოედნები 1 43 740
კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები 1 1 830 475
ამბულატორიისთვის მოედნის მოწყობა 1 4 873
გარე განათებების მოწყობა-რეაბილიტაცია 1 51 315
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 1 149 827
მწვანე ზოლის კეთილმოწყობა 2 68 195
ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი 1 17 500
ნაგავშემკრები კონტეინერები 2 34 712
ჯამი 49 12 200 924

რაც შეეხება 2015 წელს, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 14 470 641 ლარის ღირებულების 86 ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა.

ცხრილი 2:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და მათი ღირებულება

                      ღონისძიებები ღონისძიებების რაოდენობა       ღირებულება, ლარი
საგზაო ინფრასტრუქტურა          22         3 379 409
კომუნალური ინფრასტრუქტურა            8            837 861
წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემები          21         6 506 702
სკვერები, პარკები, მოედნები            1            183 657
შენობა-ნაგებობები          10            130 844
სანაგვე ურნების შეძენა-მონტაჟი            1              26 600
სანაპირო ზოლისთვის სკამების შეძენა            1              90 000
ნაგავშემკრები კონტეინერის შეძენა            1              30 200
ჩაქვის იუსტიციის სახლის ეზოს კეთილმოწყობა            1              87 850
საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოწყობა          13          2 410 092
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები            1               15 699
სპორტული მოედნების მოწყობა, რეაბილიტაცია            4             192 145
კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები            1             444 521
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია            1             135 061
სულ          86         14 470 641

უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლისთვისაც 2014 წელს 308 002 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მომდევნო წლის ბიუჯეტში - 15 699 ლარი, 2015 წელს შეწყდა. შეწყვეტის მიზეზებზე ფაქტ-მეტრი გასული წლის სექტემბერში წერდა.

წინა შესადარებელ წლებთან მიმართებით, ქობულეთის 2016 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ოდნავ მეტი თანხა განისაზღვრა, ჯამში 17 538 700 ლარი 69 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

  ცხრილი 3:

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და მათი ღირებულება

                    ღონისძიებები   რაოდენობა    ღირებულება, ლარი
საგზაო ინფრასტრუქტურა           15        3 692 746
კომუნალური ინფრასტრუქტურა             3        1 376 305
წყლის, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემები           20        8 528 488
საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოწყობა           11        2 126 802
სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია             8           787 714
სკვერები, პარკები, მოედნები             4           806 191
მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობები             3               8 159
სანაგვე ურნების შეძენა             1             48 670
სანაპიროზე სკამების მოწყობა             1               4 340
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია             1           124 284
მდინარე კინტრიშის გასწორხაზოვნება             1             10 000
მუხლუხებიანი ტრაქტორის შეძენა             1             25 000
სულ           69       17 538 699

თუ მოცემული ცხრილების მიხედვით ვიმსჯელებთ, 2014-2016 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე სულ 44 210 264 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, მალხაზ რომანაძის განცხადებით, 21 500 000 ლარის ღონისძიებების განხორციელება იგეგმება, საიდანაც უმეტესი ნაწილი მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენზე ტენდერებია გამოცხადებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს სულ დაგეგმილია 70 ინფრასტრუქტურული ღონისძიება. აქედან 11 უკვე დასრულებულია, 26 მიმდინარეობს, ხოლო 23 ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაზე გამოცხადებულია ტენდერი. 2017 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაგეგმილია ჯამში 21 565 869 ლარის გახარჯვა. აქედან 3 052 841 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქობულეთში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი და მათზე გახარჯული თანხის არაეფექტურობა არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. მაგალითად, ქობულეთის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უხარისხოდ განხორციელებული სამუშაოები, რაც ჩვენი კვლევის საგანიც გახდა. გარდა ამისა, ოპოზიციამ რამდენჯერმე ბრალი დასდო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ღონისძიების, მათ შორის,  ფიჭვნარის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის  სამშენებლო სამუშაოებისას ხარვეზების არსებობა დაადასტურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტში მილიონობით ლარი სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად იხარჯება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას საჭირო ხარისხისა და რაოდენობის წყალი მაინც არ მიეწოდება და ეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისთვისაც ცნობილია.

თუმცა, ხელისუფლება არასათანადოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე კომენტარისას ყოველთვის ხარვეზების სწრაფ გამოსწორებაზე საუბრობს.

  დასკვნა

როგორც გაირკვა, გასულ სამ წელიწადში ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 44 210 264 ლარი დაიხარჯა. 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი 21 565 869 ლარია განსაზღვრული, საიდანაც 3 052 841 უკვე გახარჯულია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რომ თუ გასულ სამ წელიწადში დახარჯულ თანხას მიმდინარე წლის გეგმას დავუმატებთ, 65 776 133 ლარს მივიღებთ და არა 85 000 000 ლარს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მალხაზ რომანაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი